პოლიტიკა

,,მართვად ოპოზიციას მომავალ არჩევნებამდე გარანტირებული აქვს სიმშვიდე”-მმართველი პარტიის ხრიკი

,, ნებისმიერი გახელისუფლებული ცდილობს, შეინარჩუნოს ის, რაც მოიპოვა არჩევნებით, ანუ კიდევ ერთხელ მოვიდეს ხელისუფლებაში. ამ ოცნების შესანარჩუნებლად კი გახელისუფლებული მუდმივად ცდილობს ელექტორატის შეგროვებას. ამ მიზნითაც იგი ცდილობს, შეასრულოს წინასაარჩევნო დანაპირები, ახორციელებს წარმატებულ პროექტებს, ამხელს იმას, ვინც ხელს უშლის დანაპირების შესრულებაში, ჰპირდება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ა.შ.

გახელისუფლებული არავითარ შემთხვევაში არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც მის ელექტორატს მის წინააღმდეგ განაწყობს. ასევე, იგი მის სავარაუდო პოლიტიკურ კონკურენტს არასოდეს მისცემს ისეთ თემას, რისი გაპიარებით შესაძლოა, მორჩეს მისი ხელისუფლებიანობა.

ამ უკანასკნელ, დაუწერელ კანონს სრულიად ეწინააღმდეგება ამასწინანდელი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება პუშკინის სკვერში მდებარე რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ერთ ლარად გაყიდვაზე.

შედეგი – ოპოზიციური პოლიტიკური ძალების (ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო) შოუ საკრებულოს შენობაში, მოგონილი ცემა-ტყეპები, ადმინისტრაციული დაპატიმრებები… მოკლედ, ალიაქოთი, რომელიც, ყველა ლოგიკით, არაფრით არ  უნდა აძლევდეს ხელს მმართველ პოლიტიკურ ძალად არჩევნებამდე 18 დღით ადრე.

ლოგიკური კითხვაა: მმართველები ნუთუ ისეთი უნიათოები არიან, რომ ამ გადაწყვეტილების საბოლოო შედეგები ვერ გათვალეს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სპექტაკლი წინასწარ გათვლილი და გააზრებულია ორივე (ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო. ამ ორივე ძალას, ამომრჩეველი, მიუხედავად სახელებ ცვლილებისა, მაინც ნაცებად მიიჩნევს) – ნაცებისა და ქოცების ოფისებში, შემდეგ გარემოებათა გამო:

  1. ოპონენტი (თუნდაც ყველაზე აგრესიული) სასურველი ოპონენტი ხდება თუ მისი მართვაა შესაძლებელი. მართვა კი მაკომპრომეტირებელი მასალებითაა შესაძლებელი.

მმართველ ძალას, სწორედ რომ უამრავი მაკომპრომეტირებელი გააჩნია ძველი და ახალი ნაცმაცუნებისა (არავის არ სჯერა, რომ კასრების კადრები განადგურდა ასლების გარეშე). საჭიროების შემთხევვაში, მავანი უკრაინული, რუსული თუ ბურგუნდიული საიტის მეშვეობით ატვირთავს რაიმე საინტერსესოს და მორჩა ოპოზიციაც.

სწორედ ასეთი ოპოზიცია აწყობს გახელისუფლებულ პოლიტიკურ ძალას და სწორედ მან, მათთან წინასწარი შეთანხმებით განახორციელა „ხალხის საკუთრების ერთ ლარად ოლიგარქისათვის გადაცემა“არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. წინასწარმართვადმა ოპოზიციამ კი ატეხა ის, რაც ატეხა.

ასეთი ქმედებით, სკანდალებით, აქციებით, შევარდნის მცდელობებით, მოგონილი ცემა-ტყეპებით მართვად ოპოზიციას მიაქვს სხვა დანარჩენი პოლიტიკური ძალების ხმები. ამ ყოველივეს შედეგი კი არჩევნებში გარანტირებული მეორე ადგილია. ამ ადგილით მართვად ოპოზიციას, მომავალ არჩევნებამდე გარანტირებული აქვს სიმშვიდე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი უბედურებებისათვის, კომფორტულადაც მოკალათებულია ხელისუფლებაში და იოპოზიციებს მაშინ, როდესაც ამის უფლებას მისცემენ. თუ ზღვარს გადააბიჯებს, ელოდება მისი რეჟისორობით შექმნილი კასრების კადრები.

ეს ყოველივე ქართული საარჩევნო სინამდვილის რეალობაა. სამწუხაროდ, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ამას ვერ ხვდება და ნებსით თუ უნებლიედ წინასწარ დაგეგმილი შოუს მონაწილე ხდება.

რა უნდა ვქნათ ამომრჩევლებმა? – არჩევნებში მაინც უნდა მივიღოთ მონაწილეობა (მიუღებლობით უარეს დღეში აღმოვჩნდებით) და მომავალ არჩევნებამდე პოზიცია- ოპოზიციის ფარული გარიგებები უნდა ვამხილოთ და წერტილი დავუსვათ ერთის უნიათო მმართველობას და მეორის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა გადავჭრათ” _ აცხადებს ადვოკატი  ზურაბ თოდუა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close