შალვა ნათელაშვილი: ეს ბოროტთან ერთად სულელიც ყოფილა…
,,ეს ბოროტებასთან ერთად სულელიც ყოფილა.თუკი რამე ან ვინმე უყვარს ერს, ამას სძულს. მამამისი ცეკას პროპაგანდის უფროსი იყო და ეტყობა, იქიდან გადმოყვა მემკვიდრეობითი გენეტიკით კონსტანტინესადმი სიძულვილი. მე მაინტერესებს როგორ ხდებიან კრემლში ჩასახულ-გაზრდილნი პოტომაკდალეულნი? – ამბობს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გია ნოდიაზე, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ ხვდება, კონსტანტინე გამსახურდია რატომ ითვლება დიდი მწერლად?
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ქართველი მწერლებისა და მათი შემოქმედების კრიტიკას პოლიტოლოგი გია ნოდიაც შეუერთდა:
“ეტყობა, coming out-ის დროა, ვის ვინ მოსწონს და არ მოსწონს „დიდ ქართველ მწერალთა“ შორის.
ნოდარ დუმბაძე (რაკი ისაა აქტუალური) ნიჭიერი მწერალი იყო და ძალიან კარგი ტექსტებიც აქვს (ბუნებრივად მომდის სიტყვები „ცინცხალი“, „წრფელი“ და ა. შ.). მაგრამ, ამავე დროს, ის იყო ლპობის ეპოქაში შესული საბჭოთა ტოტალიტარიზმის იდეურ ლაბირინთებში ტრაგიკულად დაბნეული პიროვნება. კრიმინალური „გაგების“ (და ამ გაგების ვითომ ოპოზიციურობის) რომანტიზაცია ნამდვილად იყო ამ ლპობადი ტოტალიტარიზმის ქართული ვერსიის ერთ-ერთი გამოვლენა, და დუმბაძეს ნამდვილად აქვს შეტანილი წვლილი მის ლეგიტიმაციაში (არავითარი აღრევა „მწერლის ენასა“ და „პერსონაჟის ენას“ შორის ამ არაორიგინალურ დაკვირვებას არ ახლავს).
ჭაბუა ამირეჯიბის პროზაც ამ სინდრომის გამოხატულებაა, მაგრამ ლიტერატურულად გაცილებით ნაკლებ ღირებული. ჩემი აზრით, „დათა თუთაშხია“ ძალიან სუსტი რომანია: საკმაოდ გამიჭირდა მისი პირველი ნაწილის ბოლომდე მიყვანა და თავს ვერ დავაძალე, მეორე ნაწილი (ან ამ მწერლის რომელიმე სხვა ტექსტი) წამეკითხა. ამიტომ დამაჯერებლად მეჩვენა ჭორები, რომ გრაფი სეგედის სახელით რომანის ტექსტში შეტანილი ნოველები (შედარებით უფრო საინტერესო) ვიღაც სხვის დაწერილი და ჭაბუას მითვისებულია (ცხადია, არ მაქვს პრეტენზია, რომ ამ ვარაუდის დამტკიცება შემიძლია).
კონსტანტინე გამსახურდია რატომ ითვლება დიდ და გამოჩენილ მწერლად, საერთოდ არ მესმის. მახსოვს, „დიდოსტატის მარჯვენაში“ რაღაც ადგილები მომეწონა, „მთვარის მოტაცებაში“ გაცილებით ნაკლები, „დიონისოს ღიმილზე“ ლამის ცუდად გავხდი (ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი და იმიტომ წავიკითხე საერთოდ), ხოლო „დავით აღმაშენებლის“ წაკითხვის მცდელობა თავიდანვე ჩამივარდა: ეტყობა, ამ ცხოვრებაში ვეღარ წავიკითხავ, მერე ვნახოთ. აქვე დავამატებ, რომ, ჩემი აზრით მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული მისი ქანდაკება ე.წ. გეგეშიძის ბაღში (თავისი გმირის მიმართ აშკარად ირონიული) კარგად გამოხატავს „კოწიას“ პიროვნებას. (ბარემ ვიტყვი, რომ ამავე მოქანდაკის გამოძერწილი დავით აღმაშენებელი, სრულიად კონვენციური და უინტერესო, გაცილებით უფრო კარგად გამოიყურება დიღომში, ვიდრე „ივერიის“ წინ – თუმცა ეს რა შუაშია).
გრიგოლ რობაქიძის მწერლური რეპუტაცია საერთოდ გამოცანაა: „გველის პერანგი“ მხოლოდ მოვალეობის გამო წავიკითხე, ჩემი აზრით სრულიად უბადრუკი ტექსტია. ჯანდაბას, რომ ეს კაცი აშკარა ფაშისტი იყო (კარგ მწერლებსაც ხშირად ერევათ იდეოლოგიური რამსები: კომუნისტი შემოქმედები რომ უარვყოთ კომუნისტობისთვის, სად წავალთ? „ძირს პიკასო“!), მაგრამ საშინლად უნიჭო რომ იყო? მერე რა, რომ კომუნისტებს არ მოსწონდათ, ეს არ არის საკმარისი მისი განდიდებისთვის.
თუ არსებობს „ყველაზე დიდი ქართველის“ ნომინაცია, ასეთი ჩემთვის ილია ჭავჭავაძეა. მაგრამ თუ შევაფასებთ მას, როგორც პოეტს, დიდი ვერაფერი პოეტი იყო. ამაში Levan Berdzenishvili-ს შეფასებას სრულიად ვიზიარებ (ძალიან სასაცილო პოსტი თუ კომენტი წავიკითხე დღეს ფეისბუქში: რომ ლევანს „შერჩა“ ილიას როგორც მწერლის კრიტიკა. რას ნიშნავს, შერჩა? უნდა ჩაექოლათ?).
ძალიან გამეხარდა Nika Gvaramia-ს პოსტი, დავით კლდიაშვილი ყველაზე მაგარი ქართველი მწერალიაო. მეც ვთვლი, რომ ძალიან მაგარი და დაუფასებელი მწერალია და არ ვიცოდი, რომ ჩემნაირად სხვებიც ფიქრობდნენ. „ბაკულას ღორები“ ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენს სიტუაციას, დღესაც, და ისევ “ორნაქმარები და უშვილო” საცოლის ძიებაში ვართ ერი.
გურამ დოჩანაშვილი ჩემთვის განსაკუთრებული მწერალია და მისი კითხვა გვიან საბჭოთა ხანაში ერთგვარი ემოციური ოაზისი იყო. მაგრამ მგონია, რომ ხანდახან ძალიანაც ახურებს და მისი ზოგი ნაწარმოები მოიგებდა მკაცრი რედაქტორის ხელში.
ძალიან საინტერესო (და დაუფასებელი) მწერალი იყო ოთარ ჩხეიძე, მაგრამ ისე წერდა (ენობრივად), თითქოს არ უნდოდა, ვინმეს წაეკითხა. შეიძლება, საბჭოთა ცენზურას ემალებოდა ამ გზით. ვიცი, ძალიან უცნაურია, მაგრამ იმის შემდეგ დავაფასე, როცა რუსულად წავიკითხე რუსი კრიტიკოსების რეკომენდაციით. ქართულად მაინც მიჭირს მისი კითხვა.
მოკლედ, ყოველგვარი ლოგიკური მიმდევრობის გარეშე დავწერე, რაც თავში მომივიდა (კიდევ შემეძლო გაგრძელება, ცხადია, მაგრამ გავჩერდი). ვისაც ჰგონია, რომ „ლიტერატურათმცოდნის“ ლიცენზია არა მაქვს და, ამიტომ. ლიტერატურაზე არ უნდა ვწერდე, ვურჩევ, რაიმე ცივი სასმელი დალიოს (ესიამოვნება ამ სიცხეში)”, — დაწერა ნოდიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.