,,დღეს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ჩვენმა საამაყო და წარმატებულმა ფერმერმა ზურა მასურაშვილმა ვერ მოისმინა. გუშინ ვიღაც კრიმინალებმა ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან კატასტროფის ცენტრმა თბილისში გადმოიყვანა. აქვს ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები.

საქმე ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „კვირის“ გადამღები ჯგუფი ზურას დავაკავშირე გადაღებისა და ინტერვიუსთვის, როდესაც ფერმერს ჟურნალისტი და ოპერატორი ჩაწერისთვის ფერმაში მიყავდა, გზაზე დაინახა, რომ მის ყანაში ვიღაცეებს, სავარაუდოდ მწყემსებს, ცხენები ყავდათ გაშვებული და მოსავალს უფუჭებდნენ, ზურამ თავისი ჩვეული სიდინჯით სთხოვა გამოეყვანათ პირუტყვი და ფერმისკენ გზა გააგრძელა, მაგრამ ისინი მანქანას ქვებს ესროდნენ. გადაღებას რომ იწყებდნენ, შემოცვივდნენ ეს ადამიანები და ზურას უმოწყალოდ სცემეს. როგორც ფაქტის შემსწრე ჟურნალისტი და ოპერატორი ამბობენ, უკვე გათიშულსაც ურტყამდნენ.
„საშინელება იყო, ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი ჩაწერისთვის ვემზადებოდით და ამ დროს თავს დაგვესხნენ აგრესიული პირები, ვცდილობდით აგვეხსნა, რომ ტელევიზიიდან ვიყავით, არაფერი ესმოდათ, მძღოლი გაშველებას ცდილობდა, არაფერი გამოუვიდა, მე გარეთ გამოვარდი რომ პოლიციაში დამერეკა, რომ დავბრუნდი, ვნახე, რომ სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა, ჯოხი გადაატეხეს, იქვე ეგდო ჯოხიც. მიჭირს ამ ამბის აღწერა“ – ამბობს ჟურნალისტი სოფო ზედელაშვილი.

ზურა ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია და იქამდე იქნება, ვიდრე გადასარეკი ტრასების თემა არ მოწესრიგდება. გამახსენდა, რომ მსგავს ფაქტს, წლების წინ, ერთერთ მეცხვარე ფერმერთან სტუმრობისას წავაწყდი, ოღონდ ასეთი მძიმე შედეგით არ დასრულდა. მას შემდეგ ბევრი მსმენია და პოლიციასაც ბევრი მსგავსი საქმეები უდევს თაროზე, თუმცა, შედეგი სამწუხაროდ არ გვაქვს.
პოლიცია ჩაერთო და იმედია დამნაშევეებს იპოვის. იმის იმედიცაა, რომ ზურას ქეისი წლების განმავლობაში დაგროვილ მსგავს ფაქტებზე რეაგირებასაც გამოიწვევს.
#დავიცვათფერმერიკრიმინალისგან”

_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი.

კომენტარები