სამართალი და კრიმინალი

,,ან პატიმრობა, ან თავისუფლება, სხვა არჩევანს არ გაძლევთ!”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაემორჩილება ან მხოლოდ პატიმრობას, ან თავისუფლებას.

“არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ – ვერ და დაბალს – არა! არანირი შინა პატიმრობა, პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით, არ დავემორჩილები, დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი. ან პატიმრობა, ან თავისუფლება სხვა არჩევანს არ გაძლევთ!“, – განაცხადა გვარამიამ.

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მისთვის წარდგენილ ბრალს თეთრი ძაფით ნაკერს უწოდებს:

„ვინც მიჩივის, იმის ქმარი, დებდა სწორედ ისეთ კონტრაქტებს, როგორიც დავდეთ ჩვენ 2015 წელს. სხვაგვარი კონტრაქტების დადება დაიწყო მხოლოდ ჩემ მიერ და ეს იყო ჩემი „ნოუ ჰაუ“, ამას ვამბობ ხაზგასმით… კონტრაქტი, რომელიც დაიდო 2015 წელს იყო საგამონაკლისო, მხოლოდ ერთხელ დაიდო ასეთი კონტრაქტი, იმიტომ, რომ ფინანსურმა სამსახურებმა, ფინანსურმა დირექტორმა გადაწყვეტეს, რომ ამგვარად რისკების დაზღვევა იქნებოდა სწორი. მოკლედ ავხსნი – ორი ვარიანტია, ერთია, როდესაც ჩემს მიერ გამოგონილ კონტრაქტს ვდებ, რომელიც მიყვება მოგებას, მაგრამ იქ რისკავ ან ბიუჯეტზე ნაკლებს შემოიტანენ ერთ წელში, ან ბიუჯეტში მეტს, მერე ვარიანტია, როცა მოჭრილ თანხაზე დებ, მაგრამ შეიძლება უბრალოდ იმ ფირმას, უბრალოდ მეტი შემოსავალი ჰქონდეს და დარჩეს. მოჭრილ თანხაზე დადებას აზრი აქვს იმიტომ, რომ გარანტირებულად ბიუჯეტში რა თანხაც გაქვს გათვალისწინებული, იმას მიიღებ და ხელფასებსაც გასცემ. 2015 წელი, როგორც მე გითხარით, ფინანსური სამსახურების და ფინანსური დირექტორის მიერ ჩაითვალა რისკების წლად და რისკების გადაზღვევის მიზნით, საჭიროება დადგა ასეთი კონტრაქტის გაფორმების. ჩემს პასუხისმგებლობას რაც შეეხება, მე საერთოდ არ მესმის, ეკონომიკური პროგნოზირება როგორ შეიძლება იყოს ჩემი პასუხისმგებლობა და ასევე არ მესმის, როგორ ვერ იგებს გინდა პროკურატურა, გინდა “რუსთავი 2″-ის ახალი სამარცხვინო დირექტორი, რომ ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი მხოლოდ თვითონ არ იღებს პასუხისმგებლობას”.

გვარამია გენპროკურატურის შენობასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მან ბრალის დადგენილება ჩაიბარა.

ცნობისთვის: გენპროკურატურამ გვარამიას “რუსთავი 2″–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related Articles

Back to top button
Close