ძაღლების ჩხუბით დაწყებული სისხლიანი ანგარიშსწორება და საწოლს მიჯაჭვული 17 წლის ბიჭი
,,ნუ გეშინია, დე, გადაგარჩენ, ჩემი ლამაზი ბიჭი…” – ასე ეფერება ნინო ჩეკურიშვილი 17 წლის შვილს, ერეკლეს, რომელიც ვორონცოვზე, 13 აგვისტოს ძაღლების ჩხუბით დაწყებულ სისხლიან ანგარიშსწორებას ემსხვერპლა.
დღეს ერეკლე სიცოცხლისთვის იბრძვის მხოლოდ იმის გამო, რომ 6 თვის წინ, ერთმა არაკაცმა, 15-16 წლის ბავშვები სასიკვდილოდ გაიმეტა – ჩემი ძაღლი ფეხით რატომ გააგდეთო. მამის თვალწინ, ჯერ ერთ ძმას ესროლა და მერე მეორეს.
„იმ არაკაცის ძაღლი ეცა ჩვენ ძაღლს და ერეკლემ და დათომ ფეხით მოიგერიეს, პატრონმა დაუწყო ყვირილი, ჩხუბი მოუვიდათ, მერე სახლში ამოვიდნენ და ერეკლეს დარჩა ჯვარი სკვერში და მოსაძებნად რომ ჩავიდა, სახლში დაბრუნებულებს ჩაუსაფრდა და ესროლა. ერეკლეს თავში, დათოს ყელში. დათო ბეწვზე გადარჩა, არტერიასთან 2 მილიმეტრით აცდა“,-ამბობს დედა. მისი ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა დაკავებისას განაცხადა, რომ სროლის მომენტში ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
„ბრალდებული არის გარეწარი, პოლიციამ ეს მანამდე გვითხრა, როცა გაიგეს, ვინც იყო. ნასამართლევია და ნარკოტიკის მომხმარებელი. 4 მარტს ჩატარდა სასამართლო, ეს არაადამიანი ისე გვიყურებდა და იცინოდა, ერეკლეს უფროსი ძმა მდგომარეობიდან გამოვიდა, სასამართლო დარბაზში შევარდა. გადავრჩით, ბადრაგს რომ არ ემარჯვა, არ ვიცი რა მოხდებოდა. ისედაც მთელი ოჯახი განადგურებული ვართ, ამასაც დაიჭერდნენ და დავიღუპებოდი. იმ არაკაცს რაღაცის იმედი აქვს, ჰყავს ორი ადვოკატი და რვა თვეა სასამართლო ჭიანურდება. ჯერ ჩემი მეუღლე არ დაკითხულა, თუმცა მე ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ საკადრისად დაისაჯოს, თორემ კიდევ ვიღაცას გაამწარებს ჩემნაირად“-ამბობს ნინო ჩეკურიშვილი.
„ერეკლე საუკეთესო მოსწავლე იყო, სპორტით გატაცებული და მეგობრული. ალბათ ამიტომაც, მის კლასელებს და მეგობრებს ერთი წუთით არ მიუტოვებიათ, ცდილობენ დახმარებას”-ამბობს ერეკლეს დედა.
მისივე თქმით, სოციალურ ქსელში უცნობი პირები ბავშვის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ კი, მხოლოდ დამნაშავის ოჯახი ჩაწერა, მომხდარი ცალმხრივად გააშუქა და დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ერეკლე იყო ჩხუბში დამნაშავე.
„ვიღაცეები მკვლელს საქციელს უქებდნენ, შენს მარჯვენას ვენაცვალეო, წერდნენ. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ კი უდიდესი ტკივილი მომაყენა, მხოლოდ მეორე მხარის ოჯახი ჩაწერა, რომლებმაც კომაში მყოფ ბავშვზე ყველანაირი ტყუილი იკადრეს. თითქოს ჩემმა შვილმა ის პიროვნება მამასთან ერთად ცემა, არადა, მამა ჩხუბის დროს იქ საერთოდ არ ყოფილა, მერე გაჰყვა, როცა ჯვრის საძებნად გავიდნენ ბიჭები. რამდენჯერმე დავრეკე იმ ტელეკომპანიაში, ვთხოვე, მეც ჩავეწერე, მაგრამ ამაოდ“-ამბობს ნინო ჩეკურიშვილი.
რამდენიმე კვირის წინ, სანამ კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი დაიწყებოდა, ერეკლეს დედამ საზოგადოებას თხოვნით მიმართა ფინანსური დახმარებისთვის. რადგან გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ განაცხადა თანხმობა მიღებაზე, თუმცა ოჯახისთვის მიუწვდომელ ფასად – 145 ათას ევროდ.
ამ ხნის განმავლობაში ოჯახის ფინანსური მდგომარეობა დამძიმდა, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და გასაყიდიც არაფერი დარჩათ, „ნიუ ჰოსპიტალში“ დავალიანებაც დაუგროვდათ.
ერეკლეს დედას თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და დავალიანება დაუფარა, ნიუ ჰოსპიტლის მფლობელი კახა ოქრუაშვილი კი 5 ათასი ლარით დახმარებას დაპირდა. ჯამში, ტელეფონის ზარების ჩათვლით, 23 ათასი ლარი დაგროვდა, თუმცა როგორც ერეკლეს დედა ამბობს, კორონავირუსთან დაკავშირებულ ამბებთან ერთად, ჩარიცხვები შეწყდა.
„მაისამდე გერმანიაც ვერ მიიღებს, მოგვწერეს მაისამდე ვადა გაქვთ თანხის ჩარიცხვისო. სიკეთე იყოს, შეჩერდეს ვირუსი და მერე დავიწყებ თანხის შეგროვებას“,-ამბობს გამწარებული ქალი.
ერეკლეს დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ამ ანგარიშებზე. დღეს მისთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.
გთხივთ, გულთან ახლოს მიიტანეთ ერეკლესა და მისი ოჯახის გასაჭირი და ერთობლივი ძალისხმევით, ბავშვის გადარჩენა მოვახერხოთ.
დარეკეთ მაგთის და ბილაინის აბონენტებმა:0901701533
(2 მარტიდან ჯეოსელი გააქტიურებს) ზარის ღირებულება 1 ლარი
TBC ბანკი:
GE14TB7525245061100076 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი
საქართველოს ბანკი:
GE73BG0000000190588200 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი
ერეკლეს დედის პირადი მობილურის ნომერია: 577 39 18 25.