უკანონო პლასტიკური ოპერაციები
ვენის სასამართლომ ქართველ ქირურგს 20-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ავსტრიაში დაკავებულ ცნობილ ქართველი ქირურგს, ზურაბ კეკელიას, განზრახ მძიმე სხეულის დაზიანებისთვის 20-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
ქართველმა ექიმმა 58 წლის ქალს ბინაში ნიკაპის მოდელირების პროცედურა გაუკეთა, რომელიც მისთვის სავალალო აღმოჩნდა. ქალს მალევე გართულებები დაეწყო, სეფსისი განუვითარდა, საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება.
.
დაზარალებულმა ქალმა მეგობრისგან ე.წ. „კოსმეტიკური წვეულების“ შესახებ შეიტყო, სადაც იაფ და აშკარად უკანონო სილამაზის პროცედურებს სთავაზობდნენ. ადგილობრივი მედია ავრცელებს ფოტოებს ბინიდან, სადაც ჩანს, რომ პროცედურა ანტისანიტარიულ პირობებში ტარდებოდა. ირკვევა ისიც, რომ ზურა კეკელიას ავსტრიაში მუშაობის ლიცენზიაც არ ჰქონდა.
საქმეში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაციის დროს, რომელიც სრული ნარკოზის გარეშე და არასათანადო პირობებში ჩატარდა, პაციენტს სუნთქვის მძიმე პრობლემები დაეწყო, სისხლდენის შეჩერება კი თითქმის შეუძლებელი იყო. მანამდე სკალპელით რამდენიმე ჭრილობა გაკეთდა – ასევე სხვა, ჯერჯერობით გაურკვეველი მკურნალობის ეტაპები გაიარა.
დაზარალებული ქალის დამ ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მძიმედ დაშავებული ქალი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოში, ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
გამოძიების თანახმად, ოპერაციას არასათანადო პირობებში ატარებდა და პაციენტს მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია გაუკეთა. გარდა ამისა, 36 წლის მამაკაცმა სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე ძალიან დიდხანს იცდიდა.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ბინაში აღმოაჩინა სრული სამედიცინო აღჭურვილობა, ნემსები, მედიკამენტები და მედპერსონალის უნიფორმები. არალეგალური ოპერაციები იმ ბინაში ტარდებოდა, რომელიც არც კლინიკად იყო რეგისტრირებული და ვერც სანიტარული ნორმებს აკმაყოფილებდა.
ზურაბ კ.-მ დანაშაული პირველივე დაკითხვისას სრულად აღიარა. სასამართლოზე მან განაცხადა: „ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.“ მისმა ადვოკატებმა, ფილიპ ვოლმმა და გერჰარდ იაროშმა, უარყვეს განზრახ დაზიანების ბრალდება და განაცხადეს, რომ ქალი ოპერაციას ნებაყოფლობით დათანხმდა. მათი თქმით, საქმე არ ეხებოდა ქუჩაში თავდასხმას, არამედ ეს იყო პირადი შეთანხმება.
ექსპერტმა დაადასტურა, რომ ოპერაცია ტექნიკურად სწორად იყო შესრულებული, თუმცა ბინის პირობები აბსოლუტურად მიუღებელი იყო მსგავსი ჩარევისთვის. ასევე ხაზი გაესვა, რომ თუ ექიმს ეყოლებოდა თანაშემწე, გართულებები უფრო მარტივად სამართავი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ 58 წლის ქალს ოპერაციაზე იურიდიულად ვალიდური თანხმობა არ ჰქონდა.
პრაიმტაიმი, ამბები.ჯი