საზოგადოება

,,ბანკები ქართველ მეანაბრეებს მეოთხედ აყაჩაღებენ”

,მანზორ საკანდელიძე, რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე
ყოფილი პარლამენტარი, ტექნ.მეცნ.დოქტორი:

_ საქართველოში მეანაბრეების დაყაჩაღებები დაიწყო 1992 შავბნელი წლიდან, როცა დაამხეს გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება და ანტიეროვნულმა ძალებმა, ძალაუფლება ლანგრით მიართვეს მოსკოვიდან ჩამოყვანილ, უმუშევრად დარჩენილ შევარდნაძეს. სწორედ ამ დროს მოიხარშა (და განხორციელდა კიდეც!) შევარდნაძის თავში ასეულ ათასობით ქართველთა მილიარდობით დოლარის ანაბრების ყაჩაღური მიტაცებით საკუთარი ვაჟიშვილის გამულტმილიარდელობა და მის ახლობელ ბანკირთა გამილიონერობა!
ბანკების მეშვეობით მეანაბრეთა პირველი დაყაჩაღება მოხდა მაშინ, როცა პირდაპირ დააყაჩაღეს ანაბრების შემნახველი ბანკები, მიიტაცეს იქ არსებული მილიარდობით დოლარის ანაბრების საბჭოთა ფულის ნიშნები, საჰაერო სპეცრეისებით ჩაზიდეს მოსკოვში, მოახდინეს იქ კონვერტაცია დოლარებში და ეს მილიარდობით დოლარი საიდუმლოდ გადარიცხეს საზღვარგარეთის სხვადასხვა ბანკებში. იმ ქართველს, რომელიც ხელმძღვანელობდა მეანაბრეთა ამ პირველ და ყველაზე დიდ დაყაჩაღებას, გადაუხადეს 2 მილიონი დოლარი. დღეს შევარდნაძის ეს ყოფილი ფავორიტი დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს და ვერ ბრუნდება საქართველოში, სადაც მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მეანაბრეთა 5 მილიარდიანი მეორე დაყაჩაღება ბანკების მეშვეობით. შევარდნაძემ განაცხადა, რომ შემოიტანეთ ანაბრები და ერთ წელიწადში გაორმაგებულად დაგიბრუნებთო. შევარდნაძეს ამ წარმოუდგენელი თაღლითობისაკენ უბიძგა პირველი დაყაჩაღების დროს გამოჩენილმა მისმა ღორობამ, როცა სალაფავი ვეღარ მოზომა, საქართველოდან მოსკოვში ყაჩაღური კონვერტაციისათვის თითქმის მთლიანად გაზიდა საბჭოთა ფულის ნიშნები და ფულის ნიშნების გარეშე დარჩენილი ქვეყნის ეკონომიკა ფაქტიურად ჩამოიშალა!
მეანაბრეთა მესამე დაყაჩაღება ბანკების მეშვეობით მოხდა მაშინ, როცა გაღორებულმა ბანკირებმა აღარ იკმარეს მეანაბრეთა ორჯერ დაყაჩაღება, შექმნეს თაღლითური საფინანსო ორგანიზაციები, სადაც მოტყუებით, ძალადობით, ფარულად აწევრიანებდნენ მეანაბრეებს მეპაიეებად და პირდებოდნენ გარანტირებულად მისცემდნენ დივიდენდებს, ამის საფასურად კი ამ თაღლით ბანკირებს მეანაბრეების კუთვნილი ანაბრების წიგნაკებზე საბჭოთა მანეთებში რიცხული თანხები გადაჰქონდათ თაღლითური კომპანიის მეპაიეებად გაფორმებული მეანაბრეების ანგარიშებზე კუპონებში, რომელიც ყოველდღიურად განიცდიდა ჰიპერინფლაციას და ხდებოდა მაკულატურა!
ამჟამად დაწყებულია ქართველ მეანაბრეთა მეოთხე დაყაჩაღება, რომელიც პოლიტიკურად შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს საქართველოს. მხედველობაში გვაქვს რუსეთის მთავრობის დადგენილება; რომ 2017-2019 წლებში 15-ჯერ გაზრდილი კურსით გაუნაღდოს საბჭოთა ანაბრები ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს ძველი საბჭოთა პასპორტი ან მიიღებს რუსეთის მოქალაქეობას. ამის მსურველი კი ძალიან ბევრი აღმოჩნდება, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში , ისე არაოკუპირებულ საქართველოშიც, რადგან შევარდნაძის მიერ 3-ჯერ დაყაჩაღებული ქართველი მეანაბრეების ზარალის ასანაზღაურებლად არც ნაციონალებისა და მათთან კოჰაბილიტირებული არც ოცნებისტების ხელისულებას აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია.
ვაი ქართველი ბანკირები კი კვლავ არ ისვენებენ. ამჟამად უნდათ რუსეთის ამ პოლიტიკური ხაფანგის გამოყენებით, ახალი თაღლითური სქემა შეიმუშაონ და მეოთხედ დააყაჩაღონ ქართველი მეანაბრეები, ან მათი მემკვიდრეები. როგორც ჩანს, დაიწყო ნადირობა ძველ საბჭოთა პასპორტებზე და ანაბრების წიგნაკებზე. ამ 2 დოკუმენტის ერთად წარდგენით რუსეთი გაანაღდებს ძველსაბჭოურ ანაბრებს, ხოლო პასპორტის არქონის შემთხვევაში იქნება საჭირო რუსეთის მოქალაქეობის მიღება.
ეს ეჭვები გაგვიჩნდა მას შემდეგ, რაც ოფისში მოგვაკითხა ორმა დაზარალებულმა ქალბატონმა, რომლებსაც ერთ-ერთ ბანკში უთხრეს, რომ თუ მოუტანდნენ საბჭოთა პასპორტებსა და მეანაბრეთა წიგნაკებს, მისცემდნენ მეპაიეთა სოლიდურ დივიდენდებს. როგორც ჩანს, ამ თაღლითებს თაღლითობის სქემა მათ კოლეგა რუს თაღლითებთან უკვე აწყობილი აქვთ სხვისი საბჭოთა ანაბრების მისატაცებლად. ისიც ნიშანდობლივია, რომ ჩვენთან მოსული ქალბატონები რუსეთის მთავრობის დადგენილებას საერთოდ არ იცნობდნენ და ამის შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყვეს. ამ თემაზე მთავრობა და პრესა-ტელევიზიაც ძალიან საეჭვოდ დუმს. ალბათ, ეშინიათ, რომ გასაჯაროების შემთხვევაში, ბევრი ქართველი მიიღებს რუსეთის მოქალაქეობას.
არადა, ეს პრობლემა ხელისუფლების სირაქლემის პოზაში ყოფნით ვერმოგვარდება და მალე, საქართველოში, რიცხობრივად რუსეთის მოქალაქეებმა შეიძლება გადააჭარბონ საქართველოს მოქალაქეებს, მითუმეტეს, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღებით ანაბრების განაღდებასთან ერთად მსურველი მიიღებს გაცილებით უფრო მაღალ რუსულ პენსიას. ამ რეალური რუსული პოლიტიკური ანექსიისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალებაა, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების რუსულ პროგრამას დავუპირისპიროთ ეკონომიკურად უფრო მომგებიანი ქართული პროგრამა.
საბედნიეროდ, ასეთი „სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროგრამა“ უკვე კარგა ხანია დამუშავებულ-დაპატენტებული გვაქვს (საქპატენტის მოწმობაN5341) და წარმოადგენს ასევე ჩვენს მიერ სამეცნიერო -მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა N6333), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწონებული დიდი ჩარჩო პროგრამის „საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების „კონცეფცია-პროგრამის“ ერთ-ერთ ძირითად თავს. ამ „კონცეფცია-პროგრამის“ მოსმენა-განხილვა კი 2016 წლის 25 თებერვალს წარმატებით ჩატარდა ფინანსთა სამინისტროში.
ისიც აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სასტუმრო „ვერე პალასში“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა-ს) მიერ დაზარალებულ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების თემაზე ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტის მიხეილ ჯიბუტის თავმჯდომარეობით გამართულ 2 დღიან სამეცნიერო პრაქტიკულ დიდ კონფერენციაზე, რომელსაც 40-ზე მეტი ცნობილი ეკონომისტი, ფინანსისტი, ბანკირი და მეცნიერი ესწრებოდა, ერთადერთი პროგრამა, რომელიც არ ითხოვდა საბიუჯეტო დაფინანსებას, იყო საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაზე დაფუძნებული ჩვენი პროგრამა, რომელმაც დაიმსახურა საყოველთაო მოწონება.
სამწუხაროდ, ძირითადად მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარებაზე, ანუ მოსახლეობის დასაქმებაზე და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა (მათ რიცხვში 2 მილიონზე მეტი დაზარალებული მეანაბრეა!) ზარალის ანაზღაურებაზე, ანუ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე ორიენტირებული ჩვენი „კონცეფცია-პროგრამის“ პრაქტიკული რეალიზაცია დანაშაულებრივად დაბლოკა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, რომელმაც 2013 წელს არასწორი ინფორმაციებით დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომ დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება შესაძლებელი იყო მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით, რაც დაანგრევდა ქვეყნის ბიუჯეტს.
არადა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 15 წელიწადია საქართველოში ყველა ფინანსთა მინისტრს ვუმტკიცებდით, რომ სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ჩვენი პროგრამის ამოქმედების დროს ბიუჯეტიდან საბიუჯეტო თანხები კი არ გადის, პირიქით, შედის, თანაც საკმაოდ სოლიდური მოცულობით. ნოდარ ხადურის ტყუილების გამო ჩვენი ეს უდაო სიმართლე ვერაფრით ვერ მივიტანეთ ბიძინა ივანიშვილამდე, როცა ის იყო პრემიერ-მინისტრი და ვერ მიგვაქვს დღემდე, როცა ის არ არის პრემიერ მინისტრი, მაგრამ გვწამს, რომ მას ამ პრობლემის მოგვარება დააინტერესებს!
ნოდარ ხადურის ფინანსთა მინისტრობიდან წასვლამ გაგვიჩინა იმედები, რომ ქართველი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ჩვენი „კონცეფცია-პროგრამით“ განსაზღვრული უნიკალური რეფორმების ამოქმედებას მწვანე შუქი აენთება, რაც უზრუნველყოფს 5 სამეურნეო წელიწადში საქართველოში როგორც მცირე მეწარმეობა-დასაქმების, ისე ზარალის ანაზღაურება-სამართლიანობის აღდგენის პრობლემის მოგვარებას. ქართველი მეანაბრეებიც გადაურჩებიან მეოთხედ დაყაჩაღებას და, რაც მთავარია, გადავურჩებით რუსეთის სასტიკ პოლიტიკურ ანექსიას.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close