ქართულ-ებრაული

,,ჩემთვის აქ, ქართულ მიწაზე იკვრება ჯადოსნური წრე…”_ ვინ იყო ისრაელის პრემიერის ქართველი მრჩეველი

  ამ ცოტა ხნის წინ, თბილისს აკადემიკოსი იცხაკ დავიდი სტუმრობდა. იგი საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერია, ცნობილი პოლიტოლოგი  ისრაელის ორი მოწვევის პრემიერის, იცხაკ შამირის პოლიტიკური მრჩეველი გახლდათ კავკასიის საკითხებში თითქმის 10 წლის განმავლობაში. დღეს  ბატონი იცხაკი ვაშინგტონში მოღვაწეობს და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას.  მქონდა ბედნიერება – ამ არაჩვეულებრივი  ადამიანის საზოგადოებაში თითქმის მთელი ერთი კვირა დამეყო და  ეს პერიოდი არასოდეს დამავიწყდება. ბევრი ვისაუბრეთ, მრავალი საკითხი ძირეულად განვიხილეთ და რადგანაც ბატონი იცხაკი მრავალმხრივი ენციკლოპედიური ცოდნის მფლობელია, ამიტომ მის ინტერვიუს რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ. იგი სრულყოფილად ფლობს 18 ენას, თუმც მუშაობის პროცესში გაცილებით მეტთან მქონიაო შეხება  და ისინიც ვისწავლეო, გამიმხილა ღიმილით. რთული და საინტერესო გზა განვლო იცხაკ დავიდმა, ყველაფერი კი აქ, თბილისში დაიწყო.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ბატონი იცხაკ დავიდი, სრულიად განსხვავებული იმიჯით, რომლითაც მას მხოლოდ ერთეულები იცნობენ:

ბატონო იცხაკ, სიყმაწვილის წლები ამ ქალაქში გაატარეთ, გვიამბეთ თბილისელი სოსო დავითაშვილის შესახებ…

სოსოს სახელით ჩემი ოჯახი, ბავშვობის მეგობრები და თანაკურსელები მიცნობდნენ. ეს მრავალი წლის  წინ იყო.   ყოველთვის, როდესაც საქართველოში ჩამოსვლისას სიყრმის მეგობრებს ვხვდებოდი, ასევე მეძახდნენ – სოსოს. ჩემი საყვარელი ჯემალ აჯიაშვილი მეძახდა ასე, საუნივერსიტეტო კედლებშიც ამ სახელით მცნობდნენ, შემდეგ მეცნიერებათა აკადემიაში, ისტორიკოსთა, ეთნოლოგთა წრეებში. ასე იყო მანამ, ვიდრე ისრაელში გავემგზავრებოდი. ამიტომ ეს სახელი მეტად ძვირფასია ჩემთვის.

მე თბილისელი კაცი ვარ, ძველი ქალაქის ძველ უბანში გავიზარდე – ჩვენი სალოცავის ახლომახლო. წლების განმავლობაში სოლოლაკელი ბიჭი ვიყავი. ახლაც, როდესაც ამ უბანს ჩავუვლი ხოლმე და ვუყურებ ძველ აივნებს, ეზოებს, კორიდორებს, მერწმუნეთ – დღესაც ვერ ვარ გულგრილი. გუშინდელი დღესავით მახსოვს: გამოვდიოდი ჩვენი ძველი ეზოდან, ავუყვებოდი ლერმონტოვის ქუჩას, ავდიოდი 39-ე სკოლაში. არაჩვეულებრივი სკოლა გვქონდა, შესანიშნავი პედაგოგები გვასწავლიდნენ. ბევრის გვარი დღესაც მახსოვს, მახსოვს მათი მომღიმარი სახეები, კეთილგანწყობა და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი პირველი სიყვარული ჰუმანიტარული მიმართულებებისადმი, როგორებიცაა – ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, ასევე ჩემი გატაცება უცხო ენებით. ამ მხრივ ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მამაჩემის, ხაიმ დავითაშვილის პიროვნებამ. სამწუხაროდ, იგი ადრე, 61 წლის ასაკში  გარდაიცვალა, მე ბავშვი ვიყავი. მან იცოდა უამრავი ენა, ამას ხელს უწყობდა ის, რომ იგი ხშირად გადიოდა საქართველოდან. გასული საუკუნის 20-იან წლებში იმოგზაურა შეერთებულ შტატებში, იყო ძველ პალესტინაში, თურქეთში,   განათლება მიიღო ავსტრიაში, შემდეგ იყო უნგრეთში და რუმინეთში. ერთი ამბავი მინდა გიამბოთ მასზე, რომელიც ცოტამ თუ იცის და რომელსაც მამის ხსოვნასთან ერთად სათუთად ვინახავ: გახსოვთ ალბათ, XX  საუკუნის 20-იანი  წლები, საქართველოს გასაბჭოების ხანა, სისხლით ჩაახშეს გენერალ  სუმბათაშვილის აჯანყება. მაშინ მამა  გასულიყო იყო ქვეყნიდან და რუმინეთში ცხოვრობდა. იქ შეიყვარდა მშვენიერი ებრაელი გოგონა, რუმინელი რაბინის ქალიშვილი, სახელად როზა. ცოტა ხანში დაინიშნენ კიდეც  და ქორწინება გადაწყვიტეს.  მამა ჩამოვიდა საქართველოში, რომ მშობლები წაეყვანა, მაგრამ ეს სწორედ ის პერიოდია,  როდესაც აჯანყება სისხლით ჩაახშეს, საზღვრები დაიკეტა და მამა ჩარჩა აქ, ვეღარ დაუბრუნდა თავის საოცნებო სიყვარულს. საოცრად ძლიერი გრძნობა იყო მათ შორის. მამამ ჩვენს ცხოვრებაშიც შემოიტანა ეს მოგონებები. მამას დიდხანს ჰქონდა იმედი, რომ დადგებოდა დრო, როგორმე გაარღვევდა  რკინის ფარდას და გავიდოდა ქვეყნიდან. ამ მოლოდინში  12 -15 წელი გავიდა, სიტუაცია კი არ შეიცვალა.

დედაზე მამამ გვიან,  1936 წელს იქორწინა, ეს ქუთაისში მოხდა და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ქალაქი  ჩემთვის მეორე საყვარელი ქალაქია. დედა საოცარი ქალბატონი იყო.  მამამ დედაჩემს დაარქვა როზა, ის სახელი, რომელიც მის პირველ სიყვარულს ერქვა. და მე მახსოვს დედაჩემი, იმ ქალბატონის სურათს თვალისჩინივით რომ უფრთხილდებოდა. ჩვენ კი ამ საოცარი სიყვარულის ისტორიაში გავიზარდეთ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დედა ყოველთვის თბილად იგონებდა იმ ქალს, რუმენეთის მთავარი რაბინის ქალიშვილს, როზას.

დედა წარმოშობით ცხინვალიდან იყო, ჩემი მშობლების შეერთებაც განყენებული, საკმაოდ ლამაზი და იდუმალი ისტორიაა. ერთს  გეტყვით მხოლოდ, ცხინვალისა და ახალციხის რეგიონის ებრაელობა სრულიად განსხვავებული მენტალობის ხალხია, ამ ორი რეგიონის ებრაელობას შორის არ იყო მაინცდამაინც კეთილგანწყობილი კავშირი. მსურს გაუწყოთ, რომ ქართველი ებრაელობა არ არის ერთგვაროვანი მონოლითური თემი, ისეთი განსხვავებაა მაგალითად, კულაშის ებრაელობასა და თბილისის, თუ ქარელის ებრაელობას შორის, როგორც სიტყვაზე ფრანგსა და გერმანელს შორის. ერთი რამ, რაც განურჩევლად ყველას ახასიათებს, ეს არის ადგილობრივი ქართული ქრისტიანული გარემოს გავლენა, ბანძის ებრაელობა ჩამოჰგავს ადგილობრივ მეგრელობას, ქუთაისისა – ქუთაისელებს და ა შ. სწორედ ეს იყო მათთვის საერთო მნიშვნელი. დედა, ჩიკვაშვილის ქალი იყო. მას არ ჰყავდა შვილი მთელი 11 წლის განმავლობაში. მე დავიბადე 1946 წელს, 12 იანვარს. მათი ცხოვრება იყო მისტიკურად შეწყობილი. ისინი მენტალურადაც განსხვავებულნი იყვნენ სრულიად. მამა ახალციხელი ებრაელი – საკმაოდ ხისტი და მტკიცე ბუნებისა, დედა ცხინვალელი – თავისი რბილი და დამყოლი ხასიათით. ახლა რომ ვუყურებ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ორი სამყაროს, ორი კულტურის შერწყმა, შეტაკებაც და კოლიზიაც. იყო რაღაც ბარიერები ჩემს მშობლებს შორის, ეს ალბათ ასაკობრივი სხვაობის ბრალი იყო, მაგრამ შემდეგ, როცა მამა გარდაიცვალა, დედა საოცარი ერთგულებითა და თავდადებით გვზრდიდა მე და ჩემს ძმას – მამის სიმტკიცეც და დედის სითბოც ერთ ადამიანში გაერთიანდა. მახსოვს მამის ავადმყოფობის ბოლო თვე, როდესაც მასთან ვიყავი, სნეულის სარეცელზე მიჯაჭვულიც კი ხან უნგრულად მესაუბრებოდა, ხან გერმანულად. მან იცოდა თურქული, სპარსული, აზერბაიჯანული, თითქმის ყველა ევროპული ენა და ებრაული. მე ებრაული ჩემმა დიდმა ცხინვალელმა პაპამ შემასწავლა. ჩვენ  ცხინვალში ვატარებდით არდადეგებს, ყოველ ზაფხულს იქ ვიყავი, მყავდა უსაყვარლესი ბაბო – იოხებერი და პაპა, ხაიმ დანიელი. ახალციხე ჩემთვის დიდი და მრავალმხრივ მნიშვნელოვანი კერაა.  ბავშვობის შემდგომ იქ მე მოგვიანებით მოვხვდი, სტუდენტობისას, სამხედრო კათედრიდან, სწორედ იქ, თურქეთის საზღარზე გაიარა ჩვენმა კურსმა სამხედრო საოფიცრო მომზადება. ესეც გარკვეულწილად იყო ჩემი ცხოვრების რაღაც ციკლისთვის წრის შეკვრა.  შემდეგ კი,  ამ ბოლო წლებში კიდევ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ახალციხე, თავისი მისტიკური ძალით. ქალბატონი თინა ჯაყელისა  და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი გია კოპაძის დახმარებით მე სამცხე-ჯავახეთის ორიენტირზე კვლავ გავედი. მოვიარეთ და მოვიხილეთ აწყური, ახალციხე, ადიგენი და სხვა. ძალზე მნიშვნელოვანი საექსპედიციო გასვლები გვქონდა საქართველოს სამხრეთისკენ. სწორედ მაშინ წარმოიშვა ჩვენი „კორიდორების თეორია“, ანუ, როგორ და რა მარშრუტებით ხდებოდა ისტორიულად ებრაული ტომების შემოსვლა საქართველოში. და ეს ყოველივე საფუძვლად დაედო ჩვენს უმნიშვნელოვანეს კვლევებს, რომელიც კიდევ უფრო ნათელჰყოფს წარსულს და ახალ ფურცელს ჩასწერს ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობებში.

ვუბრუნდები ბავშობას, ჩემმა სტუდენტობამ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვლო. შესანიშნავი მასწავლებლები მყავდა  თავიდანვე – ბატონი გიორგი წერეთელი, აკადემიკოსები –  კონსტანტინე წერეთელი, ლექსო ლეკიაშვილი, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ყაუხშიშვილი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, აღარც კი ვიცი, ღმერთმანი. ისინი გახლნდნენ დარგის ნამდვილი კორიფეები ბიზანტიოლოგიასა და  კავკასიოლოგიაში, ენათმეცნიერებასა და  ზოგად ფილოლოგიაში, სემიტოლოგიაში, დიალექტოლოგიაში. მაგალითისთვის მოგახსენებთ, ბატონი გიორგი წერეთელი იყო ეგნატ კრაჩკოვსკის მოწაფე, რომელიც თავის მხრივ გახლდათ რუსული  სემიტოლოგიის სკოლის დამაარსებელი და წინამძღოლი. აი,  ასეთი ძაფები გაიბა მაშინ. ის ცოდნა, რომელიც მე მათგან  მივიღე აქ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო საწინდარი და საძირკველი იმისა, რაც შემდეგ გავაკეთე  ჩემი პოლიტიკური და სამეცნიერო მოღვაწეობის გარკვეულ პერიოდში ისრაელში და დღეს უკვე დასავლეთსა და  შეერთებულ შტატებში ვაგრძელებ. აქ მიღებული ცოდნა რომ არ მქონოდა საფუძვლად, შეუძლებელი იქნებოდა იმ შრომების შექმნა და დაბეჭდვა, რაც დღეს უკვე მრავალტომეულებად შეკრული არსებობს. ამიტომ მე ჩემი პედაგოგების დიდად მადლობელი და მათი ხსოვნის უკვდამყოფელი ვიქნები ყოველთვის, ვიდრე ვიარსებებ და მერე კი ამ სამადლობელს ჩემს ნაშრომებში დავავანებ.

მე ჩემი ნაშრომებით ვუბრუნებ საქართველოს იმ სიყვარულს, რითიც მასაზრდოვა.  ჩემთვის სწორედ აქ, ქართულ მიწაზე იკვრება ჯადოსნური წრე – ჩემი პერსონალური, პიროვნული, სწორედ აქ ვგრძნობ ყველაზე მძაფრად, თუ როგორ დამაკლდნენ ჩემი განუყრელი მეგობრებრები.  სოსო დავითაშვილი, იგივე იცხაკ დავიდი საქართველომ გააჩინა და გამოზარდა თავის თბილ უბეში  და  მე ვამაყობ ამით მე ვამაყობ,  რომ ჩემი მეგობარი იყო უკვდავი პიროვნება – ბორის გაპონოვი, რომელთან ერთადაც დავიწყე ცისფერყანწელების თარგმნა. ერთ ასეთ ეპიზოდს გავიხსენებ: ვიჯექით მე და ბორის გაპონოვი, მე მთელი გრძნობით ვკითხულობდი გალაქტიონს, ბორისი კი პირდაპირ ებრაულად თარგმინდა. მთელი გულისმიერი ემოციით ვკითხულობდი,  ბორია კი თავაუღებლივ წერდა. და ბოლოს დაასრულა მინაწერით: თარგმნეს ბორის გაპონოვმა და იცხაკ დავიდმა.  ის ასეთი თავმდაბალი კაცი იყო, რადგანაც გალაქტიონის თარგმნის ინიციატივა ჩემგან მოდიოდა,  მან თავი ვალდებულად ჩემი ღვაწლი ასე აღენიშნა.  მის თარგმანს რომ დავხედე, მეგონა პირდაპირ გალაქტიონმა დაწერა თქო ებრაულად. და შემდეგ, როდესაც მე თავად ვთარგმნე გალაქტიონი, ბოლომდე შევეცადე, რომ ბორიასეული სტილი შემენარჩუნებინა, იმდენად სრულყოფილი იყო იგი.  ბორია ასევე თარგმნიდა რუსულიდან და თავის ორიგინალობის ბეჭედს ასვამდა. აქვე არ შემიძლია არ ავღნიშო მისი უკვდავი თარგმანი ვეფხისტყაოსნისა,  ბიბლიური მოტივები ვეფხისტყაოსანში, რომელიც ითარგმნა არაერთ ენაზე და  დაიბეჭდა ბევრ ავტორიტეტულ გამოცემაში რუსულად, ქართულად, ებრაულად. თელავივში 70 იანებში დავაფუძნე ქართველოლოგიური კომიტეტი, რომელიც შემდეგ გადაიქცა კავკასიოლოგიის კომიტეტად. სწორედ იქ  გვქონდა ბორია გაპონოვის ლიტერატურული წრე, იმ პერიოდში  გამოდიოდა “სიონი”, სადაც გამოვეცი  ბორიასეული ნაწარმოებები.

მეორე ჩემი საამაყო კაცი გახლდათ ჯემალ აჯიაშილი, შესანიშნავი  და მრავალმხრივი პიროვნება – ჩემი გენიალური მეგობარი. უმისოდ მე არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. მან შემაყვარა ყველაფერი, რაც მიყვარს ქართული, განსაკუთრებით კი – პოეზია. ჩემთვის მისი წასვლა დიდი ტრაგედია იყო. მესამე ჩემი განუყრელი ადამიანი იყო გენიალური მხატვარი, ეპოქალური ნიჭის კაცი – მიშა ჯანაშვილი. მისი ნახელქმნარი უკვდავი პორტრეტები მთელი ისტორიაა, რომლის  შექმნა მან საქართველოში დაიწყო და  ისრაელში განაგრძო – ცფატში და მე მიხარია, რომ  იერუსალიმში ჩვენი რეკომენდაციით და ოჯახის ძალისმევით, ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მიშა ჯანაშვილის სახელი. ეს დამსახურებული და აუცილებელი აღიარებაა მისი სახელის უკვდავსაყოფად. და მეოთხე –  ეს გახლავთ პიროვნება, რომელიც მე  მაკავშირებს უკვე პოსტსაბჭოურ  გეოპოლიტიკურ წრესთან: ეს არის უკრაინელი ებრაელი, აკადემიკოსი იგორ საფონოვი. რომელთან ერთადაც ჩვენ პატივი გვქონდა ვაშონგტონში გასული საუკუნის  80-იანი წლების ბოლოს ჩამოგვეყალიბებინა საერთაშორისო საინფორმაციო მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი. იმ პერიოდში იყო გარკვეული   მუხტი და  კონტაქტები – იგივე საბჭოეთის სამეცნიერო ინსტიტუტებთან და ჩვენ ეს რესურსი გამოვიყენეთ. ეს იყო შესანიშნავი პიროვნება დიდი მეცნიერი მათემატიკური ეკონომიკის და კიბერნეტიკის დარგში, კოლმოგოროვის მოწაფე და უღალატო მეგობარი.

და ისევ უნივერსიტეტი… საუკეთესო სამეგობრო გვყავდა უნივერსიტეტში, ბევრი აღარაა ჩვენს შორის. ბედნიერი სტუდენტობა გვქონდა – სუფთა და ხალასი, გაჟღენთილი ცოდნის დაუფლების დიდი სურვილით, ლამაზი  რომანტიკული ურთიერთობებით.

მახსოვს, 1989 წელი იდგა, მე ისრაელის მთავრობის დელეგაციასთან ერთად ოფიცილაური ვიზიტით ვესტუმრე საქართველოს. ვცხოვრობდით სასტუმრო „ივერიაში“. ერთ საღამოს ჩემს სანახავად მოვიდა  სწორედ ის გოგონა, რომელიც სტუდენტობისას ძალიან მიყვარდა. ის  მოვიდა ჩემს სანახავად თავისი 3 შვილით და სტუდენტობის ლამაზი წლების სიო მომიბერა და ჩემი ცხოვრების შესანიშნავი  პერიოდი მომაგონა.  შემდეგ, როდესაც ამის საშუალება მოგვეცემოდა,  გვქონდა ხოლმე მეგობრებს შეხვედრები, ჩვენ გვიხაროდა ერთმანეთი. ჯემალ აჯიაშვილი ყოველთვის იყოს ჩვენს გვერდით, ის ერთი კურსით ზემოთ იყო, მაგრამ სულ ჩვენთან იყო, რადგან ჯემალი ყველას უყვარდა. ერთად დავდიოდით ექსკურსიებზე მცხეთაში, შიომღვიმეში, ქვათახევში. ბედნიერება იყო ჯემალ აჯიაშვილის საზოგადოებაში ყოფნა, ნამდვილი ბედნიერება.

  ბატონო იცხაკ, თვინიერ ლამაზი მოგონებებისა – რა სიწმინდეს ინახავს თქვენთვის თბილისის მიწა?

ჩემთვის თბილისი ბევრი რამის გამოა ადგილი, სადაც როგორც პოეტი ამბობს, „ჩემი გული ასვენია“. ებრაელი კაცისთვის წინაპართა საფლავები დიდი სიწმინდეა. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მეხსომება, რომ სწორედ აქაა  ჩემი მამის, პაპის, ბაბოს, ჩემი დეიდაშვილების, მამიდაშვილების საფლავები. ქალბატონო ირინა, მადლობა მინდა მოგახსენოთ ამ შეკითხვისთვის, რადგან სწორედ გუშინ ჩემი დიდი ხნის მეგობრის, ბატონი გივი ღამბაშიძის დახმარებით, მოვახერხე წინაპართა და ნათესავთა საფლავების მონახულება და პატივის მიგება. ჩემი საყვარელი მეგობარი და  კოლეგაა პროფესორი გივი ღამბაშიძე. ის დღეს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმს ხელმძღვანელობს. მიუხედავად მისი დროის დეფიციტისა, ჩვენ ერთად წავედით  ესოდენ მნიშვნელოვანი მისიის აღსასრულებლად. თან გვახლდა მუზეუმის თანამშრომელი გიორგი არაბული, გადავიღეთ ფოტოები და გავაკეთეთ  საფლავების ფოტოკოლაჟი. მადლიერი ვარ ბატონი გივის და მისდამი დაქვემდებარებულ  მუზეუმისა,  რომ მოვახდინეთ ჩემი წინაპართა საფლავების ოფიციალურად დარეგისტრირება – ჩემი წმინდა ალაგისა ქალაქის ძველ უბანში. ეს საფლავები ჩემი და ჩემი გვარის  ისტორიაა.  მე რუსულენოვან ორტომიან ნაშრომში – „История евреев на Кавказе“, დაწვრილებით განვიხილავ  წინაპრების სასაფლაოების საკითხს  და ფაქტობრივად,  ვათარიღებ მათ  1850-იანი წლებით. ჩვენ გვინდა რომ ებრაელების საფლავები იყოს შენარჩუნებული, რესტავრირებული, რადგან  ბევრი მათგანი დაზიანებულია.  მათ მოვლა სჭირდებათ და ეს უპირველესად ყოვლის ქართველი ებრელების ვალია, ამისთვის სახსრებიც უნდა გაიღონ, რადგან ეს მათი გვარის და წინაპრების ისტორიაა. ებრაელები ქართველებთან ერთად უნდა გაუფრთხილდნენ თავიანთ წარსულს საქართველოს მიწაზე.

(გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა    ი ქ ნ ე ბ ა)

სტატიის ავტორი: ირინა ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი

 

 

Related Articles

Back to top button
Close