საზოგადოება

შემინდეთ… და მომიხსენიეთ ლოცვებში – ბესიკ დუღაშვილს კიდევ ეძებენ

მხატვარ-კარიკატურისტის, ბესიკ დუღაშვილის ძებნა გრძელდება. ბესიკი გუშინ დილით, დაახლოებით 10 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს. წასვლამდე დუღაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა:

“როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით “ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!”, როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-“იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი”… როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს…

არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა… არა… არა… და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს…

მე გავდივარ… გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!
გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან…
სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში…
მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება… შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა… მშვიდი სიბერე…
დე მე ვიყო ბოლო…
შემინდეთ… და მომიხსენიეთ ლოცვებში
წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი”

მეორე დღეა ბესიკ დუღაშვილის ძებნის ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. მასში ჩართული არიან როგორც სამართალდამცველები, ისე კარიკატურისტის ოჯახის წევრები და მეგობრები.
AMBEBI.GE ბესიკ დუღაშვილის დას, ანა დუღაშვილს დაუკავშირდა:

“ახლა მივდივარ პოლიციაში დაკითხვაზე. ინტენსიურად ვეძებთ. ერთადერთი რაც გვაქვს ახლა ისაა, რომ მამაოები მოიკითხავენ სხვადასხვა მონასტერში, წინამძღვრებთან დარეკავენ იმის გასარკვევად, სადმე ხომ არ არის”.

ბესიკ დუღაშვილი გარკვეული წლები მედიაში მოღვაწეობდა და ბევრი ცნობილი ადამიანის კარიკატურა აქვს შექმნილი.

წყარო: .ambebi.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close