სხვა

„სხეულზე ყველაფერი ერთად არ უნდა ჩამოიკიდო“

რა რჩევებს აძლევს დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე ქალებს

დიზაინერ ეკა ბალანჩივაზე გემოვნების ჩამოყალიბებაში დედამ ითამაშა დიდი როლი. მისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რა არის მოდაში და რას სთავაზობს მოდა ადამიანს, არამედ ის, თუ რა უხდება.

.

ეკა ბალანჩივაძე:

-ჯერ შინაგანი ინტელექტი და შემდეგ ალბათ დედის გავლენა ახდენს დიდ როლს გემოვნების ჩამოყალიბებაში… თამამად ვიტყვი, რომ დედაჩემი ძალიან გემოვნებიანია და აქედან გამომდინარე, სულ მაღალ გემოვნებაზე აქცენტირებით გავიზარდე… ნიჭი, თავისებური ხედვა, ალბათ ცოტა მეამბოხეც უნდა იყო კოკო შანელის მსგავსად, რომ მნიშვნელოვანი რაღაცების კეთება შეძლო. კოკო შანელი მონასტერში გაიზარდა, სადაც სწავლობდა კერვას, კონსტრუირებას. ის მეამბოხე ბუნების იყო და ამის წყალობით ძალიან ბევრი შეძლო…

– მოდის მიმართულებით მეამბოხესთან დღეს დემნა გვასალია ასოცირდება…

– გეთანხმებით! დემნა მოდის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მე დიდ პატივს ვცემ მისნაირ ადამიანებს. ზოგადად, სხვა კონცეფცია აქვს მის შემოქმედებას და სულ სხვა კონტენტი დევს დემნას მიერ შექმნილ კოლექციებში… არსებობენ „მოდის მსხვერპლები”, რომლებიც იღებენ გვასალიას შექმნილ აბსოლუტურად ყველაფერს და საოცარი შესახედავები არიან. „მსხვერპლებს” ვეძახი ადამიანებს, რომლებიც ერთად იცვამენ ყველაფერს, რასაც მათ მოდა სთავაზობს. ერთ ლუქში აქვთ თავმოყრილი ყველაფერი, ნაძვის ხესავით… არ არის აუცილებელი, რაც ტენდენციური და ახალია, სხეულზე ერთად ჩამოიკიდო…

– თქვენი დიეტა უნდა გაგვანდოთ…

– ჭარბი წონისკენ, სიმსუქნისკენ ვარ მიდრეკილი, ეს ბებოსგან გვაქვს გამოყოლილი. მთელი სანათესაოს ქალები ერთმანეთს „ვაბულინგებთ”, ვამხნევებთ და წესად გვაქვს, თუ სადმე ერთად გემრიელად ვივახშმებთ, შემდეგი ორი დღე მშივრები ვართ. უფრო სწორად, სწორ კვებაზე გადავდივართ… ვერ ვიტყოდი, რომ ოდესმე ძალიან მსუქანი ვიყავი. ორსულობის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, მაქსიმუმ 63 კილომდე ავსულვარ, მაგრამ ეგ წონა ჩემთვის ძალიან ბევრია. 62 კილოც კი ძალიან პუტკუნა ვარ… 55 კილოს როგორც მივუახლოვდები, მყისვე დიეტაზე გადავდივარ.

– არასოდეს მალავთ, როდესაც ბოტოქსს, ინიექციებს იკეთებთ…

– როგორც ყველა, სახის კანს მეც ვუვლი. რაც შეეხება ინიექციებს, ვფიქრობ, 35 წელს ზემოთ აუცილებელია ყველამ გამოიყენოს, რათა შევაფერხოთ სიბერე… ინიექციები მოვლაც კი არ არის, ეს არის პრევენცია, რომ ძალიან მალე არ დაჭკნე. როგორც წამალია აუცილებელი, როდესაც რამე გაწუხებს, ზუსტად ისეა აუცილებელი ინიექციები…

– დღეს ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია… რამდენად არის შესაძლებელი ქალბატონები სულ ფორმაში იყვნენ?

– შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ კვებითი რაციონი შეცვალონ, სიგარეტი არ მოსწიონ, ეს ყველაფერი სახის კანზე დადებითად აისახება. არ არის სასურველი მზის აბაზანების ხანგრძლივი დოზით მიღება, არც სიცივე მოქმედებს დადებითად… სახლის პირობებშიც შეიძლება საკუთარ თავზე ვიზრუნოთ. მე მაგალითად, არასოდეს ვყიდულობ სახის “სკრაბს”, თავად ვამზადებ შაქრისა და ლიმონის საშუალებით. ბევრი რამაა, რაც კანზე დადებითად მოქმედებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close