,,ყველაზე დიდი მატყუარა ჩვენს საზოგადოებაში, დღეს, მასწავლებელია!_ განათლების სისტემის პრობლემები”
სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქ.გარდაბნის N1 საჯარო
სკოლის პედაგოგი, ლია თავაძე ფეისბუქით აქვეყნებს საინტერესო წერილს, რომელიც განათლების სფეროს ეხება.
,,განათლების სისტემის პრობლემები
ჩვენი განათლების სისტემა არამცთუ ვერ იძლევა სრულყოფილ განათლებას, არამედ ჯანდაცვის სისტემასთან ერთად მიზანმიმართულად აზიანებს მოზარდთა ჯანმრთელობასაც.
„უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო“ – ნათქვამია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მე კრინტს დავძრავდი განათლების სისტემაზე, მაგრამ ისეთი დრო დაგვიდგა, მეც დავიწყე „კნავილი“ და თუ „ძაღლებიც“ შემოგვრჩნენ, იმედია, მათი „ყეფის“ ხმასაც გავიგონებთ მალე.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ერის ცხოვრებაში პედაგოგი იყო. ასე ვფიქრობ ახლაც, მაგრამ რასაც დღეს ვუყურებ, სრული კატასტროფაა: მასწავლებელი არის უუფლებო, ღირსებაშელახული, ეგზისტენციალური არსება, რომელიც ამ მდგომარეობამდე ჯერ საბჭოთა იდეოლოგიამ მიიყვანა, ხოლო შემდგომ პოსტსაბჭოთა, ვითომ ეროვნულმა მთავრობებმა მიზანმიმართულად, დამანგრეველი პოლიტიკით.
დღეს თითქოს „ გამოფხიზლდა“ განათლების სამინისტრო და სურს რეფორმები. ძალიან მინდა ამის დაჯერება და ამიტომ ვეცდები, ჩემი სკოლაში თხუთმეტწლიანი მუშაობისა და დაკვირვების შედეგები, როგორც პედაგოგმა და როგორც ყოფილმა ექიმმა, ძალიან მოკლედ მივაწოდო მას. დავიწყოთ იმით, რომ:
• სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული იდეოლოგია;
• შემუშავდა ე.წ. „ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ‘’, რომელიც აუცილებლად მოითხოვს კვალიფიციური სპეციალისტების ყურადღებას და რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
• ვინ შეიმუშავა სასერტიფიკაციო გამოცდები? ვის, ან რა შემთხვევაში აქვს სახელმწიფო დიპლომის გაუქმების უფლება?
ჩემდა გასაკვირად ინტელიგენცია ანკესს წამოეგო: ეს ექსპერიმენტი ჯერ ექიმებზე ჩატარდა „წარმატებით“ და შემდგომ ჯერი მასწავლებლებზე მიდგა. ამით ერს ტესტირება ჩაუტარდა: თუ ინტელიგენცია ცხვარია, ცხვარი ხომ კიდევ უფრო მეტად ცხვარია? მივესალმებოდი, თუ ეს გამოცდები რაიმე კატეგორიას, ან ხარისხს მიანიჭებდა ექიმს, ან პედაგოგს, მაგრამ სახელმწიფო დიპლომის გაუქმება? მაინტერესებს, სხვა ქვეყნებშიც ასეთი მიდგომაა? ან რამდენად არსებითია „საგამოცდო“ საკითხთა შინაარსი?
• როგორც ვხვდები, ჩვენ ფორმალურად გადმოვიტანეთ სწავლების ევროპული მოდელი „ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი“, ოღონდ „საბჭოთა რკინის მარწუხებით მასწავლებლის ყელზე“.
თუ მიბაძვაა, მიბაძვა იყოს!
თამაშით სწავლა, თორმეტ წლიანი სწავლება და ა.შ. – იმისათვის, რომ ეს მოდელი განხორციელდეს, ჯერ სოციალური პრობლემებია მოსაგვარებელი: – დაწყებული საბავშვო ბაღების ელემენტარული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული პროფსასწავლებლებით და მაღალგანვითარებული ეკონომიკით.
ახლა უფრო კონკრეტულ პრობლემებზე:
• სასკოლო ასაკი
მაინტერესებს, ჰყავს თუ არა ჩვენს ქვეყანას ფიზიოლოგები, ფსიქოლოგები და ჰიგიენისტები? და თუ გვყავს, რამდენად არიან ისინი ჩართულები განათლების პროცესებში?
ნუთუ 5 და 6 წლის ასაკის ბავშვის შეყვანა იმ ტიპის სკოლაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, შეიძლება? ისეთი ტირანი სახელმწიფოც კი, როგორიც სსრკ იყო, კრძალავდა 7 წლამდე ასაკის ბავშვის მიღებას სკოლაში- მას ჯანმრთელი ზომბი სჭირდებოდა (გავიხსენოთ საბავშვო პოლიკლინიკები, პროფგასინჯვები, უფასო მკურნალობა, პიონერთა ბანაკები , კვება, ფიზიკური აღზრდის პროგრამები და ა.შ).
ნებისმიერმა ექიმმა იცის, რომ 7 წლის ასაკამდე ბავშვი არაა მზად ფიზიკურად, ემოციურად დაფსიქოლოგიურად, თუნდაც 30 წუთი იჯდეს ერთ ადგილზე , თანაც ასეთ სკამებზე ( ამაზე ქვემოთ ვიტყვი) და მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია და სხვ.
• დატვირთვა და დასვენება
ფიზიოლოგიური და ჰიგიენური თვალსაზრისით რამდენად სწორადაა განაწილებული დატვირთვისა და დასვენების რეჟიმი სკოლაში ? სახლში? არდადეგებზე?
• მერხი
მაინტერესებს , ვინ იყო ქართველთა მოდგმის დაუძინებელი მტერი , ვინც გაიტანა სკოლებიდან ერისმანის ფიზიოლოგიური მერხი და შემოიტანა დამანგრეველი მაგიდები და სკამები? შესაძლოა, ყველამ არ იცოდეს მათი უარყოფითი ზეგავლენის შესახებ. ძალიან მოკლედ ვიტყვი: საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის დაზიანება, მხედველობის მოშლა, ადვილად დაღლა, ყურადღების გაფანტვა და ა.შ. რომ არაფერი ვთქვა არაჯანსაღ მასალაზე და მათგან გამოწვეულ ხმაურზე. სხვა ფაქტორებთან ერთად (ჩანთები, კვების და დასვენების არასწორი რეჟიმი, არდადეგები, ფსიქოლოგიური სტრესები და ა.შ.) ჯამში ვიღებთ დაავადებულ , „დანგრეულ“ მოზარდს. საინტერესოა, ატარებს კი ჯანდაცვის სამინისტრო პროფილაქტიკურ გასინჯვებს სკოლებში და ფლობს ინფორმაციას, თუნდაც მხოლოდ ხერხემლის და მხედველობის პათოლოგიების სტატისტიკის შესახებ?
• წიგნები, რვეულები, ჩანთები
მათი წონა! ! ! … აგიწევიათ? აგიწონიათ?
• ტექსტები და პროგრამები
საინტერესოა, ვინ ადგენს მათ და მერე ვინ აკანონებს? ვინ განაგებს ერის განათლებას და ცნობიერებას? ვინ არიან ისინი, ვისთვისაც ქართული არაა მშობლიური ენა და ზოგადად ცნებაც კი – ქართული – უცხოა მათთვის?
ცნობილია, თუ რომელიმე ორგანოს ფუნქციის მოშლა, ან განადგურება გვინდა, უნდა დავტვირთოთ ზედმეტად, ან ნაკლებად, ან საერთოდ დავტოვოთ უფუნქციოდ. რა დაგვიშავეს ამ ბავშვებმა?
• „ ბუკი“
რა აუცილებლობაა დაწყებით კლასებში ბუკების გამოყენება? იქნებ ცოცხალი, ბიოლოგიური კონტაქტები უმჯობესია?
ახლა „ჩარეცხილ“ საგნებზედაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა:
• სუფთა წერა
აღმოჩნდა, რომ ეს საგანი მიზანმიმართულად იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან, ვინაიდან იგი ავითარებს:
ა) ზოგადად აზროვნებას – „ვწერ, მაშასადამე ვაზროვნებ!“
ბ) ნატიფ მოტორიკას
გ) კონცენტრაციას
დ) ყურადღებას
ე) აკურატულობას და წესრიგს
ვ) წარმოსახვას
ზ) სივრცობრივ აზროვნებას და სხვა.
როგორც გაირკვა, თავის ტვინში წერის ცენტრი მხოლოდ ადამიანს ჰქონია. ამის დადგენის შემდეგ დარვინის თეორიამ ძალა დაკარგა. ამ ცენტრის გავარჯიშება ხდება მხოლოდ წერით და ისიც აუცილებლად კალმით და მელნით, რაც იწვევს თავის ტვინის სხვა ნაწილების განვითარებასაც. ( ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სათუთი თემაა და მე აქ ამაზე ვერ შევჩერდები….)
• კალიგრაფია
ვფიქრობ ცალკე განხილვას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს შემდეგი:
ნუთუ ბავშვის თავისუფლება იმით გამოიხატება, როგორც მოეპრიანება ისე მოხაზოს ასო? ესაა თავისუფლება? იქნებ ყველას შეგვექმნა საკუთარი ანბანი, ხომ მეტად თავისუფალნი ვიქნებოდით? ან ვინ მოგვცა უფლება, ღვთის მიერ მოცემული ანბანი ჩვენი სურვილების მიხედვით გადავაკეთოთ? ცეკვა, მუსიკა, სიმღერა, სპორტი? აქ როგორია თავისუფლების საზომი?
• გრამატიკა
მოდით ამაზე მე ნუ დამღლით! (საკმარისია ახალგაზრდა ქართველი დიქტორების ერთხელ მოსმენაც კი…)
• ხაზვა
………?!
• ასტრონომია
• შრომა
• სამხედრო სწავლება
• ფიზიკური კულტურის ჩანაცვლება ე.წ. სპორტით. ვინმე ინტერესდება მისი შედეგებით?
• რუსული ენა
ამ საგნის საათების უკიდურესი შემცირება რას მოგვიტანს? ამით ვებრძვით რუსეთს, თუ პირიქით, ვეხმარებით?
• ლაბორატორიებისა და კაბინეტების გაუქმება….
ხელის შემშლელი ფაქტორები
————————————-
• მოსწავლეთა რაოდენობა კლასში
• მობილური ტელეფონები
• მშიერი ბავშვი, ბუნებრივი მოთხოვნილება, დაღლილი ბავშვი
ვგულისხმობ სწავლისა და დასვენების რეჟიმს, სკოლების ინფრასტრუქტურას, ტუალეტების მოუწესრიგებლობას, ბუფეტებს, კვებას, სამედიცინო კაბინეტის არარსებობას და ა.შ.
• „სუსტები ჩაგრავენ ძლიერებს!“
ჩემი აზრით სკოლა ერთადერთი ადგილია, სადაც სუსტი მოსწავლეები „ჩაგრავენ“ ძლიერებს და აი რატომ: მასწავლებელი- გამომდინარე განათლების სისტემის მოთხოვნიდან – (პასუხისმგებლობა ყველა მოსწავლის მოსწრება – ყოფაქცევაზე) – იძულებულია, მეტი დრო და ენერგია დაუთმოს სუსტ მოსწავლეს. ამასობაში ძლიერი იჩაგრება. პედაგოგი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ყველა მოსწავლეს– სუსტსაც და ძლიერსაც -დაუთმოს სათანადო ყურადღება ინდივიდუალურად.
თუ აღნიშნულის შესრულება შეფერხდა რამე მიზეზის გამო, პედაგოგი მოიაზრება როგორც არაპროფესიონალი, ან წარუმატებელი ( თუმცა იმავე მასწავლებლის რეპეტიტორობის შემთხვევაში შედეგი განსხვავებულია). ღირს ამაზე დაფიქრება? თანაც კლასში ამავდროულად იმყოფებიან ჰიპერაქტიური და ინკლუზიური ბავშვებიც. თან ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს დემოკრატიული პრინციპების დაცვით. აკრძალულია დასჯის ნებისმიერი ფორმა: კლასიდან გაძევება, კუთხეში დაყენება, მობილური ტელეფონის ჩამორთმევა და ა.შ.( და საერთოდ, ხომ არ დადგა დრო, ვიფიქროთ ინდიგო ბავშვებზეც?)
მსურს „ლირიკული“ გადახვევა გავაკეთო: პეტრე პირველის დროს კლასში მასწავლებელთან ერთად ჯარისკაციც იმყოფებოდა, რომელიც „ურჩ“ მოსწავლეს მისი მითითებით კლასიდან გაიყვანდა, გაროზგავდა და ისევ შემოიყვანდა (?!). მე, რა თქმა უნდა, არ ვარ ამ მეთოდების მომხრე, თორემ ბევრი „ლირიკული“ გადახვევა შეიძლებოდა, მაგალითად გურამიშვილთან, სულხან-საბასთან, ძველ ბერძნებთან, იაპონელებთან და ა.შ. ცხადია, რომ მოქალაქის აღზრდა უპირობოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა, მან უნდა იცოდეს „ვის ზრდის“ (აქ უმარავი ფაქტორია გასათვალისწინებელი და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან ღრმა ანალიზს თხოულობს).
• შეფასება
მე 5 ბალიან სისტემას ვამჯობინებ, თქვენ? იქნებ ჩატარდეს კვლევა? ან იქნებ საერთოდაც გადაიხედოს შეფასების წესი?
• ფორმა
ფორმა არა მარტო აუცილებელია სკოლაში და არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც უნდა შემუშავდეს გარკვეული სტანდარტები.
• ჟურნალი და მისი შევსების წესები … ვგონებ, ამის გამო მალე გინესის წიგნშიც შევალთ!
გამოსავალი
განვითარებულ ქვეყნებში არ ცდილობენ, რომ ყველა მოსწავლე წარჩინებული იყოს. მათ იციან, რომ ყველა „ჭურჭელს“ თავისი, ღვთისგან მოცემული „ტევადობა“ აქვს. ისინი ძალზე გონივრულად ახერხებენ „ბუნებრივ გადარჩევას“ არა მასწავლებლის ინდივიდუალური მიდგომებით და ძალისხმევით (თუმცა არ შეიძლება პედაგოგის პროფესიონალიზმის დაკნინება), არამედ განათლების სახელმწიფო სისტემის მიერ შემუშავებული სტანდარტების მიხედვით!
I. არავინ და ვერავინ ჰკადრებს მასწავლებელს, რომ „მოსწავლის უვიცობა მისი ბრალია“, რომ „ვერ დააინტერესა იგი“ და ა.შ.
II. არავინ და ვერავინ აიძულებს მასწავლებელს, შეაფასოს მოსწავლე არაობიექტურად. ამის საჭიროება ზოგადად არ არსებობს.
ეს იქ, განვითარებულ ქვეყნებში!
მე ვფიქრობ, ეს ორი მუხლი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან …
… უნდა ითქვას:
ყველაზე დიდი მატყუარა ჩვენს საზოგადოებაში, დღეს, ეს – მასწავლებელია!!!
მას ეს კი არ უნდა, სისტემა აიძულებს ამას! იმიტომ, რომ: გაზარდოს:
ა) გაუნათლებელი
ბ) მშიშარა
გ) მატყუარა
დ) ღატაკი
ე) დაკნინებული
ვ) ინფანტილური
საზოგადოება, რომელიც ტირანიისათვის საუცხო ნიადაგია, უკეთესს ვერ ინატრებ! ანუ იმას, რაც გვაქვს! (საზოგადოების „სეთურიზაცია“)
მოდით, შევეცდები ავხსნა ამის მიზეზები:
რადგან დავალებები არარეალურია ( ვგულისხმობ მოთხოვნებს პედაგოგისადმი ე ს გ-ს მიხედვით) და მას კი არ ჰყოფნის გამბედაობა გააპროტესტოს, ან ხმამაღლა განაცხადოს ეს სამუშაოს დაკარგვის შიშით, მავანნი ამით სარგებლობენ და ვფიქრობ, მათი მიზანიც ესაა.
პრაქტიკული რჩევები
ჩემი აზრით:
• სკოლაში სწავლება უნდა იყოს სამსაფეხურიანი:
I საფეხური -დაწყებითი – I-IV კლასები
II საფეხური – საშუალო- V-VIII კლასები
IIIსაფეხური – მაღალი – IX – X კლასები
• სწავლა უნდა იყოს ათწლიანი.
• ე.წ. „ თამაშით სწავლა“ გადავიდეს საბავშვო ბაღების ბაზაზე
• საფეხურიდან საფეხურზე გადასვლა უნდა მოხდეს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი კრიტერიუმებით.
• საფეხურის შიგნით გადაყვანა უნდა ხდებოდეს შეფასების მიუხედავად, სურვილით, ან შეთანხმებით.
• უნდა აღდგეს სუფთა წერა და სხვა საგნები (შესაძლოა, ახალი საგნების დამატებაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე-აქ ამაზე ვერ შევჩერდები).
• ეტაპობრივად შეიცვალოს მაგიდები და სკამები ერისმანის ფიზიოლოგიური მერხებით.
• მოხდეს მოსწავლეთა გადანაწილება აკადემიური მოსწრების მიხედვით, იქ, სადაც შესაძლებელია .
• გადაიხედოს მშობელთა კრების მოწვევის საბჭოური წესიც, დავფიქრდეთ, ხომ არ უწყობს იგი ხელს ბულინგის აღზევებას? იქნებ მივბაძოთ ევროპელებს ინდივიდუალურ პაემანში მშობელთან ( ეგრეთ წოდებული „randez-vous“)?რადგან სასურველია, არცერთმა მშობელმა არ იცოდეს ვინაა „მისაბაძი“ კლასში, ან „ვინ არ უნდა დაინახოს მისი შვილის გვერდით“. აქედან იწყება ფსიქოლოგიური ძალადობა საკუთარ შვილზე, რასაც მოსდევს შური, ჩაგვრა, სტრესი, ნერვოზები და ა.შ.
ამ ყველაფრის მიღწევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ოღონდ ვიღაცის ნებაა საჭირო. ამის გასაღები – განათლების სისტემაშია, განათლების სისტემის გასაღები – სახელმწიფოშია, სახელმწიფოსი კი…. დავიბენი… მე არ ვიცი, თქვენ? ნეტა შიგნით გვყავს მტერი, თუ გარეთ?
ნუ ვაკნინებთ პედაგოგებს, ეს ბუმერანგივით შემოგვიბრუნდება.
• უპირობოდ უნდა გაუქმდეს პედაგოგთა გამოცდები. იგი არა მარტო ინტელიგენციის შეურაცხყოფაა, არამედ უპირველეს ყოვლისა – სახელმწიფოსი.
• ხელფასი უნდა დადგინდეს არა ხელოვნურად მოძიებული კრედიტ-ქულების ხარჯზე, არამედ ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
ქართველებმა ჩვენი პრობლემები თავად უნდა გადავჭრათ.
დიდი იმედი მაქვს, შეიქმნება კვალიფიციურ – პრაქტიკოს სპეციალისტთა 10-15 კაციანი ჯგუფი, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსოფლიოში არსებული განათლების სისტემების გაანალიზების საფუძველზე, შეიმუშავებს საქართველოზე მორგებულ საუკეთესო ინოვაციებს, რაც გახდება საფუძველი განათლების ფუნდამენტური და პროგრესული რეფორმისა ჩვენს ქვეყანაში.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ რუსთაველის, სულხან- საბას და გოგებაშვილის ერი ვართ!
P.S. მაინტერესებს საზოგადოების აზრი ჯეოჰოსპიტალსებზე. ეს ციხეებია, თუ რამე სხვა? არანაირი სტანდარტი აღარ არსებობს? სად არიან მოაზროვნე ექიმები? ჰო, თუმცა ჩვენ ხომ ჯანდაცვის სამინისტროს ნაცვლად, ავადმყოფთა „ფულის წველის“სამინისტრო გვაქვს! ალბათ ამიტომაც გარბიან ჩინოსნები სამკურნალოდ საზღვარგარეთ?!
P.P.S შემთხვევით გავიგე, სოფელ შუასურების ( ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) ახლადგახსნილი სკოლის შესახებ. იქნებ დაინტერესდეთ?
სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქ.გარდაბნის N1 საჯარო
სკოლის პედაგოგი: ლია თავაძე