საზოგადოება

,,ჩემ თაობას კარგ საქმეებთან ერთად უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული”

,,ძალიან მძიმე დრო გვიდგას, უმძიმესი..."

ძალიან კარგი და საჭირო აქცია იყო გუშინ, 20 ივნისს, სისხლიანი 20 ივნისის მეორე წლისთავზე.
ცოტა ხალხი იყო კი, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის ობიექტურიც.
თვითონ მოვლენას ობიექტურად ყოველთვის ბევრად მეტი ხალხი ესწრება, ვიდრე ამ მოვლენის წლისთავს – ემოციურად ეს ასეა და ეს ემოცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გაუტოლდეს იმდღევანდელს, როცა უკვე გამარჯვებული ან გამარჯვების ყველასათვის დასანახ გზაზე შემდგარი ვიქნებით. ეს ასეა და ამისგან დრამას ნუ შევქმნით.
აგრეთვე ხალხის სიმცირის მიზეზად ოპოზიციის მიმართ უნდობლობა სახელდება და ეს კი სერიოზულ განსჯას მოითხოვს როგორც პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებმაც უნდა იგრძნონ საკუთარი პასუხისმგებლობა ხალხის და მათ შორის იმ გოგო–ბიჭების წინაშე, რომლებიც თვეებია სახლში არ შესულან, რომლებსაც ურტყამენ, იჭერენ, ჯარიმებს აკისრებენ – ამ ადამიანების მიტოვება ოპოზიციის მხრიდან ყოვლად დაუშვებელია.
მაგრამ მარტო ოპოზიციას არა, ასევე ჩვენც გვმართებს დაფიქრება, რამდენად სწორია ჩვენი იმედგაცრუების გამო ასეთ აქციაზე არმისვლა და ზოგადად ის საჯარო კარის გამოჯახუნებები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ.
ჯერ ერთი, რა შუაშია რომელიმე პოლიტიკოსით ან თუნდაც ყველათი უკმაყოფილების გამო ოკუპაციის გასაპროტესტებელ აქციაზე არ მისვლა, მით უმეტეს როცა ამ აქციას სისხლიან 20 ივნისს დაზარალებული პატრიოტები ატარებენ?! საკუთარი თავი არ გვაბია და საკუთარი ღირსება არ გვაქვს რომ ყველასგან დამოუკიდებლად გვქონდეს პროტესტის გრძნობა? აქციაზე ჩვენ ვინმეს ხათრთ დავდივართ თუ იმ იდეას მივყავართ, რომელიც თავად უნდა გვქონდეს?
ან საჯაროდ კარს რომ ვიჯახუნებთ და ვტოვებთ პარტიას, მერე სად მივდივართ – სახლში და ამით ვეხმარებით ისევ ხელისუფლებას თუ რომელიმე სხვა პარტიაში? და რომელში უკაცრავად? რომელთან არ გვაქვს პრეტენზიები?
ძალიან მძიმე დრო გვიდგას, უმძიმესი, და არა იმიტომ რომ ცოტა ხალხია აქტიური – დისიდენტობის დროს ბევრად ცოტა იყო, არამედ იმიტომ რომ ყველაზე მეტად როცაა ერთად ყოფნა საჭირო, ეს რომ ყველამ კარგად ვიცით და მაინც რომ ვერ ვართ და არც წინ ვიხედებით, აი ამიტომ.
ჩემ თაობას კარგ საქმეებთან ერთად უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული, მათ შორის საბედისწეროც, და ამ შეცდომებს შორის უმთავრესი ურთიერთსიძულვილი, შეურიგებლობა და ურთიერთმტრობა იყო სნამდვილეში თანამოაზრეებს შორის, და ეს მაშინ როცა ყველას საერთოდ მტერი გვყავდა და მისთვის ვერ ვიცლიდით, ერთმანეთს ვჭამდით. ამიტომაა ჩვენს მომავალ თაობას ასეთი ქვეყანა რომ დავახვედრეთ და დღესაც იგივე უნდა გავაგრძელოთ?! დღესაც ისევ ის მტერი გვყავს და დღეს მაინც ნუღარ ვწამლავთ ჰაერს მაშინდელი სიძულვილით, თან თანამოაზრეებს შორის – ამ ჰაერს ჩვენი შვილებიც სუნთქავენ…
ის გოგო–ბიჭები, რომლებიც ასე უპრეტენზიოდ, ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხარჯზე იბრძვიან, დავაფასოთ, მადლობა ვუთხრათ, გვერდით დავუდგეთ, უკანაც გავყვეთ, რადგან საქართველოს მომავალი მათია და ჩვენ ამ მომავალში სწორედ მათ უნდა გადაგვიყვანონ! აი, ეს უნდა გაიგონ პოლიტიკოსებმაც და მათმა მხადამჭერებმა თუ მოწინააღმდეგეებმაც და თუ არაფერს გააკეთებენ, გზა მაინც არ გადაუღობონ ამ ქვეყნის მომავალს!
მადლობა ყველას, ვინც გუშინდელი აქცია ჩაატარა – ხვალ უფრო მეტი ვიქნებით და თქვენით და თქვენთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ირინა სარიშვილი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close