ჯანდაცვა
მიშა არ მოგწონდათ და მისი გახსნილი ,,100 საავადმყოფო” კარგია?
სკანდალი!
,, ქართული ჯანდაცვა დაინგრა! მედიცინა განადგურებულია! ექიმს ვერ ვენდობი…” _ ხშირად მოგვისმენია ეს სიტყვები, თუმცა ქართული ჯანდაცვის უახლესი, დამანგრეველი ისტორია ბევრმა არ იცის და მის ,,გმირებსაც” სათანადოდ არ იცნობს. ჯანდაცვის სისტემის განადგურება ერთბაშად არ მომხდარა. ის ეტაპობრივად განხორციელდა ე.წ. რეფორმების, პროგრამების, პროექტების მეშვეობით და ამ დანაშაულზე ხელს, თითქმის ყველა ხელისუფლება აწერდა, რადგან მავანთა ინტერესი ამ დარგის მიმართ თავიდანვე დიდი იყო. რეფორმის სახელით გაანადგურეს და დაიტაცეს სამედიცინო ობიექტები შენობა-ნაგებობებთან ერთად, მიწასთან გაასწორეს ექიმისა და ექთნის ინსტიტუტები, რომლებიც, საქართველოს პირობაზე, საკმაოდ წარმატებული იყო, გაყიდეს სასწავლო ბაზები, სადაც მომავალი მედიცინის მუშაკები სამედიცინო პრაქტიკას გადიოდნენ და აუცილებელ ცოდნას იძენდნენ, გააუქმეს ექიმთა და მედიცინის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტები. სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანები ნაბიჯ-ნაბიჯ აქციეს რობოტებად, რომელთა მოვალეობაშიც მხოლოდ პაციენტების ,,დათრევა”, მათგან ფულის ამოღება, გაიდლაინების მიხედვით მკურნალობის კურსის განსაზღვრა, დამქირავებლის ბრძანებების უპირობო შესრულება და ფარმაცევტულ კომპანიებთან მჭიდრო, მოსახლეობის დამღუპველი კავშირები შედის.
ადამიანები, რომლებსაც ჯანდაცვის ნგრევაში ლომის წილი მიუძღვით, კვლავ კარგად გრძნობენ თავს. მეტიც, სახელმწიფოსგან წაგლეჯილ მილიარდიან ქონებებს, რომლებიც ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში, ახლა მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ფლობენ, ან უკვე გაყიდეს სარფიანად. რა თქმა უნდა, ისინი, ამ დაწესებულებებს კვლავ ხალხისა და სახელმწიფოს გასაძარცვად იყენებენ. მათი გაუმაძღარი მადის გამო კი, რიგითი ადამიანები მოკლებულნი არიან ნამდვილ სამედიცინო დახმარებას და ხშირ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურეობა რომ მიიღონ, მათხოვრობა უხდებათ.
მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ერთ-ერთი იყო, რომელმაც ჯანდაცვას ძირი გამოცალა. ,,100 საავადმყოფო”-ს ყბადაღებულ პროექტს შეეწირა საქართველოს მასშტაბით არსებული თითქმის ყველა საავადმყოფო და პოლიკლინიკა. სამედიცინო ობიექტებს ჯერ ფიზიკურად ანადგურებდნენ, ექიმებსა და ექთნებს სახლებში ყრიდნენ, მერე კი ყველაფერს ჩალის ფასად, საკუთარ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს აძლევდნენ. სამედიცინო დაწესებულებების პატრონები ხდებოდნენ კერძო პირები, რომლებიც მედპერსონალს აიძულებდნენ, მათ დაკრულზე ეცეკვათ. ისინი იქ საკუთარ წესებს ამკვიდრებდნენ და ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, ყველას ქუჩაში ისროდნენ. ასე ჩაიგდეს ხელში ფარმაცევტული კომპანიების მფლობელებმა, ყოფილმა მინისტრებმა, მათმა მოადგილეებმა და მათ ზურგს ამოფარებულმა სხვა ეროვნების მოქალაქეებმა, რომელთაც ამ სფეროსთან შეხება არ ჰქონიათ საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, სადაზღვევო კომპანიები. სწორედ ამ პროცესების შესანიღბად იყო გამოგონილი ,,100 საავადმყოფოს პროექტი”-ც, რომელსაც თავად უწოდეს წარმატებული, თორემ სინამდვილეში, ის მედიცინის, ჯანდაცვის გამანადგურებელი იყო.
.
,,ახალ საავადმყოფოებში” სააკაშვილი ისტერიული პათოსით ჭრიდა წითელ ლენტებს, მედპერსონალი კი ქუჩაში, წივილ-კივილითა და გამოსვლებით იოხებდა გულს. მიშას ვიზიტის გასაპიარებლად, ერთი საავადმყოფოდან მეორეში დაათრევდნენ სამედიცინო ტექნიკას, იძულებით მოჰყავდათ პაციენტები… ალბათ ბევრს ახსოვს, როგორ ახვედრებდნენ სააკაშვილს ახლადგახსნილი საავადმყოფოს საწოლებში შარვლებსა და პიჯაკებში გამოწყობილ ,,ავადმყოფებს”, ,,ახლადნამშობიარებ ქალებს”, რომლებთანაც პრეზიდენტი ფოტოებს იღებდა და მათ ფონზე ჰყვებოდა, რას მოუტანდა ხალხს ეს პროექტი.
ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება” ამ ფაქტების კრიტიკით, სააკაშვილის ლანძღვით-გინებით მოვიდა, თუმცა მერე, მისი გზა მოეწონა და უტიფრად გააგრძელა. ,,100 საავადმყოფოს პროექტი”-თ მითვისებული სამედიცინო ობიექტები აღარავის გახსენებია და არც მოუკითხავთ. სათანადო ორგანოების მიერ, იქ მომხდარი უკანონობები დღემდე შესწავლილი არ არის და შესაბამისად, არც დამნაშავეთა დასჯაზე უზრუნიათ. ამ სფეროში სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა, თუმცა დაზარალებული, გაუბედურებილი და შეწირული ბევრია. სამედიცინო ობიექტების არცერთ მიმთვისებელს, დარგის გამანადგურებელს, ხალხის და სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებულ ადამიანს ბუზიც არ აფრენია მეოცნებე ხელისუფლების მიერ. მეტიც, ამ სფეროში მონოპოლია ახლაც წარმატებით გრძელდება _ ძვირდება სამედიცინო მომსახურება, წამლების ფასი, ექიმებსა და ექთნებს ისევ ავიწროვებენ, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ დუმს. როგორც ყოველთვის, ამ უწყებას ხალხის მდგომარეობა ახლაც ფეხებზე ჰკიდია.
სააკაშვილის რეჟიმი თუ დამნაშავე იყო, მისი შექმნილი ,,100 საავადმყოფო” კარგი როგორ არის?! რატომ არ დასაჯეს ადამიანები, რომლებმაც ამ სფეროში დანაშაული ჩაიდინეს?! რატომ შეუქმნეს ე.წ. დამნაშავეებს სასათბურე პირობები?! აუცილებლად მოუწევთ, ამ და კიდევ სხვა კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა ,,ჯანდაცვის მამებს”. მანამდე კი, euronews.ge იწყებს იმ ადამიანების მხილებას, რომლებმაც ქართული ჯანდაცვა ნაბადივით მოირგეს ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე და ბიუჯეტიდან მითვისებული ფულით, დღესაც ბედნიერად გრძნობენ თავს.
ჩვენ შევახსენებთ ხელისუფლებასაც და ხალხსაც, როგორ ინგრეოდა ქართული მედიცინა; ვინ იდგა მის ავანგარდში; სად არიან ახლა ეს ადამიანები და რას აკეთებენ? როგორ ჩაიგდეს ხელში სამედიცინო დაწესებულებები ფარმაცევტულმა კომპანიებმა და როგორია ,,მოჯადოებული წრე”, რომელზეც მათგან განწირულ პაციენტებს უწევთ სიარული. სად გააქრეს სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზები, ვინ როგორ დაეხმარა ამ პროცესებს და რა ხეირი ნახა იქიდან.
ასე, რომ გაეცანით ქართული ჯანდაცვის უახლეს, დამანგრეველ ისტორიებს, მხოლოდ ჩვენთან, მალე!
ნელი ვარდიაშვილი