,,ხმა ავიმაღლოთ, ნუ გეშინიათ!”-ხელისუფლებისთვის პედაგოგების დუმილი ნიშნავს მათ კმაყოფილებას
ექსკლუზიურ სტატიას, რომელიც euronews.ge-მ გამოეხმაურა ბორჯომის სკოლის პედაგოგი, ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი. მან შეგვაქო სიმართლის წერისთვის, კოლეგებს კი მოუწოდა, ხმა აიმაღლონ ტყუილის წინააღმდეგ _ გამოვიდნენ და საჯაროდ განაცხადონ, რა ხდება სკოლებში.
_ ბოლო დროს, მმართველი გუნდის წარმადგენლები ბუკსა და ნაღარას სცემენ, პედაგოგებს ხელფასები გავუზარდეთო, თუმცა კონკრეტულად არ ამბობენ, რამდენ პედაგოგს გაუზარდეს ხელფასი. საკუთარ აღტაცებას ამასაც დასძენენ – ხომ ხედავთ, რასაც ვპირდებოდით ხალხს, ყველაფერს ვასრულებთო.
_ დიახ, პედაგოგთა უმრავლესობა ამას ,,გაგებით” შეხვდა. არადა, რეალურად, საქართველოში დასაქმებული პედაგოგებიდან (ამჟამად 44 579 პრაქტიკოსი, 18 768 უფროსი, 257 წამყვანი და 9 მენტორია), ხელფასი ეზრდება მხოლოდ წამყვანსა და მენტორს, ანუ 266 მასწავლებელს. დიახ, მხოლოდ 266 პედაგოგს გაეზარდა ხელფასი ქვეყანაში, რაც ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ დანარჩენებმა რა დააშავეს?!
დადგენილი წესის მიხედვით, პედაგოგმა ე.წ. კარიერული წინსვლით უნდა მოახერხოს და გადავიდეს მომდევნო საფეხურზე, რაც მისი ხელფასის მატებასაც გამოიწვევს. სხვა გზა იმისა, რომ მასწავლებელმა, თავისი მატერიალური ყოფა გაიუმჯებესოს, პრაქტიკულად არ არსებობს. ეს მაშინ, როდესაც სულ ახლახანს მიღებული საჯარო მოხელეების ანაზღაურების ახალი წესით, ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო მოხელის ხელფასი მნიშვნელოვან ზრდას განიცდის. მათ არც კარიერული წინსვლის სქემა მოეთხოვებათ და არც კრედიტქულების დაგროვება.
ამ ქვეყანაში მარტო საჯარო მოხელეებისთვის გაძვირდა გადასახადები, მედიკამენტები და ზოგადად, ცხოვრება? ისე, კომპეტენტურ პირებს ვთხოვ, თუ შეუძლიათ გამოაქვეყნონ, ქვეყნის მასშტაბით რამდენი საჯარო მოხელეა და მთლიანად მათი სახელფასო ფონდი რა ჯდება თვეში. შევადაროთ მასწავლებელთა საერთო სახელფასო ფონდს და ნახავთ, როგორ ,,გააუმჯობესეს” პედაგოგების მდგომარეობა. ბოლოს მათი შესრულებული საქმეებიც შევადაროთ პედაგოგების საქმეებს და უკეთ დავინახავთ, რომ განათლება, ამ ქვეყანაში, პრიორიტეტული ნამდვილად არ არის და ახლა, სურთ, რომ ხალხი მოატყუონ.
სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს პედაგოგები მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ _ როგორც კამპანიის ნაწილში, ისე ადმინისტრაციული რესურსის კუთხით. როცა პოლიტიკოსები სკამებს კარგად მოირგებენ ხოლმე, მათ პედაგოგები და მათი ხელფასები აღარ ახსოვთ.
_ ანუ პედაგოგებს მხოლოდ იყენებს ხელისუფლება და მათ შრომას საერთოდ არ აფასებს?
_ რა თქმა უნდა, ასეა. მასწავლებლის შრომა და მისი პასუხისმგებლობა თავად აწონეთ ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე…
მასწავლებელი იმ კატეგორიაში შედის, რომლისთვისაც პრემია-დანამატები საერთოდ არ არსებობს; დეკრეტული შვებულება მაშინ მიეცემა, როცა სკოლას ფული აქვს, არადა, უფასოში უშვებენ. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მხოლოდ მისთვის არსებობს უფასო ბიულეტინი. მასწავლებლისთვის ხელმისაწდომია მხოლოდ ის აბლაბუდა სქემა, რომელშიც, თითქმის ყოველთვე რაღაცას ცვლიან და ვერ გაგვიგია, მისი თავი და ბოლო. ალბათ არ მიწყენენ ჩემი კოლეგები, მაგრამ ჩვენც ძალიან ვტყუით.
ჩვენი დუმილი, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ნიშნავს პედაგოგთა კმაყოფილებას. ეტყობა ფიქრობენ, მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ შრომის შესაფერისი სარგო ეძლევათო და იმ კანონს არ არეგისტრირებენ პედაგოგების დახმარებით მოსული დეპუტატები პარლამენტში, რომელიც ამ გაჭირვებული კატეგორიის ადამიანებს ყოფით ცხოვრებას გააუმჯობესებს და პროფესიული კუთხით განვითარების მნიშვნელოვან მოტივაციას შესძენს. გაჭირვებულმა, მასწავლებელმა, იმისათვის, რომ 1 კრედიტქულა დააგროვოს, 25 საათიანი ტრეინინგი უნდა გაიაროს და ხშირ შემთხვევაში, სკოლიდან პირდაპირ სხვა სკოლაში, ნახევრად მშიერი გაიქცეს. ასეთია მასწავლებლის ხვედრი ამ ქვეყანაში. სიბერეში კი ეძლევა ამ მნიშვნელოვანი შრომის შედეგი _ 180 ლარი. ხომ შეიძლება, პენსია მაინც ჰქონდეთ განსხვავებული, მაგრამ არც ამას აკეთებენ. მარტო პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეს განსხვავებული პენსია და ხელფასი, რათა ახლაც დალხენით იცხოვრონ და სიბერეშიც. ასე, რომ ხელფასები, რეალურად გაეზარდა მხოლოდ 266 მასწავლებელს და არა ყველას.
ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, რომ ტყუილი არის ცუდი და დასაგმობი, თუმცა ჩვენი სიჩუმით ხელს ვუწყობთ მატყუარების უკეთ ყოფნას და მათ, მორიგი ტყუილისთვის ნებით, უნებურად, სამსახურის დაკარგვის შიშით თუ გულგრილობით, ვაქეზებთ. სიცრუის წინააღმდეგ მაინც ავიმაღლოთ ხმა პედაგოგებო. ნუ გეშინიათ, ძალა ერთობაშია!