ქართულ-ებრაული

სად მიდის ქართველების ბიბლიური კვალი?

ექსკლუზიური ინტერვიუ, აკადემიკოს იცხაკ დავიდთან.

მესამე ნაწილი

  _  ბატონო იცხაკ, ბოლო ხანებში განსაკუთრებულად პოპულარული და ხელშესახები გახდა ქანაანელი მეშვიდე ტომის,  ბიბლიური „გირგაშების“   იდენტობის საკითხი. მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა, იაკობ გაგულაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ  რომ ქართველებისა და ებრაელების კავშირი გაცილებით  ხანდაზმულია, ვიდრე ყველასათვის ცნობილი 26  საუკუნე. რას გვეტვით გირგაშებისშესახებ, რომელსაც როგორც აღმოჩნდა,   ბიბლიის შემსწავლელი უამრავი სამეცნიეროკვლევითი ცენტრი ეძებს სხვადასხვა ქვეყანაში და თქვენი აზრით, არიან თუ არა გირგაშები“  პროტოქართველები?

_ ცნობილია, რომ „გირგაშიმ“, ისევე როგორც „გირგაში“ რამდენიმე ადგილზე მოიხსენიება მოსეს ხუთწიგნეულში. ეს  გახლდათ ქანაანში დასახლებული შვიდი ტომიდან ერთ-ერთი ეთნიკური ერთეული. „ქანაანელები“ კრებსითი სახელია და ამ ტომების ერთობლიობას წარმოადგენს. ისრაელის ბიბლიური ისტორია გვიამბობს, რომ  ამ მიწაზე უწინარესად განფენილი იყო ქვეყანა, რომელსაც ქანაანი ეწოდებოდა.

ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები, მოსეს წინამძღოლობით,  40 წელი მოიწევდნენ  აღთქმული წმინდა მიწისკენ, რადგან  ჰქონდათ უზენაესის  მითითება – სად იქნებოდა მათი სამკვიდრო ადგილი. ფაქტობრივად, აქ საუბარია მიწა-წყლის თავიდან აღებაზე, რადგან ის უკვე დასახლებული იყო სხვა ხალხით, ქანაანელთა 7 ტომით.

თქვენს მიერ წამოწეულ თემას ადრეული კავშირების შესახებ,  მე კიდევ უფრო შორიდან დავიწყებ და  აბრაამის ისტორიას გავიხსენებ: დაახლოებით 1700 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე,  აბრაამი გამოვიდა ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან და  ეს კი გახლდათ სამხრეთ კავკასიის ტერიტორია. სწორედ  აქედან მოდის ებრაელთა მამამთავარი ჰაბირუს ტომებთან ერთად და სახლდება ქანაანის ქვეყანაში.   მოგვიანებით აბრაამი ჩადის ეგვიპტეში, მას ეცხადება უზენაესი და ეუბნება, რომ 400 წელი იქნება მისი ხალხი მონობაში, შემდეგ გამოვიყვან  და მივცემო ქვეყანას  დასამკვიდრებლად. და აი,  მოსეს მოჰყავს ტყვეობიდან გამოხსნილი ხალხი ქანაანისკენ, რომელიც უკვე დასახლებულია 7 ტომით –  ფერიზელებით, იებუსეველებით,  ემორეელებით, ხივიელებით, ხეთებით, გირგაშიმებით… ეს უკანსკნელნი გავიდნენ ქანაანიდან, დათმეს თავიანთი საცხოვრისი მშვიდობით, რადგან აღიარეს უზენაესის ნება და გადარჩნენ კიდეც.  დანარჩენები კი ამოწყდნენ, ვინაიდან გაუწიეს წინააღმდეგობა ისრაელიანებს, იუშუას ხელმძღვანელობით. როგორც ცნობილია,  მოშე ვერ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში – მისმა მოწაფემ, იეშუამ განაგრძო მისი საქმე.

აქვე მინდა ავღნიშნო ხეთური მოსახლების შესახებაც.  მათმა ნაწილმა გირგაშელებთან ერთად გადაინაცვლეს ჩრდილოეთით და შექმნეს მიტანის და პროტოხეთური სახელმწიფოები 1800 – 1400 წ.წ.  ჩვენს წელთაღრიცხვამდე.  შემდეგ თალმუდი ხსნის, რომ შვიდი ტომიდან ერთადერთმა არ გაუწია წინააღმდეგობა იეშუას და ისრაელიანებს, ნებაყოფლობით დასტოვა ქანაანი და  ეს იყო გირგაშელები,  იგივე – „გირგაშიმ“.  ჩვენ აშკარად ვაიგივებთ „გირგაშებს“ პროტოქართველურ, იბერიული ტომებთან. ამაზე დაიწერა არაერთი შრომა, რომლებიც დაცულია პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, არქივებში, აგრეთვე,  კონგრესის ბიბლიოთეკაში ვაშინგტონში.  არის 200-300 წლის წინ გამოცემული მთელი რიგი წიგნები,  რომლებშიც განხილულია სხვადასხვა თეორია ქანაანელი მეშვიდე ტომის იდენტობის შესახებ. თუმცა, ისინი რამდენადმე განსხვავებულად მოიხსენებენ –  „გერგესიდ“, რადგანაც ევროპულ ენებზე ასე ჟღერს სწორედ. საქმე იმაშია, რომ  ბერძნებმა ბევრი რამ გადმოათარგმანეს  თავის ენაზე, მათ შორის წმინდა წიგნი და  შეიქმნა სეპროაგენტა – ბერძნული ბიბლია, ვულგატა – ლათინური ბიბლია და შესაბამისად, ბევრმა სიტყვამ ჟღერადობა შეიცვალა, სემიტურმა ტერმინებმა „გირგაშ“, „გირგაშიმ“ დანარჩენი მსოფლიოსთვის ასეთი სახე მიიღო – „გერგესეი“, „გერგესიდ“. გირგაშელები – გირ-გაშ, გორ-გაშ, აშკარად იძლევა მინიშნებას იბერიულ-ქართულ ტომობრიობაზე – ეტიმოლოგიურადაც და სემანტიკურადაც. ფაქტიურად, ამ ეტიმოლოგიის სემანტიკური კორელაცია  ხდება  ქართველურ ტომებთან. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ  „გორგ“, გურგ“ და აქედან გამომდინარე –  „გურჯ“,  თავისი მრავალფეროვანი ანალოგებით. თუმცა, არის გარკვეული თეორიები, რომლებსაც გამოჰყავთ ეტიმოლოგიური კავშირი ტერმინებისა „გორგ-ორგ-ივერ“-სა და „იბერ“-ს შორის. ეს ვრცელი სადისკუსიო თემაა და ღრმა კვლევას საჭიროებს, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ასოციაცია მკვიდრია და მყარი.

ორი წლის წინ,  ჩვენმა მცირე საექსპედიციო ჯგუფმა მოიარა  საქართველოს სამხრეთ რეგიონის საზღვარი – მომიჯნავე სომხეთთან, თურქეთთან, ჩავედით თითქმის  ირანამდე  – მოვიარეთ სამცხე, ჯავახეთი და ისტორიული შავშეთი, ტაო-კლარჯეთი, არტანუჯი და სხვა, ტერიტორიები, რომლებიც ადრე ბიზანტია იყო და შემდეგ ოტომანებმა მიიტაცეს.  ახლა იქ თურქეთის იურისდიქცია ვრცელდება, მაგრამ ბევრგან ქართული ტოპონიმიკა დარჩა უცვლელად. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი გეოგრაფიული განფენილობა –  ვიდრე ფინიკიამდე, რომელიც დღევანდელი ლიბანი გახლავთ, ქმნის ერთიან კორიდორს, დერეფანს.  ეს უკანასკნელი კი თავისი გეოპოლიტიკური სახით  უწყვეტია – დაწყებული საქართველოს სამხრეთ საზღვრებიდან – მესხეთი, იგივე მეშეხი, ახალციხე და ჩაყოლებული სამხრეთის მიმართულებით   – ვიდრე ისრაელამდე. სწორედ  ეს დერეფანია, რომლითაც მოდიან გირგაშელები.

ბიბლიური ქრონოლოგიით აქ საუბარია  დაახლოებით1200 წელზე ძველი წელთაღრიცხვით. და აი, ქანაანიდან გამოსული გირგაშელები იწყებენ გადაადგილებას ჩრდილოეთის მიმართულებით და  ხეთებთან ერთად იკავებენ მთელს ამ კორიდორს მოყოლებული ფინიკიიდან ამიერკავკასიის სამხრეთ რეგიონებამდე, მესხეთის ჩათვლით და რათქმაუნდა, დღევანდელ ახალციხეს. და შემდეგ, გავა 200 წელი და ბიბლიური დავით მეფე თავის 23-ე ფსალმუნში  ახსენებს, რომ იგი მესხეთში ცხოვრობდა, რომელსაც მოიხსენიებს სახელით –  “მეშეხ”, რომელიც იგივეა, რაც მესხეთი.  აი, ამ პირველ დერეფანს უკავშირდება   იბერიულ-გირგაშულ-ქართველური ტომების განფენა და შემოსვლა ზემოთ დასახელებული გეოგრაფიული მაგისტრალით. ეს გახლავთ ჩვენს მიერ   „კორიდორების თეორიად“ წოდებული  კვლევის თემა და მას 3 დიდი ფაზა აქვს –  3 ეტაპი, რომლის მიხედვითაც ხდება ისრაელური ელემენტების შემოსვლა საქართველოში.  აქვე დამატებით განვმარტავ,  რომ პირველი კორიდორის გავლით არამარტო გირგაშიმები მოვიდნენ საქართველოში, არამედ ცოტა მოგვიანებით  ეს გზა ხსნილია ისრაელელებისთვისაც  და ეჭვს გარეშეა, რომ მეფე დავითის მსგავსად სხვანიც გადაადგილდებოდნენ პირველი დერეფნით. და რადგან ისრაელის დიდი სუზერენი ძველი წელთაღრიცხვის X საუკუნეში მეფობდა, სულ მცირე, ამ ეპოქაში იწყება ისრაელების შემოსვლა მესხეთის კარიბჭით. დღეს საუბარია საქართველოში ებრაელების მკვიდრობის 26 საუკუნეზე. „26“ ძალიან ძლიერი რიცხვია, კაბალისტური ჰემატრიით – უწმინდესი,  მაგრამ ეს პერიოდი გაცილებით უფრო მეტია და აქ საუბარია დაახლოებით 33 საუკუნეზე.

თქვენი ყურადღება მცირე ხნით მინდა შევაჩერო ფინიკიაზე. ფინიკელები ზღვაოსანი ხალხი იყო – ბევრ სხვა საქმიანობასთან ერთად, განსწავლული ხომალდების აგებაში. ფინიკიელები ისრაელის მეფეთა ვასალები გახლდნენ – იგივე დავითისა და სოლომონის. ამ უკანასკნელმა შექმნა უზარმაზარი საზღვაოსნო ფლოტი, რომელიც სერავდა ოკეანეებს – მათ შორის ხმელთაშუა  ზღვის აუზს, შემდეგ  – ატლანტიკას. აქ იბადება ლოგიკური  კითხვა:  განა ფინიკიელები არ  შემოვიდოდნენ საქართველოში, იგივე პირველ ებრაულ ელემენტთან ერთად? რათქმა უნდა – კი! ამას ადასტურებს თუნდაც ვანის გათხრებისა და  სამხრეთ საქართველოს რეგიონის არქეოლოგიური კვლევები.  აღმოჩენილი  არტეფაქტები, ძეგლები, რამდენიმე შრიანი ნარჩენები, სამკაულები, ნაკეთობები, დამწერლობითი ელემენტები –  ყველაფერი მიუთითებს  ფინიკიურ-სირიულ კულტურის  შემხებლობასთან –  განსაკუთრებით, ჭურჭლეული. ფინიკიელებმა შემდეგ  გადაინაცვლეს უფრო ზემოთ, შავი ზღვისპირეთისკენ და დაიკავეს დიოსკურიის სანაპირო. ასე შეიძლება მოკლედ დავახასიათოთ ფინიკიურ-ებრაული ელემენტების შემოდინების პირველი კორიდორი.

   საქართველოში ისრაელიანთა შემოსვლის მეორე პერიოდი, შესაბამისად მეორე კორიდორის განფენას უკავშირდება, რომელიც  გადაიშალა  3 ქვეყნის გზაჯვარიდინზე. ეს გახლავთ სომხეთი, იგივე არმენია – ანატოლია და საქართველო.  ეს უკვე რამდენადმე გვიანდელი ეპოქაა და თანხვდება  გაერთიანებული ისრაელის დამხობის ხანას – ძვ. წ. აღ.-ის VIII საუკუნეს. სოლომონის მეფობის შემდეგ  ქვეყანა ორად გაიყო  და დაარსდა სამხრეთით იუდეის, ხოლო ჩრდილოეთით –  ისრაელის სამეფოები. ამასთან, პირველის მოსახლეობა  2 ტომისაგან შედგებოდა, ხოლო მეორისა  – 10. ისტორიული ბედუკუღმართობით, მოხდა ისე, რომ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  ეს შუღლი და მტრობა  ისრაელის ისტორიის ტრაგედიად იქცა.

ისრაელი, ისევე როგორც საქართველო, არ იყო მონოლითური შენებისა და ამაზე ბიბლია ზედმიწევნითი სიზუსტით გვიამბობს. აქვე მინდა დავსძინო, რომ   ბიბლია არის ისტორიული გზამკვლევი. სამწუხაროდ,  ვუყურებთ, რომ იუდეურ-ქრისტიანულმა სამყარომ და იგივე სარწმუნოებრივმა ისტაბლიშენტმა ბიბლიას მხოლოდ რელიგიური დატვირთვა მისცეს, არადა, არ არის  ასე! ბიბლია არის სახელმძღვანელო, ისტორია გარკვეული პერიოდებისა და მის სტრიქონებს შორის ხშირად არის გადამწყვეტ მომენტებში საუკეთესო გამოსავლის მინიშნება. და მას წაკითხვა სჭირდება და არა თაყვანისცემა,  წაკითხვა და მართებულად გაგება! რითი განსხვავდება ბიბლია სხვადასხვა ეპოქის ხალხების მითოლოგიისაგან და ისტორიული ნარაციებისგან, მხოლოდ იმით, რომ აქ ყოველ ფურცელზე დატანილ მონათხრობში არის უზენაესის ჩარევა, რასაც ჩვენ გამოცხადების ფენომენი ვუწოდეთ და სწორედ  ამაზე ავაგეთ ნაშრომთა 30 ტომი, აგრეთვე,  3 ტომი სახელწოდებით –  „რევერაციონალიზმი“. ბიბლია ესაა ისტორიული გზამკვლევი, დოკუმენტი, უამრავი ავტორის ნაშრომი – მე ვსაუბრობ ძველ აღთქმაზე. ჰოდა, ბიბლია მოგვითხრობს, რომ მაშინ მოხდა ორი სახელმწიფოს დაპირისპირება – ისრაელისა და იუდეასი. იუდეველთა სამეფო თავის მოძმე 10 ტომის  წინააღმდეგ წარმოუდგენელ ღალატზე წავიდა  და  შეეკრა ასურეთს,  არამეელებს, რათა დაემხო ისრაელის სამეფო. განა ასე არ ხდებოდა ფეოდალურ საქართველოში?  საკუთარი გადარჩენისა და კეთილდღეობისთვის რამდენი ქართველი ფეოდალი შეეკრა ოსმალეთს, ირანს და ასე მოიპოვეს გამარჯვება  თავისსავე  ძმებზე, სისხლსა და ხორცზე.. ისრაელის ისტორია ტრაგიკული ქარგაა  – ძალიან ამაღელვებელი. მას სჭირდება გააზრება, რაციონალიზაცია, შესაბამისი დასკვნები  და არა  დოგმატურ, თეოლოგიურ პრიზმაში ჭვრეტა. ჩვენ სწორად უნდა გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაშია დღეს იუდეველთა დიასპორა და კორელაციაში მოვიყვანოთ  ისრაელის სახელმწიფოს დღევანდელი პრობლემატიკასთან,  სახელმწიფოს გეოპოლიტიკური სახის გათვალისწინებით. ამ სახელმწიფოებრივ შრეშიც  მეტად ბევრი საერთო აქვს ჩვენს ქვეყნებს და საქართველოსთვისაც მეტად ფასეული იქნება წარსული გამოცდილების შესწავლა-ანალიზი. სხვათა შორის,  მე მაქვს ამ პრობლემის იუდეურ-ქრისტიანული მიდგომისადმი კრიტიკა გამოტანილი და განხილული  ჩემს ინგლისურენოვან მრავალტომეულში. ეს დადებითი კრიტიკაა, ერთია მხოლოდ –  ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რა პერიპეტიებზე და როგორ წარმოიშვა ჩვენი  კონფლიქტები, იმისთვის, რომ მოვნახოთ საუკეთესო გამოსავალი და აქ უდიდესი როლი აქვს დიასპორას.

და აგერ, 10 ტომით დასახლებული ისრაელის სამეფო დაეცა და ხდება იქ მცხოვრებთა განსახლება. საით? ერთ-ერთი კორიდორი ამიერკავკასიაა. ეს უკვე არის მეორე კორიდორი, რომლითაც უკვე ისრეალური ელემენტები ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეში შემოდიან საქართველოში. თუმცა, ისტორიას თავისი კანონზომიერებები აქვს, რადგან  რაც იუდეველმა მეფეებმა ისრაელის მიმართ დასთესეს იმ ავბედით ხანაში – ეს იყო ტრაგედია და კატასტროფა მთელი მსოფლიოსათვის.

შეიძლება ითქვას, რომ მესამე კორიდორი სწორედ მეორე კორიდორის შედეგია –  უზენაესმა „არ დაუკარგა“ იუდეველებს მტრების წაქეზებები და კონსპირაციული ქმედებები ისრაელის სამეფოსადმი.  ამას ადასტურებენ წინასწარმეტყველები და გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი  სინოდის მიერ გამოცემულ ქართულ ბიბლიას, სადაც კარგადაა გადმოცემული ეს ისტორია. წინასწარმეტყველთა ენა განსაკუთრებული ენაა – თავისებური მისტიკური და მე ვიტყოდი, რომანტიკული ენა. ეს უნდა იცოდე, ეს უნდა წარმოიდგინო – როგორ მოსჩანს ამ სცენების პრიზმაში  მთელი ეს ისტორია.  უზენაესმა ფაქტიურად დასაჯა იუდეველები ისრაელის დანგრევისათვის.  ეს არის უკვე ბაბილონის ხანა, რადგან ასურეთი უკვე დაეცა. ბაბილონელები ამხობენ იუდეას სამეფოს  ძვ. წ.აღ–ით 589 წელს და ფაქტობრივად, უზენაესისაგან  მეფე ნაბუქოდონოსორის  ხელით ხდება „შურისგება“ წარსული შეცოდებისათვის. ამ ამბავს უკვე  ქართულ საისტორიო წყაროებიც ასახავენ, მაგალითად,   ლეონტი მროველი აღწერს  „ქართლის ცხორებაში“ და შ.  და ეს არის  მესამე კორიდორი ქრონოლოგიური ხანა. იუდეის დაცემის შემდეგ ხდება  იუდეველთა ორი ტომის დისპერსია – განფანტვა, განბნევა და ისინი უკვე შემოდიან საქართველოში  აღმოსავლეთის მხრიდან ე.წ. მცხეთის კარიბჭით. იუდეველები გამოივლიან  დერეფანს –   არმენია, აღმოსავლეთ სომხეთი – ირანი – ალბანია (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე,   მაშინ აღვანიად იწოდებოდა) და  აი,  ამ გზით შემოდიან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ,  მცხეთაში. ჩვენ ამ დროს უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ქართული სახელმწიფოებრიობა.

იუდეველები   გადაადგილდებიან სხვა მიმართულებითაც.   კერძოდ, ხმელთაშუა ზღვის აუზში და  არა მხოლოდ. სამწუხაროდ, ქართული საისტორიო წყაროები აღწერს მხოლოდ მესამე კორიდორის ხანას, ანუ იუდეველების შემოსვლას იუდეის და იერუსალიმის იავარქმნის შემდეგ.  აქაური ისტორიოგრაფია ვერ შესწვდა უფრო ღრმა ისტორიულ  კლასტებს, იგი  ისრაელურმა ბიბლიამ შემოგვინახა.  ანუ, ფაქრობრივად მესამე კორიდორი არის იუდეური 2 ტომის შემოსვლის გზა. თუმცა ჩვენ არ ვივიწყებთ, რომ  არსებობს კიდე რომ ისრაელიანთა 10 ტომი, რომელიც გაიფანტა უფრო ადრეულ ისტორიულ რეალობაში და რომელზეც ზემოთ მოკლედ მოგახსენეთ, რომ ეს გახლდათ ტრაგიკული შემოტრიალების მხარი ებრაელებისათვის.  აი, ამ 10 ტომის გავრცობადობას მივყვებით ჩვენს კვლევებში და  ეს 10 ტომი განთესვის არეალით მოიცავს მთელს მსოფლიოს. მოგვიანებით  იუდეის ორი ტომი ფაქტობრივად ამ გზებით მიდიან. და შემდეგ  ხდება რა? ფაქტობრივად, დაპირისპირება ისრაელურ და იუდეურ ელემენტებს შორის გრძელდება დიასპორაშიც. აი, ეს კოლიზია, ეს ანტაგონიზმი  წარმოვაჩინეთ ჩვენს კვლევებში,  დაპირისპირება, რომელიც რუდიმენტულად, გენეტიკურადაა შთაბეჭდილი  და აბსორბირებული გენოტიპში და  რომელსაც  დღესაც კონფრონტაციაში მოჰყავს ერთმანეთთან ისრაელიზმი და იუდაიზმი, მათი სარწმუნოებრივი განტოტებები. ეს მიდგომა თითქოს ახალ შუქს ჰფენს ამ აქტუალურ და მოარულ პრობლემას, რომელმაც აღთქმულ მიწაზე დაწყებული კონფლიქტი მთელს მსოფლიოში განთესა.

ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაახლოებით 80 % წიგნებისა შეეხება სწორედ  ამ საკითხებს. რადგან მსოფლიოს სხვა ერების, სხვა ქვეყნების ისტორია მჭიდროდ გადაეჯაჭვა  დიასპორაში გასულ ებრაელთა ბედსა და ქმედებებს. მას შემდეგ ეს შეხების წერტილები ყველგან და ყოველთვის არსებობს და  იქცა კიდეც მარადიული შეხების წერტილად, წერტილისა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს უზენაესის მიერ დაბეჭდილ ათვლის სათავეს.

ინტერვიუს ავტორი: ირინა ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

Related Articles

Back to top button
Close