საზოგადოება

როდის დაიკარგა წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი ჯვარი?

როგორც ცნობილია, საქართველოს გამაქრისტიანებელ წმინდა ნინოს, როდესაც ის ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მოდიოდა, ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი გადასცა. ამ ჯვარს უცხო ქვეყანაში წმინდა მისიით მომავალი ქალწული განსაცდელებისაგან უნდა დაეცვა. ამჟამად წმინდა ნინოს ჯვარი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული და მე-18 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ვერცხლის პერანგი აქვს გადაკრული. იგი ვერცხლისავე კიდობანშია მოთავსებული. სანამ სიონში დააბრძანებდნენ, ჯვარმა ისეთივე „ეკლიანი“ გზა გამოიარა, როგორც თავად წმინდა ნინომ.

წმინდა ნინოს ცხოვრების მცხეთური რედაქციის მიხედვით, ეს ჯვარი წმინდანს ღვთისმშრობელმა იერუსალიმში გადასცა. თუმცა არსებობს სხვა რედაქციაც, რომელიც ვაზის ხის რტოსგან შეკრულ ჯვარს თავად წმინდა ნინოს მიაწერს _ წმინდანს იგი თავისი თმებით მცხეთაში მოსვლის შემდეგ, მაყვლოვანში დამკვიდრებისას შეუკრავს.

 შემდგომში ეს ჯვარი, მემკვიდრეობით მეფე მირიანს ერგო და 541 წლამდე მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში იყო დაბრძანებული. ამ ჯვრით მან მეფედ აკურთხა თავისი შვილი ბაქარი. 
ისტორიული წყაროების მიხედვით, მე-11-12 საუკუნეებში წმინდა ნინოს ჯვარი მცხეთის საკათედრო ტაძარში ესვენა, მაგრამ როცა საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა, ამის გამო, უსაფრთხოების მიზნით, მთაში, სტეფანწმინდაში გაუხიზნავთ. ამის შემდეგ, ისტორიულ წყაროებში აღარ ჩანს კვალი წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი ჯვრის სამყოფელის შესახებ. ეს გაურკვევლობა მე-17-18 საუკუნეებამდე გრძელდებოდა. ერთ-ერთი ცნობით, რუს მიტროპოლიტ რომანოზს, წმინდა ნინოს ჯვარი მალულად მოსკოვში წაუღია. ეს ცნობა 1749 წლით თარიღდება. სხვა ცნობის მიხედვით კი, წმინდა ჯვარი ქართველთა მეფე არჩილს გაუტანია საქართველოდან 1688 წელს. იმავე ცნობით, ჯვარი მოსკოვში, ქართველ მეფეთა სასახლეში ესვენა. ამის შემდეგ, წმინდა ნინოს ჯვარი სოფელ ლოსკოვოში, ქართველ დიდებულთა მამულში, ვახტანგ მეექვსის შთამომავალს, გიორგი ალექსანდრეს ძეს გადაუბრძანებია. 1801 წელს კი, მას ჯვარი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთვის მიურთმევია, რომელსაც 1802 წელს დაუბრუნებია საქართველოსთვის მისი კუთვნილი განძი. 
წმინდა ნინოს ჯვართან უამრავი სასწაულია დაკავშირებული. ჯვარი დღემდე კურნავს სხვადასხვა სენით დაავადებულ ადამიანებს. როგორც ამბობენ, მთავარია მას რწმენით მიეახლო.

euronews.ge გილოცავთ ნინოობას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close