სიღნაღის ამბები

,,გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი აპირებს 25 მარტიდან შტურმით აიღოს უკრაინის რამდენიმე დიდი ქალაქი”

,,უკრაინაში მებრძოლმა ჯარისკაცებმა და უკრაინელმა ხალხმა ერთად დავანგრიეთ მითი რუსული ჯარის უძლეველობაზე"

,,ამდენი უდანაშაულო ბავშვი იღუპება და რა გამაჩერებდა მშვიდად. თავდაპირველად პოლონეთში, დევნილების დახმარებაში ვიღებდი მონაწილეობას, შემდეგ კი, მეც იარაღი ავიღე. 16 მარტის შემდეგ ვიბრძვი საშინელი აგრესორის, ოკუპანტის წინააღმდეგ და მჯერა, გამარჯვება ჩვენი იქნება” _ გვითხრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის მკვიდრმა, ამჟამად უკრაინა-რუსეთის ომის ქართველმა ჯარისკაცმა, ოთარ ჯანიკაშვილმა.

ოთარი დაახლოებით 170 ქართველთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია და მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის სახელით ებრძვის საერთო მტერს. ისინი ერთ- ერთი ქალაქის გამაგრებასა და დაცვაში იღებენ მონაწილეობას. ქალაქის სახელი არ გაგვიმხილა, ყველა ინფორმაციის გასაჯაროება არ შეიძლებაო.

.

.

,,აქ საშინელი ომი მძვინვარებს. რუსები აფეთქებენ კორპუსებს, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, მიწასთან ასწორებენ  საბავშვო ბაღებსა და სკოლებს. გაოგნებული ვარ უკრაინელების თავგანწირვით, ბრძოლის ჟინით. ყველაფერს აკეთებენ, დამპყრობელმა სამშობლო რომ არ წაართვათ.  რამდენიმე ქალაქიდან რუსების არმიას ხალხმა დაახევინა უკან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი აპირებს 25 მარტიდან შტურმით აიღოს უკრაინის რამდენიმე დიდი ქალაქი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, წინ დავუხვდეთ და ამის საშუალება არ მივცეთ. უკრაინელ ძმებთან ერთად, საერთო მტერს უნდა ვანახოთ ის, რაც ჯერ არსად უნახავს. უკრაინა დიდ მსხვერპლს იღებს ამ ომში, მაგრამ ასი იმდენი რუსი იღუპება. უკრაინაში მებრძოლმა ჯარისკაცებმა და რიგითმა ხალხმა ერთად დავანგრიეთ მითი, რუსული ჯარის უძლეველობაზე.

იმ ხალხს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთს ვერავინ დაამარცხებს, მინდა ვუთხრა, ჩამოდით აქ,  გვერდით დაგვიდექით და საკუთარი თვალით დაგანახვებთ ჩვენი მტრის განადგურებასა და ტირილს” _ გვითხრა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ჯარისკაცმა და ომის ქარცეცხლიდან ფოტო და ვიდეომასალა გამოგვიგზავნა.

ვიდეოზე ნათლად ჩანს, როგორი საბრძოლო განწყობა აქვთ უკრაინაში წასულ ქართველ ვაჟკაცებს. ,,შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო…”  ამჯერად უკრაინის გადასარჩენად ისმის. მტრის დამარცხებასა და შინ მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ, ბიჭებო!

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close