სამართალი და კრიმინალი

ქალმა თავის სახლში ცხედარი ნახა

„ცემით ჰყავს მოკლული, მაგიდაზე აქვს ნარტყამი თავიო“ - რა არის ცნობილი თაზო მთივლიშვილის მკვლელობის შესახებ

20 წლის ბიჭი თბილისში სადისტურად მოკლეს. თაზო მთივლიშვილს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, მოგვიანებით კი ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყვეს. როგორც გაირკვა, იმ დროს,  როცა ოჯახი ბიჭს ეძებდა, ის უკვე მოკლული ჰყავდათ. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ერთ-ერთი დამნაშავის სახლში მოხდა, რის შემდეგ ცხედარი ბინაში ჩაკეტეს და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ. ეს ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, როცა მკვლელობაში ბრალდებულის დედა სახლში დაბრუნდა და უმძიმესი სურათი დახვდა. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი ბინაში იყო, შვილი _ სახლიდან გაქცეული.

.

მკვლელობის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დიდხანს მიდიოდა, ახალგაზრდის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, ძალოვნებს უშუალოდ მკვლელი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს. დაკავებულ სამ პირს კი სამართალდამცავები დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. როგორც ჩანს, მათ უკვე მისცეს სამართალდამცავებს ჩვენება.

– სასწაული ადამიანი იყო თაზო, რამდენჯერაც გაბრაზებული ვიღაცაზე ცუდ რამეს ვწერდი, სულ იმას მპასუხობდა, არავისმა ცუდმა ქცევამ არ გაგაბოროტოსო. 23 წლის იყო, მაგრამ ძალიან ბავშვური. ღამეებს ვათენებდით ხოლმე „მესიჯობაში”, იმდენ რამეს მიყვებოდა. სამწუხაროდ, არასოდეს უთქვამს, რომ რამე პრობლემები ჰქონდა. მაგაზე არასდროს არაფერი უხსენებია. ნეტავ, რამე ეთქვა, დღეს ალბათ ისევ გვერდით მეყოლებოდა.

გაცნობის დღიდან ისე დავმეგობრდით, უკვირდა ხალხს, ასე მალე როგორ მოახერხეთო. იმდენი საერთო გვქონდა, ხომ შეიძლება ვინმემ თქვას, რა იცი, იქნებ რამე დააშავაო, ამაზე ადამიანი ვერ იტყვის მაგას. არასდროს არაფერს აშავებდა, ისეთი იყო.

თაზო საშაურმეში მუშაობდა ჩემთან ერთად. იქ მუშაობდნენ ის ბიჭებიც, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან. დაკავებული სამი პირიდან ჩვენი საშაურმის ორი მოლარეა დაკავებული, კიდევ ერთი პირი, მეშაურმე გაქცეულია. როგორც ვიცი, ორია გაქცეული ქვეყნიდან, ჩვენი მეშაურმე, რომელსაც ბაირამი ჰქვია და მასთან ერთად გაქცეულია მისი ძმაკაცი, რომელსაც მე არ ვიცნობ. მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი ბაირამის ძმაკაცია და მის სახლში მოხდა ეს მკვლელობა. ნეტავ რამე ვიცოდე, ყველაფერს ვიტყოდი, რომ ყველა დამნაშავე საკადრისად დაისაჯოს…

გამაოგნებელია ის, რომ ერთ-ერთი დაკავებული სმენაში იყო ჩვეულებრივ მოსული და მას არანაირი მღელვარება არ ეტყობოდა. მიკვირს, როგორ შეძლო ამ ამბის შემდეგ მოსვლა.

როგორც ვიცი, ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელიც ჩვენი თანამშრომელია, მაგან თქვა, რომ ფულის გამო იჩხუბეს. სხვა დეტალი ჩემთვის უცნობია. როგორც გავიგე, ცემით ჰყავს მოკლული. მაგიდაზე ნარტყამი აქვს თავიო. სხვა დეტალი მართლა არ ვიცი, თორემ არაფერს დავმალავ, ყველამ საკადრისად უნდა აგოს პასუხი. ზუსტი პასუხი არავინ ვიცით, ჩვენც ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, რა იქნება, – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ თაზო მთივლიშვილის მეგობარი და თანამშრომელი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close