საზოგადოება

,,მათ გვითხრეს, რომ ნატოში შესვლის სანაცვლოდ, უნდა დავთმოთ სოხუმი და ცხინვალი”

   ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

_ ეს მზაკვრული ინიციატივა ქართული პოლიტიკის სივრცეში რამდენიმე დღის წინ შემოაგდეს. თუმცა, თემა ახალი ნამდვილად არაა. ტელესივრცეში, ერთი შეხედვით, რთული… ბუნდოვანი წინადადებებით შემოცურდნენ, მაგრამ რეალურად გვითხრეს, რომ ნატოში შესვლის სანაცვლოდ, უნდა წავიდეთ კომპრომისზე და დავთმოთ სოხუმი და ცხინვალი! ითქვა ისიც, რომ ამ იდეას საქართველოში არა ერთი თანამდებობის პირი უჭერს მხარს… პირად საუბრებში! ქართველი საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ “გმირებს” და აუცილებლად გამოვიკვლევთ და გავასაჯაროვებთ ყველა იმ თანამდებობის პირის ვინაობას, ვინც მზადაა დათმოს სოხუმი და ცხინვალი,- ნატოს სანაცვლოდ! იმედია, გონიერი აუდიტორია ახლა ხსნის, რატომ დააჩქარა რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალში საბაჟო პუნქტების ამოქმედება და სამხედრო ძალების სრული ინტეგრაცია. ეს საპასუხო რეაქცია იყო. ერთი შეხედვით, ამერიკულმა ინიციატივამ, რომელიც ინიციატივაა, იდეაა და სხვა არაფერი, კვლავ რუსული საქმე გააკეთა! საბაჟო პუნქტების გახსნა ქართველებს გზას უჭრის გალისა და ცხინვალისკენ. რუსეთსა და საქართველოს შორის შეხების N- წერტილების თემაც, რაზეც კვირიკაშვილი დავოსში საუბრობდა, პერსპექტივას ჰკარგავს. რიტორიკა კვლავ მტრულ რეჟიმში გადადის. ზიანდება საქართველოს ინტერესი და რის გამო? ვიღაცა ტესტირებას ეწევა, როგორ მიიღებენ ქართველები სოხუმისა და ცხინვალის დათმობის იდეას. ახლავე ვეუბნები ამ ვიღაცას: ქართველი ხალხი სოხუმს და ცხინვალს არ დათმობს. ქართველების ნაწილს ნატო უნდა იმიტომ, რომ მასში უსაფრთხოების კედელს ხედავს და არა იმიტომ, რომ მარტო თბილისით შევიდეთ ნატოში, ხოლო სხვა რეგიონები მოწინააღმდეგემ წაიღოს.
8 თებერვალს ხსენებული იდეის ავტორი თბილისში ჩამოდის. ხელისუფლების რეაქციიდან გამომდინარე, ვნახავთ, პერსონალურად ვინაა მზად,- გაყიდოს სამშობლო! სოხუმის დათმობის იდეის ტესტირების პროცესში კი, რუსული მხარე რადიკალურ ქმედებებზე გადადის. მცოცავი ანექსია, რაც ბოლო დროს შეჩერებული იყო, განახლდება! “ტოპკა” აწეულია და საქართველოსთვის საზიანო შედეგიც სახეზეა. ამ იდეიდან სინამდვილეში არაფერი გამოცხვება. ჰაერია. საპნის ბუშტია. უბრალოდ, მსგავსი მოღალატური აზრები და ამ აზრების ტირაჟირება, ამ აზრებზე დისკუსია ჩვენთვის, ქართველებისთვის ანგრევს სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნების პერსპექტივას. რაღაცა საბედისწეროდ ფუჭდება და მერე ამ დაზიანებული ეპიზოდის აღდგენა ან შეუძლებელია ან ამას ათწლეულები სჭირდება!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close