განათლება

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა

“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ცვლილების თანახმად, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროები ერთობლივად იმუშავებენ შემდეგი მიმართულებით:

“იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი”,– ვკითხულობთ კანონში.

ამასთან, ცვლილების თანახმად, განათლების სამინისტრო ვერ გააკონტროლებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

“იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს”, – ნათქვამია კანონში.

გარდა ამისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩაერთვება ამ ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებისა და წესის განსაზღვრაში. კერძოდ, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს მონაწილეობას მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის დებულების იმ ნაწილის შემუშავებაში, რომელიც ეხება სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა მომზადებასა და განვითარებას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close