ექსკლუზიური ინტერვიუ აკადემიკოს იცხაკ დავიდთან

   ნაწილი II

_ ბატონო იცხაკ, თქვენ 90 იან წლებში არაერთხელ ეწვიეთ საქართველოს, როგორც ისრაელის მთავრობის  ოფიციალური წარმომადგენელი. ზვიად გამსახურდიასთან პირადი მეგობრობა გაკავშირებდათ,  გვიამბეთ თქვენი შეხედულება იმასთან დაკავშირებით – თუ რა ხდებოდა მაშინ საქართველოში, საბჭოეთის მზის ჩასვენებისას…

_ მე ჩემი პოლიტიკური მრწამსით ვიყავი და ვრჩები ანტიკომუნისტად. ამას არასდროს ვმალავდი. მთელი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობაც ამ მიმართულებით გაიშალა. ხშირად ვხვდებოდი ხოლმე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, ვეცნობოდი მათ ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეებს.

მე პატივს ვცემდი ზვიადს, არასოდეს დამავიწყდება ის საღამოები, როდესაც ბატონი კონსტანტინე, მისი მამა მოდიოდა ხოლმე უნივერსიტეტში, ეწყობოდა არაჩვეულებრივი შეხვედრები – შემეცნებითი, სამეცნიერო. მახსოვს კონსტანტინეს დიდებული ქართული სახე და შემდეგ უკვე მისი მრავალტომეულები –  გრიგოლ რობაქიძის, კოლაუ ნადირაძის, გალაქტიონის  წიგნებთან ერთად,  ჩემთვის სამაგიდოდ იქცა.

შემდეგ გადის წლები და 1991 წელს შევხვდი ზვიადს, მაშინ  ის უკვე პრეზიდენტი იყო. დიდი ქაოსი იყო მაშინ საქართველოში. პრეზიდენტის სასახლე, სადაც ზვიადი გაუსვლელად ცხოვრობდა, ფაქტობრივად სამხედრო რეჟიმში გახლდათ. სამოქალაქო ომი, ჯარისკაცები, რომელსაც ვერ გაარკვევდი რომელ დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ. ზვიადი დაძაბული და განერვიულებული  იყო, დახურულ კარს მიღმა თითქმის 2 საათი ვისაუბრეთ. მაშინ დიპლომატიური კავშირი არ იყო საქართველოსა და ისრაელს შორის და იმ შეხვედრას სახალხო დიპლომატიის ფორმატი უფრო ჰქონდა, ვიდრე ოფიციალური სახე. მე მაშინ ისრაელის მთავრობის სპეციალური მრჩევლის რანგში ვიყავი საქართველოში, მაგრამ ეს არ იყო  ოფიციალურად შეთანხმებული ფორმატი,   ეს  არსებული მოცემულობით გამოწვეული შეხვედრა გახლდათ.

ზვიადთან საკმაოდ დაძაბული საუბარი მქონდა, ღელავდა პრეზიდენტი, რუსეთის ზეწოლაზე ჩიოდა მეტადრე. მე მაშინ ყველაზე მეტად მაშინებდა ის ბზარი, რომელიც ზვიადსა და ქართულ ინტელიგენციას შორის იყო. მერე ბევრი თეორია გაჟღერდა, თუ რატომ მოხდა ასე, ათასნაირი ვერსია იყო. მაგრამ სიმართლე ხომ ერთია?

ზვიადს ჰქონდა დიდი სურვილი, რომ ისრაელის მთავრობას, ბატონი შამირის მეთაურობით ეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. მცირედი განმარტებისთვის მოგახსენებთ, რომ ისრაელის საგარეო პოლიტიკა მაშინ გარკვეულად მერყევი იყო გარდამავალი პერიოდის გამო, ამასთანავე რუსეთთან  ღია კონფრონტაცია არაგონივრული იქნებოდა. მე მოვახსენე არსებული მდგომარეობა ბატონ შამირს,  რომელიც მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრი გახლდათ. ჩვენ ერთად გავაანალიზეთ მოცემული სიტუაცია, ის ძალიან დადებითად იყო განწყობილი საქართველოს სწრაფვის მიმართ დამოუკიდებლობისადმი. მე, როგორც საქართველოდან გამოსული ებრაელი, მასთან წლები ვიყავი ჯერ ოპოზიციაში, მერე  მთავრობაში და იგი გახდა კიდეც  ჩემი „იდეოლოგიური მამა“. იცხაკ შამირი  ბეგინის შემდეგ მთავრობის მეთაური გახლდათ დაახლოებით 10 წელი  და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  ქართველ ებრაელობას დიდ პატივს სცემდა.

საკითხის მთელი სიცხადით დასანახად, მინდა პატარა პოლიტიკური ექსკურსი გავაკეთო და ხაზგასმით აღვნიშნო მაშინდელი მოცემულობა.

მეც, როგორც ბევრი საქართველოდან გამოსული ებრაელი, 1972 წელს წამოვედი ისრაელში, სადაც დაგვხვდა გაბატონებული “შრომის” პარტია.  მათი იდეოლოგიური ხაზი  მიუღებელი იყო ბევრი ჩვენთაგანისთვის და მე,  სულით ხორცამდე ანტიკომუნისტი,  პროლეტარული იდეების ანტაგონიზმის გამო არ მივემხრე შრომის პარტიას. მაშინდელი პრემიერი იყო აწ განსვენებული გოლდა მეირი. ქიფურის ომის შედეგად „ხერუთის“ პარტიის და ლიბერალების კოალიციით შეიქმნა მემარჯვენე კოალიციური მთავრობა მენახემ ბეგინის მეთაურობით. იქამდე იცხაკ შამირის ვინაობა  უბრალო მოქალაქეებისთვის უცნობი იყო. ისრაელის დაარსებიდან (1948 წ) ის იყო მოსადის ერთ-ერთი ლიდერი. ისრაელის დაარსებამდე, ინგლისელი კოლონიზატორების წინააღმდეგ მოქმედებდა 3 სამხედრო გაერთიანება: 1. “აგანა” – ბენ გურიონის მეთაურობით, რომელიც ფრთხილი მოქმედების მომხრე იყო; 2.  “ეცელი” – მენახემ ბეგინის მეთაურობით; 3.  “ლეხი” – იცხაკ შამირის მეთაურობით. ბოლო ორი პარტია რადიკალურად იყო განწყობილი ინგლისელების წინააღმდეგ და ეწეოდნენ აქტიურ სამხედრო მოქმედებებს. როდესაც ქვეყანას სათავეში ბეგინი  ჩაუდგა,   მან ქნესეთის თავმჯდომარედ იცხაკ შამირი აირჩია. უნდა ითქვას, რომ ისრაელი ისტორიაში  შამირი შევიდა როგორც ერთ-ერთი პრინციპული და იდეოლოგიურად წარმატებული პრემიერი.

სირთულეების მიუხედავად, სიამოვნებით ვიხსენებ  იატაკქვეშეთში გატარებულ წლებს, საიდანაც დაიწყო  ჩემი და  ბატონი იცხაკის მეგობრობა. მახსოვს ოპოზიციური „ხერუთის“ 50 კაციანი ცენტრალური კომიტეტის კორპორაცია –  ყველანი   იატაქვეშეთიდან იყვნენ  გამოსულები. ჩემი მეამბოხე ბუნების გამო, მე პოლიტიკურ ნირვანაში ვიყავი, რადგან  მაშინ ჩემთვის ეს ერთგვარი ბედნიერება იყო. კი, მე  დავტოვე საქართველო, მაგრამ ჩემი საყვარელი მიწა-წყალი ხომ  უსიყვარულობის გამო არ დამიტოვებია, მიზეზი მხოლოდ ჩემი ყოფის აუტანლობა იყო  კომუნისტური რეჟიმის პირობებში და მე  ამ რეჟიმს გავექეცი.

შამირი ძალიან კარგად იყო განწყობილი საქართველოსადმი. მან  იცოდა ყველაფერი ზვიადის შესახებ, გვქონდა მსჯელობა რისი გაკეთება შეგვეძლო გლობალურ რაკურსში, მაგრამ თვითონ ზვიადს არ დასცალდა ამ აქტის მიღება – მისი პრეზიდენტობის ხანა მეტისმეტად ხანმოკლე შეიქმნა.  1 წლის შემდეგ ისრაელმა მართლაც სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ აქ უკვე შევარდნაძის დრო იყო. არ დამავიწყდება, როდესაც მე ზვიადთან ვიყავი მთავრობის სასახლეში,  ამ დროს  მოსკოვიდან სატელევიზიო გადაცემა იყო. გამოდიოდა ბატონი ედუარდი და ზვიადი საშინლად აღელდა მაშინ. რადგან უკვე ხვდებოდა, რომ რუსეთი საქართველოში გადატრიალებას ამზადებდა.  ზვიადთან უკანასკნელი შეხვედრა მქონდა ჩეჩნეთში, ჩასული ვიყავი ჯოხარ დუდაევთან, ის ჩეჩნეთის პრეზიდენტი და  ჩემი კარგი მეგობარი გახლდათ – შესანიშნავი ადამიანი. მან მიმიღო თავის საპრეზიდენტო სასახლეში გროზნოში, ეს ის პერიოდია, როცა ზვიადი უკვე იქაა, ჩეჩნეთში. იცოდა რა, ჩვენი ურთიერთობის შესახებ – ჯოხარმა მაცნობა, ზვიადი აქააო. მაგრამ უსაფრთხოების გამო ის არ ცხოვრობდა ერთ ფიქსირებულ ადგილზე და მუდმივად იცვლიდა მისამართს. დიახ, ესეც იყო…  შემდეგ ზვიადმა გამოგზავნა დაცვა, რომელმაც მის  რეზიდენციაში მიმიყვანა. მთელი ღამე ვსაუბრობდით. და მაშინ აღიარა ზვიადმა, რომ მისი მხრიდან არ იყო მართებული პოზიცია, რომ რუსეთს ასე ღიად დაუპირისპირდა. მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ, თბილისში განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. ეს ის დრო იყო, როდესაც სამაჩაბლოს  და აფხაზეთის პრობლემები მწვავედ იდგა, ზვიადს დევნილობაში ყოფნის მთელი სიმძიმე მხრებზე ედო და მან თქვა, რომ ეს იყო მისი ხარვეზი პოლიტიკაში.

სამწუხაროდ,  ეს  ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო.

_ ბატონო იცხაკ, თქვენ ბრძანდებით ისრაელის ეროვნული მოძრაობის ერთერთი დამაარსებელი.  რეგიონში მსგავსი გეოპოლიტიკური მდგომარეობის და კიდე სხვა მიზეზების გამო, საქართველოსა და ისრაელს აქვს ეროვნული თვითგამორკვევისა და დამკვიდრების მუდმივი პრობლემა. თქვენი დღევანდელი გადასახედიდან, რა შეიძლება გახდეს საქართველოსთვის ეროვნული იდეოლოგიის დვრიტარა არის ჩვენთვის მართებული გზა, სწორი ორიენტირი?

_ ჩემი პოლიტიკური და სამეცნიერო მოღვაწეობის დროს არასოდეს მომიშორებია მზერა საქართველოსთვის და მე მას ხშირად ვუყურებ გლობალურ პრიზმაში. ვხედავთ ამ წლების მანძილზე რამდენი რამ შეიცვალა ახლოაღმოსავლეთის რეგიონში, შეერთებულ შტატებში, დასავლეთ ევროპაში; ვხედავთ ნატოს ჩარევას ათეულობით ქვეყნის კონფლიქტში – ერაყში, სირიაში, ავღანეთში; ვხედავთ, რა წარუმატებელია ეს ომები, ფაქტიურად, იქ სადაც ჩაერია ნატო და შეერთებული შტატები, ომი არ მოგებულა. რეალურად ევროპასა და შეერთებულ შტატებს ერთად გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნიათ, ვიდრე იგივე რუსეთს. მაგრამ რუსეთი სულ სხვა გზებით მოქმედებს და უნდა ვაღიაროთ, რომ თავისი უხეში მეთოდებით, იგი უფრო მეტ გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე დასავლეთი. იგივე შეიძლება ვთქვა კავკასიის რეგიონზეც. და მაშ, იქნებ დროა შევცვალოთ დამოკიდებულება საკითხისადმი? ახლა მე კითხვის ნიშნებს ვსვამ და არანაირად არ მინდა ამას ჩარევის ან კარნახის სახე მიეცეს. მე მიმაჩნია, რომ თუ საქართველომ არ აიღო სწორი ორიენტირი საგარეო პოლიტიკაში, შესაძლოა დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს და ეს ძალზე დასანანი იქნება. ამის დასტურად ქვეყნის უახლესი ისტორიის პოლიტიკური ანამნეზიც კმარა: დამღუპველი ომი 2008 ში, სამაჩაბლოს და აფხაზეთის გაყინული კონფლიქტები, რომლებიც ჩვენთვისაა გაყინული, თორემ ოკუპაცია გრძელდება საზღვრების გადმოწევით. ხომ დავინახეთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა შეიარაღებული ძალები არ ჩარია საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტში?..ნუთუ გვგონია, რომ აშშ ჩვენს გამო დაუპირისპირდებოდა რუსეთს? ამერიკას თავისი, ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ევროკავშირი?. ევროკავშირმა ფაქტობრივად საქართველოს გამამტყუნებელი რეზოლუცია მიიღო. და ეს მერამდენე მწარე გაკვეთილია! ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატების პარტნიორობა საჭიროცაა და აუცილებელიც,  მაგრამ ეს ჩრდილოეთ კავკასიაა  და შენი კარის მეზობელი რუსეთია, შენთვის საჭიროა ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, თუნდაც როგორც საკუთარი პროდუქტის გასაღების ბაზართან. შეერთებულ შტატებში ახლა აქტიურად უკეთდება რეკლამა ქართულ ღვინოს, მე ეს მიხარია, მაგრამ აქედან იქ პროდუქციას სჭირდება ტრაპსპორტირება, რეკლამა და ეს ისე  თვითღირებულებას, რომ გაზრდილი კონკურენციის პირობებში ქართული პროდუქტი დიდი შანსია რომ ჩაიკარგოს. აქ კი კარიდან კარში გაქვს გასაღების საკმაოდ დიდი ბაზარი და ეკონომიკურად  გაცილებით ხელსაყრელ პირობებში ხარ.

ასე რომ, ეს ეროვნული ორიენტირები უნდა განისაზღროს ძალიან მკვეთრად. რა არის საჭირო რომ გამოვიდეთ ჩვენ ამ ჩიხიდან:

1. ეს არის სწორი ორიენტაციის აღება მეზობელ ქვეყნებზე გეოპოლიტიკურ რადიუსში. თქვენს მოცემულობაში ეს არის რუსეთი. საჭიროა დიალოგი რუსეთთან და აქ უკვე  აუცილებელია მეგობარი ქვეყნების თანადგომა;

2. საჭიროა საქართველო გახდეს თვითმყოფადი ქვეყანა – ეკონომიკურად დამოუკიდებელი. არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა დაეყრდნოს მხოლოდ ტურიზმს. რესტორნების და სასტუმროების გახსნა კი არა,  ადგილობრივი მრეწველობის აღდგენა და გაძლიერებაა საჭიროა – ეროვნული პროდუქციის შექმნა. გაცილებით უნდა ამაღლდეს საერთო ეროვნული პროდუქტის კოეფიციენტი, მათ შორის ინტელექტუალურისაც;

3. საჭიროა საქართველომ მონახოს თავის გეოპოლიტიკური სტატუსი ზუსტად იმ გარემოცვაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ყველა მოცემულობის გათვალისწინებით, ეს იქნება თურქეთი, ირანი და სხვა  მუსულმანური ქვეყნები;

4. საჭიროა, ყველა მეზობელთან შევინარჩუნოთ ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა უნდა გამოდიოდეს იმ საერთო მნიშვნელიდან, რომელიც განსაზღვრავს შენი ქვეყნის ეროვნული და ფიზიკური გადარჩენის სტრატეგიას და სხვათა შორის, სწორედ  ეს არის უპირველესად ყოვლისა ის ორიენტირი, რომელიც რუსეთს უკავშირდება;

5. საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირთან და ნატოსთან: დავდივარ საქართველოში და ყველგან ვხედავ ევროკავშირის დროშებს. რათქმა უნდა, კარგია ევროპა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ დღეს ეს უკანასკნელი განიცდის საშინელ კრიზისს,  რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიდი იმიგრაციულ წნეხი გახლავთ – იგივე ახლო აღმოსავლეთიდან, ავღანეთიდან, სირიიდან, ერაყიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან. ამის საფუძველზე ევროპა კარგავს თავის ისტორიულ სახეს, ისტორიულ ფერწერას. მე არ ვიცი, რამდენად შეუძლია საქართველოს ნატოში შესვლას ამ ქვეყნის უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა. მაშინ როცა,  დღეს ნატოს ევროპელ წევრებსაც არ აქვთ გარანტირებული უსაფრთხოება.

საბოლოო ჯამში მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა დამოუკიდებლობა, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩეუნება,  სუვერენიტეტი,  მაგრამ აუცილებელია გეოპოლიტიკურად სწორად  განისაზღვროს ის სტატუსი, რომელიც საქართველოს და მხოლოდ საქართველოს შეეფერება – იგივე ამიერკავკასიის რეგიონში.

  _ ბატონო იცხაკ,  როგორ ფიქრობთ,  არის თუ არა ნეიტრალიტეტი   ჩვენი გეოპოლიტიკის მქონე ქვეყნისთვის  შესაძლებელი  და ხელსაყრელი დღეს, მეტადრე მაშინ როცა წინ გვიდევს  წარსულის მწარე გამოცდილება?

_ ნეიტრალიტეტის საკითხი ძალიან საინტერესოა. ამან გადაარჩინა შვეიცარია მეორე მსოფლიო ომის დროს. ჰიტლერი არ შეიჭრა შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამო. არადა, მთელი ევროპა დაპყრობილი იყო ნაციონალ-სოციალისტების მიერ. საქმე იმაშია, რომ  ნეიტრალიტეტეტი  რამდენადმე განპირობებული უნდა იყოს  ისევ და ისევ იმ ფაქტორებით, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოსთვის შესაბამისი, ხელსაყრელი  და სახარბიელო ეკონომიკური პირობების შექმნას.  საქართველო უნდა  გახდეს თვითმყოფადი ქვეყანა – დამოუკიდებელი ევროპისაგან, ამერიკისაგან, რუსეთისაგან – ყველასაგან. მას უნდა ჰქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები  რეგიონის, ანუ ამიერკავკასიის ქვეყნებთან. გვახსოვს, კონფედერაციაც კი შეიქმნა, სხვადასხვა ნაირსახეობით – რადგან ერთიანი კავკასიის იდეა ყოველთვის აქტუალური იყო. იქმნებოდა და მერე გარე ძალების ზეწოლით ისევ იშლებოდა. მე იმის თქმა მინდა, რომ ეს არის საკმაოდ მღელვარე რეგიონი, ისევე, როგორც ჩვენი, ახლოაღმოსავლეთი –  მღელვარე და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი.  რუსეთი დიდი ხანია ცდილობს, შექმნას გარკვეული სტრატეგიული ღერძი რუსეთი-ირანი-სირია და აგერ ჩვენ ისრაელამდეც აღწევს ეს ყველაფერი. დიახ, ეს გლობალური პოლიტიკაა..

ჩვენ აუცილებლად ზუსტად უნდა განვსაზღვროთ –  რა გვინდა, რას ვეძებთ. ეს მიზნები უნდა იყოს კარგად გააზრებული, ყველა ნაბიჯი გათვლილი და გარანდული არამარტო რეგიონულ, არამედ მსოფლიო რუქაზე მიმდინარე პროცესების ღრმა ანალიზში. სხვანაირად ბევრი რამ დაიკარგება. ამ პროცესების თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება –  საჭიროა მთელი პასუხისმგებლობით იქნეს შესწავლილი ყველა მოცემულობა და შემდეგ გადაიდგას ყოველი ნაბიჯი.

ყველა პოლიტიკური ნიუანსი უნდა აიწონ-დაიწონოს. აი მაგალითად, ავიღოთ შეერთებული შტატები – ეს ქვეყანა დღეს კრიზისშია. ტრამპმა რამდენადმე გამოასწორა  მდგომარეობა: შეერთებულ შტატებში 10 % იყო უმუშევრობა, დღეს ეს ციფრი 3 % მდე დავიდა, მაგრამ ისევ იწყება რეცესიის და დეპრესიის პროცესი – არის ეს ნიშნები. ამას ემატება კიდევ  ანტიტრამპული კამპანია, რომელიც დემოკრატებმა გააჩაღეს – ტრამპს აბრალებენ კონსპირაციულ გარიგებებს რუსეთთან. მაშ რა გამოდის? გამოდის, რომ ამერიკელებს თავად შეაქვთ ეჭვი თავიანთ დემოკრატიულ სისტემაში. მე ვერ გამოვრიცხავ რუსეთის ფაქტორს,  მაგრამ რუსეთი ჩაერია  არა ტრამპის სასარგებლოდ, არამედ იმისთვის, რომ როგორმე გამოეთხარა ძირი ამერიკის დემოკრატიისთვის. ანუ, სურდა შეერყია „დემოკრატიის შუქურობის“ მითი. დემოკრატები, ცოტა არ იყოს, ამწვავებენ ამას.  სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ იგივე ტრამპი, გარკვეულწილად გამოდის ევროკავშირის პრომიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ. ის პირდაპირ ამბობს, რომ NATO-ს მარტო შეერთებული შტატები  ინახავს  თავის სახსრებით. მეორეს მხრივ, ტრამპმა გამოამჟღავნა აშკარა პროისრაელური დამოკიდებულება და ეს ძალიან დადებითი მოვლენაა. იერუსალიმის ცნობა, გოლანის მაღლობების ცნობა –  საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია. ამ დროს კი რა ხდება?  იმის გამო, რომ ტრამპი ღიად უჭერს მხარს ისრაელს, მის წინააღმდეგ გამოდიან შეერთებულ შტატებში გერმანიიდან გამოსული ებრაელები. წარმოგიდგენიათ თქვენ რა პარადოქსი შეიქმნა? რა არის ეს?. ვარ ვაშინგტონში და ყოველ დილას ვკითხულობ  50-მდე გაზეთს – Washington Post,  New York Times, Chicago Tribune, … ყველა გაჟღენთილია პროდემოკრატიული სულით, ანტიტრამპული განწყობით, პრორუსული, პროპალესტინური, ანტიისრაელური და ანტისიონისტური იდეოლოგიით. და ვინ დგას ამის უკან? ისევ ჩვენი თანამოძმეები – ებრაელების გერმანული ფრთა. ეს არის ის, რასაც ჩვენი ჩვენი წინასწარმეტყველები ამბობდნენ: შენი გამანადგურებლები, შენგანვე გამოვლენო. დღეს ასეთი ფაქტი გვაქვს: გერმანელი იუდეველები გამოდიან ისრაელის არსობრივი ეგზისტენციის წინააღმდეგ. მე ამას ზეპარადოქსს ვუწოდებ. ტრამპმა ებრაელების მისამართით დაახლოებით ისიც კი თქვა, რასაც ძველი ქართველები ამბობდნენ: მე თქვენსკენ და თქვენ ეშმაკებისკენო. ტრამპი რამდენადმე გაწბილებული დარჩა ამ მხრივ, რადგან  მთელი მისი კაბინეტი მუშაობს პროისრაელური მიმართულებით და ცოტა მეტი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა ებრაელებისგან. თუმცა, არაერთ საკითხში ტრამპი პოლიტიკურ ახლომხედველობას იჩენს, მაგრამ უსამართლობა იქნება არ ვთქვათ, რომ მისი ვექტორი დადებითი მოვლენა იყო ისრაელისათვის – იმასთან შედარებით, რაც ობამას მმართველობის დროს ხდებოდა. ობამას ქონდა პრომუსულმანური, პროკომუნისტური მიდრეკილებები.  და ვინ დასვა ობამა თეთრ სახლში? ესეც ჩვენი გერმანელი ებრაელების და  ზანგი მოსახელობის ნახელავია. ტრამპი, როგორც მოვლენა  არის ანარეკლი იმისა, რაც ხდება ამერიკაში და ეს იგივეა, რაც გერმანიაში ხდებოდა 20–30 იან წლებში ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე. აი, ეს პროცესებია დღეს ამერიკაში. ამერიკაში შეიქმნა ვაკუუმი, საზოგადოება პოლარიზებულია: დემოკრატები – რესპუბლიკელები, რუსების სინდრომი საკმაოდ მაღალ ნიშნულს აჩვენებს, ახლა უკრაინული სინდრომი გაჩნდა, ანუ რა გამოდის? ამერიკამ დაამხო „ბოროტების იმპერია“ – დაიშალა საბჭოთა კავშირი. ახლა კი ამ ბოროტების იმპერიის ნამსხვრევები, უკრაინა იქნება ეს თუ სხვა – თავად შლიან ამერიკას?  დიახ, ეს გარკველი უკუშეტევაა.

ასეა, პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად ცვალებადი. მასზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს და ჩვენ მათ მაჯისცემაზე  მუდმივად უნდა გვედოს ხელი, რათა რამდენიმე ნაბიჯის წინსწრებით განვსაზღვროთ სწორი ორიენტირები მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ფონზე.

  _ ქართველი ებრაელები სხვებისაგან  გამოირჩევიან  დიდი ნოსტალგიით იმ მიწის მიმართ, საიდანაც ვიდნენ ისრაელში. ასეთ დამოკიდებულებას სამშობლოში დაბრუნებული არცერთი ქვეყნის ებრაელობა არ ავლენს. ვენის აზრით, რა არის მიზეზი ქართველი ებრაელების გამორჩეული სიყვარულისა საქართველოს მიმართ…  

_ ჰო, ეს აბსოლუტურად განსხვავებული ფენომენია კულტურათაშორის დიალოგის ისტორიაში. განა მე შორს წავედი საქართველოდან? მთელი ჩემი სამეცნიერო და პოლიტიკური საქმიანობით თავს დავტრიალებ მიწას, რომელზეც დავიბადე,  მრავალტომეულ სამეცნიერო ნაშრომებად, თარგმანებად  ვუბრუნებ საქართველოს იმ სიყვარულს, რითიც გამომკვება.

იცით? მე გარკვეული აცილება მაქვს ზოგიერთი საკითხისადმი.  დიდი ხანია ვუყურებ ამ მოვლენებს, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კავშირები ღრმავდება და ეს ძალიან კარგია. იქმნება მთელი რიგი ფორუმები, ასოციაციები, კავშირები. არ მინდა შევიდე საკითხის სიღრმეში,  მაგრამ დღევანდელ შეჯამებას გავაკეთებ: ჰო,  ებრაელები მართლა ბევრნი ჩამოდიან, გაცილებით ბევნი, ვიდრე ადრე – უკვე რამდენიმე რეისია დღეში ისრაელიდან. მიმოსვლა გახშირდა, გაძლიერდა და  ამის მიზეზი უდაოდ არის დიდი ნოსტალგია ამ ქვეყნის მიმართ და ეს მეც შემეხება. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ყველა ქვეყანაში საქართველო მენატრება.  ეს არის ნოსტალგია იმ წლებისადმი, იმ მიწა-წყლისადმი, სადაც გავიზარდეთ და შევედუღაბეთ ამ ქართულ მთა–ბარს და ზეცას, ყველაფერს ქართულს – ქართულ ხასიათს, ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს.  ქართველი ებრელობა რჩება საქართველოს პატრიოტად – რჩება უცილობლად. სადაც არ უნდა იყოს ქართველი ებრაელი –  საქართველოს მხარეზეა, საქართველოს ინტერესებს იცავს. ეს არის ისტორიული ტენდენცია, ქართველ ებრაელს უკვე ქვეცნობიერში  შთაებეჭდა, რომ ეს არის მისი მეორე სამშობლო, რომელიც უყვარს და ეფერება – ისე, როგორც მას ძალუძს. და ეს კანონზომირია – არცერთ ქვეყანას არ გამოუჩენია ასეთი ტოლერანტობა, ჩვენი ერის მიმართ, როგორიც საქართველოს და ჩვენ ვიცით სიკეთის დანახვაც და დახსომებაც. ავიღოთ ანტისემიტიზმის პრობლემა, ჩემს მრავალტომეულში, კერძოდ კი, მეორე ტომში დეტალურად ვხსნი, რომ ანტისემიტიზმი, რომელიც შემოვიდა საქართველოში –  იყო რუსეთიდან თავსმოხვეული ეპიზოდური ხასიათის. საქართველოს არ აღმოუცენებია ის. ანტისემიტიზმი არაა ქართული მოვლენა,  ქართული ხასიათი კი შეუთავსებელია ამგვარი ანტიჰუმანიზმისთვის. ამიტომაც, ვერ მოიკიდა ფეხი. ის, რაც იყო რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპაში – „პოგრომები“, დარბევები, ინკვიზიციები – აქ არ ყოფილა. ფურუნკულივით განიშორა საქართველომ სიძულვილის ბაცილა.

მაგრამ ერთი ნიუანსი მსურს გამოვყო: ამ მდიდარ და ღირსეულ ისტორიას უნდა ჰქონდეს გარკვეული პრაქტიკული შედეგები.  ვხედავთ ჩვენ, რომ ბევრი რეზონანსული ღონისძიება იმართება –  ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულების ფორუმები, შეხვედრები. მეც ბევრ ასეთ ინიციატივაში მიმიღია მონაწილეობა თავის დროზე. იყვნენ ჩამოსული ქართველი ებრაელი ბიზნესმენები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ფორბსის ჩამონათვალშია. სხვათა შორის, ოფიციალურ მილიარდერთა სიის პირველ ათეულში 3 ქართველი ებრაელია შესული  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მიჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რა გააკეთეს ამ ქართველმა ებრაელმა მილიარდერებმა საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად? რა არის მათი წვლილი? შეიძლება არის კიდეც და მე არ ვიცი და ვერ ვხედავ, ამიტომ სიამოვნებით გავეცნობოდი ფაქტებს და ციფრებს, სტატისტიკას – რა ხვედრითი წილი აქვთ ამ ტაიკონების მოღვაწეობას, ან  შემოსვლას საქართველოს ეკონომიკურ  ორბიტაზე. თუ ასეთი რამ მოხდა, ან მოხდება – ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგრამ დღეისათვის ასეა: ქართველებს და  ებრაელებს ბევრი რამ საერთო თვისება აქვთ. რომელმა რომლისაგან რა გადაიღო, ახლა ამას ვერც კი გავარკვევთ, რადგან ეს ორმხრივი პროცესია. საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე ხშირად იყო  დათიშული, ასეთივე დაქუცმაცება გაგრძელდა ისრაელში ასვლის შემდეგაც. ერთხელ არ დავიზარე და დავთვალე –  ისრაელში 70 იან- წლებიდან შეიქმნა დაახლოებით 50 ქართულ-ებრაული გაერთიანება, ფორუმი, ასოციაცია, კავშირი. ახლა ალბათ მკითხავთ რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველას პირველობა უნდა. ქართველი ებრაელის მენტალიტეტი – ის, რაც ჩამოყალიბდა საქართველოში საუკუნეების მანძილზე – აღმოჩნდა კოლიზიაში, დაპირისპირებაში ისრაელის კულტურულ სივრცეში. და მოხდა ისე, რომ თანდათანობით ისრაელის საზოგადოებრივმა ცნობიერებამ დაამსხვრია ქართველ ებრელთა პატრიარქალურად ჩამოყალიბებული მიდგომა ცხოვრებისეული საკითხებისადმი. ეს უკვე დროის მოთხოვნა იყო.

მინდა გულწრფელად ვთქვა: ჩვენ ნადიმების დროს ხოტბას ვასხამთ საქართველოს, ვაქებთ და სიყვარულში ვუტყდებით – ალალად, გულწრფელად. მაგრამ  აუცილებელია ზნეობრივ პრიზმაში განვიხილოთ ჩვენი პატრიოტიზმი ამ ქვეყნისადმი და  ხელშესახები შედეგებით გავამდიდროთ ორმხრივი ურთიერთობა – პირველ ყოვლისა ეკონომიკაში, მეცნიერებაში, კულტურაში, და სხვა მიმართულებებში.

ორიოდ სიტყვით მინდა შევეხო ჩვენს ახალ იდეოლოგიურ მოძღვრებას, რადგან თავს ვალდებულად ვთვლი, მომავალი თაობისთვის ეს მარცვალი ნაყოფიერ ქართულ ნიადაგშიც ჩავდო.  ის თავისით გაღვივდება და როცა ამის დრო მოვა, უსათუოდ მოიტანს ნაყოფს.

ეს არის რეველაციონარიზმი.  რეველაციონარიზმი ინტერეთნიკური ფედერატიულ-სოციალური მოძრაობაა და მისი ჩამოყალიბების აუცილებლობა თანამედროვე მსოფლიოს იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია.

თანამედროვე მსოფლიო, მათ შორის  ამერიკის შეერთებული შტატები  ზნეობრივად დაკნინებულია. ტექნოლოგიურმა ზრდამ გამოიწვია ადამიანის ცნობიერებისა და ზნეობრივი მრწამსის რეცესია. მე ამას მივაწერ გამეფებული  დემოკრატიული კაპიტალიზმის უარყოფით თვისებებს. სხვათა შორის აქ, საქართველოში დაიბეჭდა ჩვენი ახალი მოძღვრების, რეველაციონარიზმის სამტომეული, ქართულ ენაზე. ის საკმაოდ ვრცელი ნაშრომი გახლავთ და  ეძღვნება იდეოლოგიურ-პოლიტიკურ საკითხებს. ჩვენ ავღნიშნავთ, რომ დღევანდელი დასავლეთის დიდი კრიზისი გამოწვეულია იმით, რომ იგი შეეცადა მოეხდინა დემოკრატიის და კაპიტალიზმის შერწყმა. ჩვენ გვქონდა ბოლშევიზმი, კომუნიზმი, საბჭოური იდეოლოგია. კომუნისტურმა ეკონომიკამ წააგო, ჩინეთი აღმოჩნდა უფრო გამჭრიახი და მათ კაპიტალიზმი რაღაცნაირად შეაზავეს თავიანთ კომუნიზმს. და მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ჩინური კომუნიზმი ჯერ-ჯერობით ზედაპირულად მაინც ძლებს მსოფლიო პროცესებში. დასავლეთმა კი ვერ გაუძლო კრიზისულ სიტუაციაში შევიდა.

ამის ფონზე ჩვენი მოძღვრება არის მსოფლიო საზოგადოების გზამკვლევი და აჩვენებს ახალ სვლაგეზს, რომელშიც  თავისუფალია ყოველგვარი უნაყოფო პოლიტიკურ-იდეოლოგიური მარწუხებისგან  და აღიარებს უზენაესი განგებისმიერი ჩარევის აუცილებლობას. პოლიტიკურად ორიენტირებულია რეგიონალურ ფედერალიზებული ეთნიკურ-სოციალური ერთეულების შექმნისაკენ.  აფუძნებს ადამიანის საყოველთაო სემანტიკას  შიდა ინდივიდუალურ სინდისზე და  უმწიკვლო რწმენაზე.  რეველატორული განწყობა მიანიშნებს პიროვნების ზნეობრივ შინაგან დუღილზე, რომელიც მიმართულია  უზენაესი მორალის ფორმირებისკენ  და ვექტორულად მიმართულია  კაცობრიობის ხსნისაკენ, სამყაროსეული წესრიგის და სტრუქტურის გაუმჯობესებისაკენ.

ეს ვრცელი თემაა, ამის დანერგვას ადამიანთა აზროვნებაში გარდატეხა და გარკვეული ნიადაგის მომზადება სჭირდება, მაგრამ ეს ხვალინდელი  დღეა კაცობრიობისთვის, თუკი მას სურს ღირსეულად გააგრძელოს არსებობა.

ერთს ვიტყვი კიდევ, ბიბლია არაა წიგნი, რომელსაც თაყვანი უნდა სცე და გააღმერთო, ის უნდა ისწავლო, გაშიფრო, იაზროვნო. ბიბლია არის ისტორიული დოკუმენტი, დოქტრინა, სახელმძღვანელო, რომლითაც უნდა განსჭვრიტო რომელია მართებული გზა, რომელსაც  უნდა დაადგე, რომ უზენაესის ნება აღასრულო.

სტატიის ავტორი: ირინა ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი

(გაგრძელება იქნება მალე)

 

კომენტარები