საზოგადოება

როგორ შეძლო პატარა საქართველომ ვირუსის გავრცელების თავიდან არიდება ასე ეფექტიანად? – ბრიტანული გამოცემა საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის

პატარა ქვეყანა, დიდი ძალისხმევა: როგორ გახდა საქართველო სამაგალითო კოვიდ-19-თან ბრძოლაში – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული CISION საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის მიმოხილვას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

კოვიდ-19 მთელი მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს – მათ შორის, იმ ქვეყნებსთვისაც, რომლებსაც ძლიერი ჯანდაცვის სისტემა გააჩნიათ. სიკვდილიანობის შემთხვევები დრამატულია, ეკონომიკური კრიზისი -დამანგრეველი ლამის მთელი მსოფლიოსთვის.

ამ დროს კი ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარეობს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯებით მისაბაძად იქცა.

როგორ შეძლო პატარა საქართველომ ვირუსის გავრცელების თავიდან არიდება ასე ეფექტიანად?

პირველი კოვიდინფიცირებულის დაფიქსირებიდან 2 თვის შემდეგ, საქართველოში 517 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 178 უკვე გამოჯანმრთელებულია. 6 შემთხვევა დასრულდა სიკვდილით (მონაცემები გასაახლებელია), რომლებიც ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები იყვნენ.

„მიუხედად იმისა, რომ საქართველო გეოგრაფიულად ახალი კორონავირუსის ეპიცენტრიდან მოშორებულია, ჩვენ ვიცოდით, რომ ვირუსის გავრცელება მხოლოდ დროის საკითხი იყო“, – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

მისმა სამინისტრომ ეპიდემიის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იანვრის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. საინფორმაციო კამპანია გაიშალა აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებზე. ქვეყანაში შემოსვლისას მგზავრებს აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა ამოეცნოთ ვირუსის სიმპტომები და სად მიიღებდნენ დახმარებას, თუკი ინფიცირებულები იქნებოდნენ. მალევე სასაზღვრო პუნქტებზე თერმოსკრინინგი დაიწყო. მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებს საკარანტინო ზონებში ათავსებდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, საქართველომ საკუთარი პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც ერთ-ერთი ყურადსაღები და შესამჩნევი აღმოჩნდა და რომელსაც დიდი წილი აქვს იმაში, რომ ქვეყანამ პანდემიის მასშტაბური გავრცელების არიდება შეძლო – უსიცხო ან დაბალი ტემპერატურის მქონე ადამიანებსაც ამოწმებდნენ ვირუსზე.

ამ ზომების გარდა, იანვრის ბოლოს, ჯანდაცვის მინისტრმა ჩინეთთან მიმოსვლის აკრძალვის რეკომენდაცია გასცა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩინეთთან პირადპირი ფრენები გაუქმდა. საქართველომ მალევე ჩაკეტა საზღვრები მაღალი რისკის ქვეყნებთან. ვირუსის პირველი აღმოჩენამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ჯანდაცვას უკვე ჰქონდა ვირუსის იდენტიფიცირებისა და დიაგნოზის შესაძლებლობა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეს აქტიური 333 შემთხვევაა.

საქართველოში ვირუსის გავრცელების პრევენციის მთავარი სტრატეგია იყო – თავიდანვე მკაცრი იზოლაცია. დამატებით, საინფორმაციო კამპანიამ დიდი როლი შეასრულა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში –  კერძოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია, სახლში დარჩენა, სანიტარიული ნორმების დაცვა.

იმისათვის, რომ შესაძლო ინფიცირებულის კონტაქტები სწრაფად აღმოეჩინათ, ჯანდაცვის სამინისტრომ მობილური აპლიკაცია STOP COVID გაუშვა.
აპლიკაცია შეიქმნა ავსტრიული NGO NOVID20-ის და Dolphin Technologies-ის მიხედვით, რომელიც დეველოპერულ სისტემაში ძალიან ინოვაციური სისტემაა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ძალისხმევა მიზნად ისახავდა ე.წ. მრუდის გაბრტყელებას, რათა ჯანდაცვის სისტემას ეფექტურად გამოეყენებინა თავისი რესურსები მიზნის მისაღწევად.

„ჩვენი მიზანია აგრესიული პიკის თავიდან აცილება და პლატოს შექმნა, რომელიც ქართული ჯანდაცვის სისტემა დაეხმარება, წინ აღუდგეს კოვიდ 19-ის შეტევას და საშუალებას გვაძლევს, საფუძვლიანად ვუმკურნალოთ პაციენტებს, სრულ გამოჯანმრთელებამდე,“ – აღნიშნავს ტიკარაძე.

„არ არსებობს იმის იმედი, რომ კოვიდ-19 მალე თავისით გაქრება. იმისათვის, რომ ვირუსისგან საზოგადოების ჯანმრთელობა დაცული იყოს, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ და მისმა მოქალაქეებმა ისწავლონ ვირუსთან ერთად ცხოვრება და არსებობა, სანამ ვაქცინას და უფრო ეფექტიან სამკურნალო საშუალებები არ შეიქმნება“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

საქართველოს უკვე დაწყებული აქვს შეზღუდვების შემსუბუქება. როგორც ტიკარაძე მიუთითებს, შეზღუდვების შემსუბუქება და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება დამოკიდებულია ვირუსის რეპროდუქციულ რეიტინგზე.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური გზა  სოციალური დისტანცია და ჰიგიენის დაცვაა. ამ წესების დაცვის პირდაპირპროპორციულია Rt რეიტინგი.  ესაა ერთადერთი გზა, რომ პროცესი ვმართოთ და ჯანდაცვის სისტემის კრიტიკული ნგრევა  არ გამოვიწვიოთ. თუკი Rt ინდიკატორი დაიწევს, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება. თუკი პირიქით – აიწევს, საპასუხოდ შეზღუდვების გამკაცრება მოგვიწევს“, – განმარტავს მინისტრი.

დღევანდელი მონაცემები ქვეყნისთვის საკმაოდ დამაიმედებელია: Rt ინდიკატორი 1-ზე ქვევითაა (R0=.88 +/- 0.09). შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ფაზა უკვე დაწყებულია.

საქართველოს უკვე შეფასდა, როგორც პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ეფექტური მაგალითი.  საქართველოს მაგალითმა აჩვენა, რომ პანდემიის დამარცხებაში არამხოლოდ რესურსებს აქვს მნიშვენლობა, არამედ ეფექტურ და დრულ მენეჯმენტს.

Related Articles

Back to top button
Close