ჯანდაცვა

ჯანმო-ს მონაცემებით, კორონა ვირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევები გაზრდილია

ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ,- ამის შესახებ პედიატრმა, „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ოგბაიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 2798 შემთხვევაა დადასტურებული.

“27 იანვრის მონაცემებით, პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია, სულ 2798 შემთხვევაა. აქედან უდიდესი ნაწილი არის ჩინეთში – 2741 შემთხვევა. ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა საეჭვო შემთხვევები ორჯერ მეტია. აქედან მძიმე მიმდინარეობით არის 641, ლეტალური შემთხვევები გაიზარდა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ჩინეთის გარეთ არის ვიეტნამში, იაპონიაში, ნეპალში, ტაილანდში, სინგაპურში, ასევე ცოტა მოშორებით მდებარე ქვეყნებიდან საფრანგეთში 3 შემთხვევაა, ავსტრალიამ დაადასტურა 4 შემთხვევა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – 5. საეჭვო შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია, მაგრამ ლაბორატორიულ დადასტურებას ელოდებიან. წინა დღეებში ჩინეთში იყო ძალიან მაღალი რისკის ინფიცირება, ირგვლივ მდებარე რეგიონში – მაღალი. ბოლო ორი დღეა შეიცვალა ეს რისკები და გლობალურად გაიზარდა და მაღალი რისკია, ანუ ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ”,- განაცხადა ოგბაიძემ.

პედიატრმა ვირუსის სიმპტომებსა და პრევენციის ზომებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ვირუსს სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს და პრევენციის ზომებიც მსგავსია.

“სიმპტომები კორონავირუსს აქვს მსგავსი, რაც სხვა რესპირატორული ვირუსების დროს არის. ესაა: ხველა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლოა ტკივილი მკერდის არეში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ნაკლები ინტენსივობით უსიმპტომოდ ან საკმაოდ გამოხატულად. ეს სიმპტომები ასევე ახასიათებს გრიპსაც, ამიტომ დადასტურება მოხდება მხოლოდ ლაბორატორიული გზით. რაც შეეხება პრევენციას, ყველაზე კარგი არის ვაქცინაცია, მაგრამ ჯერჯერობით ამ ვირუსის ვაქცინაცია არ გვაქვს. პირველ რიგში, კონტაქტების შეზღუდვა, თუ ვინმეს აქვს ხველა, მაღალი ცხელება, მოვერიდოთ. აუცილებელი ამ კონტაქტის შემდეგ ხელების კარგად დაბანა. ზოგადად, ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ვიბანოთ ხელები ძალიან ხშირად და ეს უნდა მიმდინარეობდეს მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. განსაკუთრებული სიფრთხლეა საჭირო როდესაც საქმე ეხება აეროპორტებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ კავშირი გარკეულ ცხოველებთან, ფერმებთან. არ მივირთვათ თერმულად დაუმუშავებული საკვები“, – განაცხადა ოგბაიძემ და დასძინა, რომ სპეციფიური მედიკამენტი არ არსებობს და მკურნალობა არის სიმპტომატური.

მისივე თქმით, ვირუსი ვრცელდება ძალიან სწრაფად. „ის ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, ყველა შემთხვევაში სიკვდილობას, რა თქმა უნდა, არ იწვევს. განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება ბავშვებში და ხანდაზმულ ადამიანებში. გართულება არის ფილტვის ანთება, საკმაოდ მძიმე პლევმონია ახასიათებს, შესაძლოა გართულდეს ბრონქიტით ან თირკმლის უკმარისობით”,- განაცხადა ოგბაიძემ.

ექიმმა ასევე ჩინეთიდან ჩამოსული ამანათების მეშვეობით ვირუსის გავრცელების საფრთხეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ნებისმიერი ტიპის ვირუსი მშრალ გარემოში დიდხანს ვერ ძლებს”.

“ეს თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია. თვითონ კონკრეტული ვირუსის შესახებ სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გვაქვს, მაგრამ, ზოგადად ვირუსები დიდხანს, დამოუკიდებლად, მშრალ გარემოში ვერ ძლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩინური ფოსტა ავრცელებს ინფორმაცის, რომ ყველა ამანათი, რომელიც მოდის ჰუვეის რეგიონიდან, ორგზის დაექვემდებარება დეზინფექცის”,- განაცხადა პედიატრმა.

წყარო: interpressnews.ge

Related Articles

Back to top button
Close