საინტერესო

ვის უძღვნა აკაკი წერეთელმა ლეგენდარული ლექსი ,,სულიკო”

სიყვარულის ისტორია

 ერთ-ერთ კომპლექსურ ექსპედიციას ვხელმძღვანელობდი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა თონეთში. რომელსაც ძველად დვალთას ეძახდნენ. იქ შემეკითხა ერთ-ერთი ადგილობრივი – თქვენ იცით ხომ, ვის სოფელში ხართო? ვიცოდი, რა გვარები ცხოვრობდნენ და დიახ-მეთქი, მივუგე, სხვა ამბებიც ვუთხარი, ვიფიქრე, ამას გულისხმობდა. მაგრამ არაო. აკაკის „სულიკო“ ხომ იცით, აი, ის სულიკო ამ სოფლიდან იყოო. ეს სიმღერა მსოფლიოსაა მოდებული და არაერთი ვერსია არსებობს. არავითარ შემთხვევაში არ ველოდი სულიკოს თეთრიწყაროსთან დაკავშირებას. როგორც მიამბეს, თურმე, ამ დვალთადან, ჩამოდიოდნენ კაცები ურმებით და ქალაქ თბილისს ნახშირით ამარაგებდნენ. ამით სულს ითქვამდა ის სოფელი, სხვა სოფლების მსგავსად. მათ შორის იყო, ერთ-ერთი მეურმე სამადალაშვილი, რომელსაც ხვდებოდა აკაკი წერეთელი. მაგ დროს აკაკის სახლი არ ჰქონდა და სულ ვიღაცასთან აფარებდა თავს, მაგრამ ეს სახლიც დიდი იყო და მათი პატრონების შესაძლებლობაც, ვიღაცებთან კი არა, ძალიან ცნობილ ქართველებთან რჩებოდა ხოლმე და ეტყობა, იქ მიჰქონდა ნახშირი. გარდა ამისა, აქაურ ნამდვილ პროდუქტსაც დააბარებდა ხოლმეო, ყვებიან მთხრობელები.
ზალიკო სამადალაშვილს, ჰყოლია ძმა – სულიკო. ზალიკოც კარგი კაცი იყო და სულიკო არაჩვეულებრივი ახალგაზრდაო. შეყვარებული ჰყავდა, დაინიშნა და მალე ქორწილი უნდა ჰქონოდა. სულიკო ტანსაცმლის საყიდლად წავიდა თბილისში, მაგრამ დღეები გავიდა და აღარ გამოჩნდა, დაიკარგაო. დაიწყეს ძებნა, მთელი სოფელი გამოვიდა, მაგრამ ვერ იპოვეს. დანიშნული გოგოც ტირილით ეძებდა ტყე-ღრეშიო. ამასობაში დაზამთრდა, გამოზაფხულდა კიდეც და გამოზაფხულზე იპოვეს ტყეში ძვლები. ქამარ-ხანჯლით და მაღალი ფეხებით იცნო ძმამო. რა თქმა უნდა, გააპატიოსნეს და დამარხეს. რაღაც პერიოდის შემდეგ, მისი ძმა – ზალიკო ჩამოდის ქალაქში და ისევ ხვდება აკაკის, რომელიც ეკითხება, სად დაიკარგეო და გაუბედურებული ძმაც უყვება, რაც გადახდა მის ოჯახს. 90 წლის კაცების მონათხრობი ახსოვთ სოფელში, როგორ ავიდა აკაკი ეტლით სამძიმრის სათქმელად და როგორ მივიდა მის საფლავზე, სადაც დაუხვდა მტირალი, დანიშნული გოგო. მანამდე ლექსი დაუწერია ზალიკოსთვის „ჩემი ძმის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო…” მაგრამ იქ რომ მივიდა და ეს მტირალი გოგო ნახა, გაუბედურებული და უთხრეს, ცრემლი არ შეშრობია, ისე გლოვობსო, მაშინ გადაუკეთებია „საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო…”.
ხალხური თქმულების ერთი თვისება ავიწყდებათ ადამიანებს – მას მტკიცებითი ფორმა არ აქვს. ეს არის ძალიან ლამაზი ლეგენდა.
ამ სოფლის დიდი ტკივილი, რომელსაც ვერ ივიწყებენ და მას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება…
/ეთერ თათარაიძე/
(დ.15 მარტი, 1956 (66 წლის)
მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, ფოლკლორისტი.)
(ამონარიდი ინტერვიუდან.)
(19/04/2020)

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close