სამართალი და კრიმინალი

ოჯახური ძალადობის მაჩვენებელმა პანდემიის დროს მკვეთრად იმატა_ რას ყვებიან ადვოკატები

Covid-19-მა სრულად შეცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი, ცხოვრების რიტმი, ღირებულებები. ამ ფონზე ძველი საფრთხეები და გამოწვევები თითქოს მიივიწყა სახელმწიფომ, საზოგადოებამ, ბევრისთვის ალბათ ღმერთმაც. რთულია წარმოვიდგინოთ თუ როგორ გრძნობდნენ თავს მოძალადეებთან ტეტ-ა-ტეტ დარჩენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლები.
ორგანიზაცია “საფარის” ადვოკატი, ელისო რუხაძე ადასტურებს, რომ პანდემიამ მხოლოდ გაამძაფრა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ისედაც რთული მდგომერობა:


„დავიწყოთ იქედან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2020 წლის პირველი თვე-ნახევრის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის 483 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემები თებერვლის
ჩათვლითაა გამოქვეყნებული, ოფიციალური მონაცემები კორონავირუსის პანდემის დაწყების შემდეგ, სტატისტიკაზე ცნობილი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიდგომა გულისხმობდა პანდემიის საფრთხის პრიორიტეტულობას,
ოჯახური ძალადობის მსხვერპლები მოძალადეებთან ერთად იყვნენ გამოკეტილები ერთ სივრცეში. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, აისახა ოჯახური ძალადობის სტატისტიკაზე. მარტო ჩვენთან შემოსული საქმეების რაოდენობას თუ დავთვლით, დაახლოებით 300 საქმე შემოვიდა მხოლოდ თვე-ნახევრის განმავლობაში.“
ელისო რუხაძე თვლის, რომ შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციასა და ოფიციალურ მონაცემებში რეალური სურათი ვერ დააფიქსირდეს, ვინაიდან ქალები, რომლებიც გახნდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლები, ხშირ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე პანდემია უფრო მნიშნველოვანია და „არ ცალია პოლიციას
მათთვის“. შეიძლება ითქვას, ეშინიათ კიდევაც პოლიციაში მიმართვის. ელისო რუხაძეს განმარტებით, ამ მოცემულობას ისიც ადასტურებს, რომ შსს მტკიცებით, კარანტინის ვადებში მიმართვიანობა და მონაცემები არ გაზრდილა, რეალურად კი „საფარს„ ძალადობის არაერთ შემთხვევაზე და საერთო ჯამში შემთხვევების მნიშვნელოვნად ზრდაზე აქვს ინფორმაცია.
„ქალების უმეტესობა, რომელიც მოგვმართავს დახმარებისათვის, ძირითადად ფიქრობს, რომ პანდემიის პირობებში პოლიციის ჩართულობა არის უკიდურესი ზომა, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც მათზე განხორიელებული ფიზიკური ძალადობა უკიდურესი ფორმას მიიღებს და გადარჩენის პერსპექტივა აღარ
იარსებებს. პანდემიის პირობებში თუ საფარს დღეში მინიმუმ 15-20 საქმე ჰქონდა,  პოლიციაში აქედან მხოლოდ 5 ქალი მიდის, რაც ძალიან მცირე რიცხვია იმ რეალური ძალადობისა რაც ხდება დღეს სახელმწიფოში“ – აცხადებს ელისო რუხაძე.
ადვოკატი აფიქსირებს, რომ არაერთი მსხვერპლი გადააამისამართეს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში, და მათი ფსიქიატრებიც აღნიშნავენ, რომ პანდემიის დროს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები განსაკუთრებით არიან დამფრთხალნი. მოძალადეები ინფრომაციას კორონავირუსის
შესახებ ისე აწვდიან, რომ ქალები კიდევ უფრო შეშინებულები არიან და იშვიათად მიმართავენ პოლიციას. როგორც ელისო რუხაძე განმარტავს, ბოლო პერიოდში მოძალადეთა წრეც გაფართოვდა:
„განსაკუთრებით მომატებულია ქეისები რეგიონებიდან. საქმე ეხება ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მოხშირებას. ასევე ძალიან შეცვლილია მოძალადის სტატუსი, ანუ თუ ადრე მხოლოდ მეუღლეები იყვნენ მოძალადეები, დღეს უკვე განსაკუთრებით იკვეთება ძმების და დედების მხრიდან ქალზე, დაზე, ანუ მდედრობითი სქესის წარმომადგენელზე ძალადობის არაერთი შემთხვევა. ძალიან
მძიმე საქმეები შემოვიდა დუშეთიდან და გორიდან. საუბარი იყო ძმის მხრიდან ფსიქოლოგიურ-ეკონომიკურ და ფიზიკურ ძალადობაზე, რა დროსაც დები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი და გაურკვეველი მიმართულებით წასულიყვნენ ძალადობისგან დროებით თავის ასარიდებლად. სამწუხაროდ, მოხდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ძმამ გამოიძახა პოლიცია დის მოსაშორებლად და პოლიციამ არასწორად შეაფასა ძალადობრივი ქმედებები და
რისკები. არ გაარკვია, ვინ იყო რეალური მოძალადე და მსხვერპლი, და შესაბამისად არასწორად გამოწერა შემაკავებელი ორდერი. საბოლოო ჯამში, პირიქით, მსხვერპლს მიანიჭა მოძალადის სტატუსი.

ამ რთულ სიტუაციაში (პანდემიის დროს) დუშეთში მცხოვრებმა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა სახელმწიფოსგან, შედეგად ძმისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი მიიღო, სადაც ნაცვლად რეალური მოძალადისა თავად დაფიქსირდა მოძალადედ. უგზოობის და უსახსრობის გამო ქალმა გადაწყვეტილება ვერ გაასაჩივრა. მას მიღებული ჰქონდა მძიმე თავის ტვინის დაზიანება, ამასთან ერთად ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე წოლით რეჟიმი ქონდა დანიშნული. დღეს გვიწევს ვადის
აღდგენა და შესაბამის სამართლებრივ პროცესებში ჩართვა, რათა ამ ქალს არ ჰქონდეს მოძალადის სტატუსი და შესაბამისად, მასზე მიბმული სხვა სამართლებრივი შედეგები. ამ ეტაპისთვის დაწყებულია გამოძიება ამ უკანონო შემაკავებელი ორდერის გამოწერასთან დაკავშირებით.“

ოჯახური ძალადობის შემთხვევების მატებაზე საუბრობს კერძო პრაქტიკის ადვოკატი დავით ჭიკაიძეც:


„კოვიდ 19-ის ვირუსმა მსოფლიო დააყენა პანდემიის წინაშე. შესაბამისად, აღნიშნულმა, ბუნებრივად იქონია გავლენა ჩვენს რეალობაზეც. ეს ყველაფერი სამწუხაროდ ცუდად აისახა
ოჯახებზე, ბუნებრივია, როგორც მატერიალური, ისე ემოციური პრობლმებიც შექმნა, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული
ოჯახური ძალადობის სტატისტიკის გაზრდასთან. აღნიშნულმა მოვლენებმა ცალსახად ხელი შეუწყო მოვლენების იმგვარ განვითარებას, რომ ოჯახურმა ძალადობამ ძალიან იმატა.“
თუმცა ადვოკატი აქვე განმარტავს, რომ ოჯახური კონფლიქტების რაოდენობრივი მატება არ უნდა იქნეს ოჯახური ძალადობის სტატისტიკასთან ბმაში განხილული. ადვოკატი თვლის, რომ კარანტინით გამოწვეული შეზღუდვების თუ შეზღუდვების თამდევი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, უფრო სენსიტიური და ემოციურად მოწყვლადი
გახდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა ოჯახის წევრთა ურთიერთდამოკიდებულებაზე. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ვინაიდან
კანონის მოქმედი დეფინიცია იძლევა მისი ფართოდ გამარტების შესაძლებლობას, ეს შესაძლოა, გახდეს ფსევდო მოძალდეების გამოვლენის წინაპირობაც.
„ზოგადად, 126-ე პრიმა მუხლი, მანამდეც და ახლაც გარკვეული ხარვეზის მატარებელია და ადვოკატთა დიდ ნაწილს მიგვაჩნია, რომ რეალურად უნდა მოხდეს გამიჯვნა მოძალადე პირებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც კონკრეტულად ერთი სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება უბრალოდ ემოციურ ფონზე გამოთქმული პოზიციის გამო მოძალადედ იქნენ მიჩნეული. მუხლის დისპოზიცია იძლევა შესაძლებლობას, რომ მოცემულ შემთხვევაში პირი, რომლის
მაღალ ტონალობაში წარმოთქმულ თუნდაც ერთ კონკრეტულ სიტყვას მოყვა მეორე პირის სულიერი ტკივილი, ჩაითვალოს მოძალადედ. მე მიმაჩნია, რომ მუხლის ჩანაწერი მკაფიოდ უნდა მიჯნავდეს ერთმანეთისგან რეალურ მოძალადეს და თუნდაც ძალიან მცირე დოზით ემოციურ ფონზე გამოხატული უკმაყოფილების სამართლებრივ შედეგებს. მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა, პიროვნების ერთმა
სიტყვამ მეორე პირს სულიერი ტკივილი განაცდევინოს, რაც გულისმობს რომ, ავტომატურად შეიძლება აღნიშნული ქმედება ჩაითვალოს ძალადობად, ანალოგიურად იმისა, როდესაც პირი ფიზიკურად უსწორდება და ზიანს აყენებს ადამიანს. ორივე აღნიშნული მოქმედება კანონის მიზნებისთვის არის ძალადობა.“
ადვოკატი აქვე აზუსტებს რომ, მიუხედავად ოჯახური ძალადობის შემთხვევების მატებისა, რიგი მიზეზების გამო, ეს ვერ პოვებს ასახვას შესაბამისი უწყებების სტატიკურ მონაცემებში, ვინაიდან მსხვეპლი ხშირად ფინანსურად დამოკიდებულია მოძალადეზე. ასევე ხდება საზოგადოების ფაქტორის გათვალისწინებაც. სამწუხაროდ, საზოგადოებაში გავრცელებულია შეხედულება, რომ მსხვერპლი თავად არის
მოძალადის მაპროვოცირებელი. სწორედ იმიტომ იკავებს ძალადობის მსხვერპლი თავს, რომ საზოგადოების მხრიდან არ მოხდეს მათი დაგმობა. გარკვეულმა წრეებმა არ გარიყონ ისინი იმის გამო, რომ მათ ხმა აღიმაღლეს და ეს პრობლემა გამოიტანეს საჯაროდ. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა აქტუალურია, და ერთერთი მიზეზია თუ რატომაც
ინფორმაცია არ მიდის ეფექტურად საგამოძიებო უწყებებამდე.
ადვოკატი აქვე ხაზზს უსვამს, რომ კანონის ხარვეზით და მოძალადის განმარტების ზოგადი ხასიათის გაუმიჯნავობა, შესაძლებლობას აძლევს არაკეთილსინდისიერ ფსევდო-მსხვერპლებს, ამ მუხლის მეშვეობით მოიშორონ არასასურველი პერსონები, მეუღლეები თუ პირები, რომელთანაც ახდენდნენ თანაცხოვრებას.
„არაკეთილსინდისიერი მიზნებით ანგაჟირებულ პიროვნებებს შეუძლიათ, განსაკუთრებული მტკიცებულებების არსებობის გარეშე, განაცხადონ, რომ განიცადეს სულიერი ტანჯვა. შედეგად კი, მხარის მხრიდან ნაბიჯების სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, პირის მიმართ შეიძლება დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნული მუხლის
ჩანაწერი აშკარად დასახვეწია. არსებული რეალობა საფუძველს ქმნის, რომ გადაიხედოს ნორმის დეფინიცია, და მოხდეს აღნიშნული ნორმის კორექტირება, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი არაკეთილსინდისიერი ადამიანებისგან მიზნობრივი პროვოცირებით კეთილსინდისიერი მოქალაქეების შანტაჟირების, რეპუტაციის შელახვის თუ „დასჯის“ შესაძლებლობა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში
შეგვიძლია ეს ნორმა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად ჩავთვალოთ. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის სტანდარტს იმისათვის, რომ პირის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი – იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ
პირს დაარწმუნებს და ასე შემდეგ.

მაგალითისთვის: თუ სახეზე გვაქვს დაზარალებულის ჩვენება და ექპერტიზის დასკვნა (ფსიქოლოგის დასკვნა), სადაც
ფსიქოლოგი ადასტურებს ფსევდომსხვერპლის მიერ განცდილ ტანჯვას, ეს უკვე საკმარის სტანდარტს ქმნის იმისათვის, რომ პირის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. ბუნებრივია, ეს სტანდარტი და არსებული პრაქტიკა საკმაოდ ცუდი გავლენის მომხდენია არაკეთილსინდისიერ და შეგნებულად მაპროვოცირებელ ქალბატონებზე, რომლებიც ცდილობენ, რიგი დასაბუთებული თუ
დაუსაბუთებელი საფუძვლებით შემქნან ისეთი ვითარება, რომ არასასიამოვნო ადამიანი ასეთი ფორმით მოიცილონ თავიდან“ – აცხადებს დავით ჭიკაიძე.
ადვოკატის აზრით, სწორედ რომ ამ ერთეული შემთხვევების გამო, საზოგადოებაში მყარდება სკეპსისი მსგავსი ტიპის საქმეების მონაწილეების პოზიციების მიმართ და რეალურად, მსხვერპლი ქალბატონები დგებიან დილემის წინაშე, განაცხადონ თუ არა
მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, შესწევთ კი ძალა ახალ, თუნდაც განმათავისუფლებელ ომში ჩაერთონ.
ამ ეტაპზე კი რთულია ერთმნიშვნელოვნად ითქვას, ვინ უფრო მეტ ზიანს აყენებს მსხვერპლს, მოძალადე, საზოგადოება თუ ინდეფერენტული სახელმწიფო პოლიტიკა.
ანა ჯალაღონია

 თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხართ ან იცით მსგავსი ფაქტების შესახებ დარეკეთ
გადაუდებელი დახმარების ნომერზე 112, ან ოჯახში ძალადობის ცხელ ხაზზე 116 006;

Related Articles

Back to top button
Close