ჯანდაცვა

,,ეს სამედიცინო ჯალათი, წლებია, რაც ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვაჭრობს“ (ექსკლუზივი)

,,ჯანდაცვა მაიოზების ხელშია და ისინი მოსახლეობას ახრჩობენ“ _ ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ლეიბორისტული პარტიიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ. ამჯერად მხოლოდ ფარმაცევტულ ბიზნესსა და იქ არსებულ პრობლემებს შევეხეთ, თუმცა ორივემ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ნათქვამი ზღვაში წვეთია იმათან შედარებით, რაც ამ სფეროში ხდება.

 გიორგი გუგავა:

_ დიდი ინფლაცია განხორციელდა ფარმაცევტულ სფეროში და ამას სტატისტიკის დეპარტამენტიც ადასტურებს. ანუ ყველაზე მეტად მედიკამენტები გაძვირდა.

 _  რა გახდა გაძვირების მიზეზი?

_ ცივილურ ქვეყნებში ჯანდაცვას, მედიკამენტების წარმოებას, მის რეალიზაციას სახელმწიფოს არეგულირებს, რადგან ის ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამ ქვეყნებში კომპანიებს აკრძალული აქვთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთონ _ აწარმოონ მედიკამენტები, მოახდინონ მისი დისტრიბუცია და გახდნენ დარგის მონოპოლისტები. აქედან გამომდინარე,  იქ,  ჯანდაცვა ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში კი ჩამოყალიბებულია კარგად ორგანიზებული, მაფიოზური ჯგუფი, რომელიც ვაჭრობს ადამიანის სიცოცხლით და ჯანმრთელობით. მილიონების შოვნის დაუოკებელი წყურვილის გამო, მათ საიქიოს გაისტუმრეს ასიათასობით ჩვენი მოქალაქე.

_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, ვის მიიჩნევთ ჯანდაცვის სფეროს მაფიოზებად?

_ დავიწყებ კახა ოქრიაშვილით, რომელიც არის ყველაზე გამოკვეთილი მაფიოზი ამ სფეროში. შევარდნაძის ხელისუფლებიდან დაწყებული, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩათვლით, ეს ადამიანი ყველას მოერგო. პსპ-სთან ერთად, მას ასევე აქვს წამლის საწარმო, ახდენს მედიკამენტების დისტრიბუციას, არის შემომტანი, მისი საკუთრებაა სადაზღვევო კომპანია და სამედიცინო დაწესებულებები. ოქრიაშვილმა შექმნა მოჯადოვებული  წრე, სადაც თავად აწესებს ფასებს. ეს ფასები კატასტროფულად აღემატება სხვა ქვეყნის აფთიაქებში გასაყიდად გამოტანილი, უფრო ხარისხიანი წამლების ღირებულებებს. მეტსაც გეტყვით, ეს პიროვნება მუდმივად იგებს სახელმწიფო ტენდერებს და ბიუჯეტიდან მიაქვს დიდი ფული.

 _ სჯობს, ფაქტებით ვისაუბროთ…

_ კი ბატონო. ბოლოს, უფასო წამლების დარიგების პროგრამაში მონაწილეობდა და მოიგო რამდენიმე მილიონიანი ტენდერი. ეს მაშინ, როცა მის საწარმოში დამზადებული მედიკამენტები არის უხარისხო. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მედიკამენტების ხარისხის ობიექტურად შეფასების სისტემას, რითაც მშვენივრად სარგებლობენ ფარმაცევტული კომპანიების მაფიოზი ხელმძღვანელები. ისინი გარიგებული არიან ექიმებთან და სთხოვენ მათ, რომ პაციენტებს გამოუწერონ რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი. სამაგიეროდ, ამ ექიმებს ურიცხავენ ბონუსებს,  თანხებს. დანაშაულებრივი წრე აქვთ შექმნილი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოქრიაშვილი კონსტიტუციასაც გვიწერს. მოგეხსენებათ, პარლამენტში ის გახლავთ უმრავლესობის დეპუტატი და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დროს, მასში მონაწილეობასაც იღებდა. ზუსტად ასე დაწერეთ, ეს სამედიცინო ჯალათი წლებია, რაც ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვაჭრობს. ასე გახდა მილიარდერი. ჩვენ კი ყოველდღიურად გვეღუპებიან ადამიანები, რადგან მათ არ აქვთ მკურნალობის, წამლის შეძენისა და ექიმთან მისვლის საშუალება. სიკვდილიანობის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. ჩვენმა პარტიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლებზე დაბალი ფასების დაწესებას, მაგრამ ამ სფეროს ოლიგარქებს დაპყრობილი აქვთ ყველა უწყება და ცხადია, ხალხის სასარგებლო კანონპროექტის კანონად ქცევას არ დაუშვებდნენ. ასეც მოხდა. ამ სფეროში გაბატონებული ადამიანები პრაქტიკულად ახრჩობენ მოქალაქეებს. დაზღვევის პროგრამაში 800 მილიონზე მეტია გათვლილი, მაგრამ ეს თანხა ძირითადად მიდის სადაზღვევო კომპანიებში. ეს პროგრამა გახლავთ ბიუჯეტიდან ფულის გადინების საუკეთესო მექანიზმი.

_ ჯანდაცვის სამინისტროს ვალია, ქვეყანაში ჯანდაცვის პოლიტიკაზე კონტროლი. თუმცა, როდესაც მოქალაქეები მათ საჩივრებით მიმართავენ, ყველას ცალსახად პასუხობენ   _ კერძო ბიზნესში ჩვენ ვერ ვერკევითო. ბუნებრივად იბადება კითხვა, რა ფუნქცია აკისრია ამ გაბერილშტატიან სამსახურს?

_ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო არის მაფიოზური კლანის სამსახურში, სხვანაირად, მას უნდა ჰქონდეს შემუშავებული ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობას. როცა მოქალაქეს არ აქვს შესაბამისი თანხა, მისი ჯანდაცვა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, მოახდინოს ამ სფეროს დემონოპოლიზაცია, მაგრამ სერგეენკოს უწყებამ წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესი პიკამდე მიიყვანა, უფრო მონოპოლიზირებული გახადა და გააძვირა ჯანდაცვა.

 _ საყოველთაო დაზღვევაც ე.წ. მონოპოლისტების წისქვილზე ასხამს წყალს?

_ მაგალითად, ოპერაციის თანხის სრულად ანაზღაურება დაზღვევით არ ხდება. დარჩენილი თანხა კი იმდენია, რიგით მოქალაქეს მისი გადახდაც არ შეუძლია. თუმცა, სანამ ოპერაციამდე მივა საქმე, საჭიროა გამოკვლევები, ექიმის კონსულტაცია, რომლის ფასებიც კატასტროფულად არის გაზრდილი. პაციენტი ვერ მივა ექიმთან ან ლაბორატორიის კარს ვერ შეაღებს, სანამ ფულს არ გადაიხდის მისაღებში. უბრალო კონსულტაციის ფასი კი იწყება 40 ლარიდან და 100 ლარამდე აღწევს. კონსულტაციას აუცილებლად მოსდევს გამოკვლევები, მედიკამენტებით მკურნალობა და რიგით ადამიანს სად აქვს ამდენის გადახდის საშუალება?! აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, სად მიდის 800 მილიონი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ყველა რეგიონში გაიხსნას უფასო საავადმყოფო, სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს მაღალი ხელფასი და პაცინეტიც კმაყოფილი იყოს მათი მომსახურეობით?!

ცნობილია ისიც, რომ ექიმების, ექთნების, სანიტრების შემოსავალი ამ დაზღვევიდან არის მიზერული და ეს ფული მიაქვთ კლინიკების მაფიოზ მეპატრონეებსა და მენეჯერებს. ჯამში, დაზარალებულები მედპერსონალი და პაციენტები არიან. ჯანდაცვა არ არის თავისუფალი ბიზნესი და ის უნდა მკაცრად რეგულირდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. სხვა ქვეყნებში ასეა და სახელმწიფო ადგენს ფასებს, ზღუდავს მონოპოლიების ჩამოყალიბებას, თვითნებობას. იქ იცავენ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აქ კი ადამიანებს უყურებენ როგორც ფულის წყაროს. ჩვენი ფუნქცია ამ მახინჯ პოლიტიკურ სისტემაში, მხოლოდ ეს არის.

 _ სოციალურ ქსელში, ბოლო დროს, თქვენ მიერ მაფიოზად მოხსენიებული ოქრიაშვილის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. მისი ნათქვამია: ,,თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰგონია, რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი.“  როგორ შეაფასებთ ამ ფრაზას?

   _ ეს არის ცინიზმი. ის იმდენად არის გათავხედებული საკუთარი მდგომარეობით, რომ ასეთ საუბარსაც ბედავს. კახა ოქრიაშვილი მიტმასნილი იყო ყველა ხელისუფლებასთან და პარლამენტის დეპუტატობაც საკუთარი ბიზნესის ლობირებისათვის სჭირდება, რასაც წარმატებით ახერხებს. ამიტომაც აქვს დამცინავი დამოკიდებულება. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ადამიანი პარლამენტში კი არ ეყოლებოდათ, გამოკეტილები იქნებოდა ციხეში. წარმოიდგინეთ, რამხელა დანაშაულთან გვაქვს საქმე. ექიმები შინაურებს პირდაპირ ეუბნებიან, საქართველოში წარმოებული მედიკამეტი არ იყიდოთ, ის ან საწამლავია, ანდაც არაფერს გარგებთო.

_ თქვენ მხოლოდ ოქრიაშვილზე საუბრობთ, ანუ მხოლოდ ის არის ჯანდაცვის დამაქცევარი?

_ რა თქმა უნდა, არა. ამ სფეროში ბევრი მაფიოზი ტრიალებს: კურტანიძე, ივანიშვილი… მათ აქვთ ხელში ჩაგდებული ფარმაცევტული ბაზარი. ჯანდაცვის სფეროში უკვე ბანკებიც შეიყვანეს. რა სახის მაქინაციები ხდება ბანკების მეშვეობით ჯანდაცვაში, ამაზეც აუცილებლად გესაუბრებით.

 ნელი ვარდიაშვილი

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close