ქართულ-ებრაული

„მამის ნაამბობის“ წარდგინებას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა

ვინ გადასცა საჩუქრად ირაკლი ღარიბაშვილს სეფერთორისთვის განკუთვნილ ტყავზე ხელით დაწერილი კურთხება-დალოცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის დაამზადა ისრაელში

პირველად – ასი წლის შემდეგ
გამოვიდა მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის პირველი ქართულენოვანი წიგნი „მამის ნაამბობი“ (ნაწილი პირველი), რომლის ოფიციალური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა 29 ნოემბერს. მიწვეულნი გახლდნენ სამთავრობო წრეების, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თემის და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადენლები, სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოსული საპატიო სტუმრები. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქალბატონი ნათია სულავა. წიგნის წარდგინებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი თამარ მახარაშვილი გაუძღვა. მან ისაუბრა, გამოცემის მნიშვნელობაზე ქართულ-ებრაული ურთიერთობების ჭრილში, ასევე – საგანმანათლებლო თემატურ სივრცეში. სიტყვა წარმოთქვეს: ბატონმა შაბთაი ცურმა (ახლო წარსულში ისრაელის ორი მოწვევის სრულუფლებიანი ელჩი); ბატონმა ლაშა ჟვანიამ – ისრაელში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა (მეორე ვადით), რომელმაც ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველ ებრაელთა მთავარი რაბის წიგნის ქართულენოვანი გამოცემის ისტორიული და სამომავლო კონტექსტი; სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ, უხუცესმა კომენტატორმა, ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმა; მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ევა ბაბალაშვილმა. წიგნის ავტორ-შემდგენელმა, ირინე ბიბილეიშვილი-იოსებაშვილმა მიმოიხილა გამოცემის ძირითადი კონცეფცია, ისაუბრა ავტორის – რაბი იაკობ გაგულაშვილის ღვაწლზე ორი მოძმე ერის კულტურული დიალოგის ფორმატში.
შემაჯამებელი სიტყვა თავად ავტორმა წარმოთქვა. რაბი იაკობმა ხაზი გაუსვა, რომ წიგნად შეკრული მისეული ქადაგებების ქართულ ენაზე გამოცემა გახლავთ სამადლობელი წინაპრებისადმი, რომელთაც „მამების ნაამბობებში“ გამოატარეს და საუკუნეების მანძილზე შემოინახეს რწმენა და თორა, ტრადიციები და ადათ-წესები; სამადლიეროა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ იმ წარსულისთვის, რომელიც ორი სახელმწიფოს სამომავლო კავშირის ქვაკუთხედად უნდა იქცეს.
„მამის ნაამბობის“ საზოგადოებისადმი წარდგენა საგანგებოდ ხანუქის დღესასწაულის კვირეულში მოხდა და რამდენიმე ღონისძიების ციკლს მოიცავდა: 28 ნოემბერს, თბილისის დიდ სინაგოგაში სადღესასწაულო საღამოზე მოწვეულნი გახლდნენ საქართველოს მთავრობის
წარმომადგენლები – მინისტრები, პარლამენტის წევრები, ქალაქის მერი და სხვა საპატიო სტუმრები. პირველი სანთელი ტრადიციულად პრემიერ-მინისტრმა აანთო რაბი იაკობ გაგულაშვილთან და რაბი რახამინ მურდუხაშვილთან ერთად. კურთხევის ლოცვა რაბი იაკობმა წარმოთქვა. მან ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად გადასცა სეფერთორისთვის განკუთვნილ ტყავზე ხელით დაწერილი კურთხება-დალოცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის დაამზადა ისრაელში. მოგვიანებით, საზეიმო საღამომ მთაწმინდაზე, ფუნიკულიორის რესტორანში გადაინაცვლა, სადაც მიპატიჟებულ იყვნენ ოფიციალური პირები, საქართველოს საპატრიარქოს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ჩამოსული სტუმრები, ელჩები და საზოგადოების სხვა თვალსაჩინო სახეები. საპატიო სტუმართა შორის გახლდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი ვახტანგ გადელია და ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი ირაკლი ხახუბია. ბატონმა ვახტანგ გადელიამ მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს, იერუშალაიმის და აშდოდის მთავარ რელიგიურ მოსამართლეს, რაბი ხახამ იაკობ გაგულაშვილს, როგორც ძირძველ სენაკელს, „საპატიო სენაკელის“ სიგელი და მედალი გადასცა. ეს ჯილდო მას გამორჩეული ღვაწლისა და ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის მიენიჭა. მართლაც, გაგულაშვილების ოჯახი ნახევარი საუკუნის წინ – 1972 წელს ავიდა ისრაელში და დღემდე ინარჩუნებენ კავშირს მშობლიურ კუთხესთან, მთელი არსებით ემსახურებიან რწმენას, თორას და ამავე დროს არ ივიწყებენ კულტურას, ტრადიციებს და ენას, რომელზეც დიდი ქართველი რაბები, წინაპრები მეტყველებდნენ საქართველოში. თავად რაბი იაკობი მაშინ მხოლოდ 5 წლის გახლდათ…
ამავე საღამოს რაბი იაკობს, ჩამოსულ სტუმრებს, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და ხანუქის დღესასწაული მიულოცეს: ქალბატონმა თეა ახლვლედიანმა – სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ილია დარჩიაშვილმა, ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა, ბატონმა ლაშა ჟვანიამ. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, რომელიც ასევე გახლავთ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, წიგნის წარდგინება მიულოცა ავტორს და მთელს შემოქმედებით ჯგუფს და ისაუბრა იმ მაღალზნეობრივ და კულტურულ ურთიერთობებზე, რომელიც საქართველოსა და ქართველ ებრაელთა სულიერ ლიდერებს შორის არსებობს.
ბატონმა შაბთაი ცურმა რაბი ხახამ იაკობს გადასცა საგანგებო კომისიის (იცხაკ გაგულა, ლაშა ჟვანია, ჯამლეტ ხუხაშვილი, თამარ მახარაშვილი, ირინე ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი) მიერ შემუშავებული სამადლობელი სიგელი, ნიშნად მისი მრავალწლოვანი სასულიერო ღვაწლის, სიბრძნის და დამსახურებების დაფასებისა.
ამ საღამოს სტუმრებს სამახსოვრო სიმბოლურ საჩუქრებად გადაეცათ წიგნის ეგზემპლარები ავტორისეული ავტოგრაფით, სპეციალური ჩამოსხმის თანამოსახელე ქაშერი ღვინო „მამის ნაამბობი“, რომელიც კომპანია „GEORGIAN ROYAL WINE“-მა დაამზადა საგანგებოდ ამ საზეიმო დღეების აღსანიშნავად და რომელის ეტიკეტზეც დატანილი გახლავთ რაბის მიერ ისრაელისა და საქართველოს სახანუქე დალოცვა. სადღესასწაულო საღამოს ამშვენებდა სახელმწიფო სიმფონიური კვარტეტის მიერ შესრულებული კლასიკური მუსიკის ჰანგები, ქართული და ებრაული მელოდიები „ქართული ხმების“, ანრი ჯოხაძის, ბორის ბედიას, დავით კენჭიაშვილის შესრულებით.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით გამოწვეული შეზღუდვების გამო, დამსწრეთა რაოდენობა ყველა ღონისძიებაზე მკვეთრად შეზღუდული გახლდათ. ამიტომ, ჯამაათის, დაინტერესებული საზოგადოების და სხვა საპატიო სტუმრების წინაშე „მამის ნამბობის“ წარდგინებას თავად თბილისის დიდმა სინაგოგამ უმასპინძლა ხანუქის მეორე სანთლის დანთების დღეს. საღამო სალოცავის გამგეობის თავმჯდომარემ, ბატონმა მერაბ ჩანჩალაშვილმა წარმართა. სიტყვა წარმოსთქვეს რაბი იაკობმა და ავტორ-შემდგენელმა ირინე ბიბილეიშვილი-იოსებაშვილმა. დასრულებისას დამსწრეთ სახანუქე ტკბილეულთან ერთად საჩუქრად გადაეცათ წიგნები ავტორის ავტოგრაფით. ამავე საღამოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM) საქართველოს ეროვნული სექციის პრეზიდენტმა, ბატონმა ავთანდილ დავითაიამ, საერთაშორისო ორგანიზაცია EPIC AMBASSADOR-ის სახელით, რაბი იაკობს გადასცა ცნობილი მხატვრის, გიორგი გეგეჭკორის მიერ შესრულებული გრაფიკული ნამუშევარი – „რაბი იაკობის პორტრეტი“. აღსანიშნავია, რომ გიორგი გეგეჭკორი გახლავთ ცნობილი ქართველი მხატვარი, რომლის ფერწერული ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს არაერთ დიდ მუზეუმში, სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებასა და კერძო კოლექციებში. ამასთანავე, იგი არის სამხატვრო აკადემიის პროფესორი და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე.
ასე „აიდგა ფეხი“ საქართველოში „შუქთმოფენის“ დღესასწაულზე რაბი იაკობ გაგულაშვილის პირველმა ქართულენოვანმა წიგნმა – „მამის ნაამბობი“, რომელიც გახლავთ თორის და თალმუდის ქართულენოვანი კომენტარების, ფსალმუნთა საკმაოდ ღრმა ანალიზის და განმარტებების კომპილაცია, რომელშიც ავტორი ხელშესახებს ხდის არა მხოლოდ „წმინდა წერილის“
ზოგადსაკაცობრიო სიბრძნეს, არამედ აცოცხლებს ქართველ ებრაელთა თემის ტრადიციების, ყოფის, მოღვაწეობის, მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების ამსახველ რეტროსპექტიულ სურათს და ამით გარკვეულწილად აჯამებს საქართველოს ებრაელობის ისრაელში ასვლის ნახევრსაუკუნოვან ისტორიას და მათი საქართველოში ცხოვრების, სულ მცირე, 26 საუკუნეს.
წიგნის ფურცლებზე გაცოცხლებული ისტორიები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ შემეცნებითი დატვირთვა აქვთ, არამედ იმიტომაც, რომ მათ ქართველ ებრაელთა დიდი რაბები ქადაგებდნენ საქართველოში მოღვაწეობისას და, ამდენად, ორი ერის ზიარი ისტორიის მატიანეს წარმოადგენს – ჰყვებოდნენ ქართულად, ქართული სახასიათო ელფერით, და
ამიტომაც გაჯერებულია ორივე კულტურის სურნელით.
წიგნი „მამის ნაამბობი“ (ნაწილი პირველი) მიეძღვნა საქართველოდან ერეცში ებრაელთა მასობრივი დაბრუნების („დიდი ალიის“) 50–ე, ისრაელ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30-ე წლისთავს და საქართველოდან ისრაელში ასული უხუცესი სულიერი მოძღვრის, რაბი იაკობის მამის, რაბი ხახამ აბრაამ გაგულაშვილის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. ნიშანდობლივია, რომ წიგნის პირველი წარდგენა სწორედ ხანუქის – სინათლის დღესასწაულის დღეებში მოხდა.
წიგნზე საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობის სარედაქციო საბჭო მუშაობდა: რეუვენ ენოხი (რუბენ ენუქაშვილი) – ენათმეცნიერი, არიელის უნივერსიტეტის პროფესორი (ისრაელი); ისაკ (ირაკლი) კრიხელი – რედაქტორი თანახის წიგნების საკითხებში – მკვლევარი, პუბლიცისტი (აშშ); იაკობ ოფირი (ეფრემაშვილი) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს
ებრაელთა ისტორიის და ყოფის აღნუსხვის სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტის ხელმძღვანელი (ისრაელი); იცხაკ მიხელაშვილი – მედიცინის დოქტორი (უნგრეთი); შალვა წიწუაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (ისრაელი); მერი ამშიკაშვილი – ისრაელის და ევროპის ჟურნალისტთა კავშირის წევრი (ისრაელი); დამირ მიხელაშვილი (ისრაელი); ნათანელა (ნათელა) მიხელაშვილი (ისრაელი).
„მამის ნაამბობის“ გარეკანზე დატანილია ისრაელში მცხოვრები და მოღვაწე ცნობილი ფერმწერის, მიხეილ ხუნდიაშვილის ნახატი – „საქართველოს რაბინები“, რომელიც მან 1999-2000 წლებში შეასრულა.
ფერწერულ ნამუშევარზე გამოსახულია ქართველ ებრაელთა დიდი რაბები, რომელთაგანაც უმრავლესის შესახებ ისტორიული მონაკვეთები შესული გახლავთ წიგნში.
ეს წიგნი საქართველოს ებრაელობისთვის და თავად საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ბეჭდური გამოცემაა, რადგან უკანასკნელი 100 წლის მანძილზე არ ყოფილა ქართულენოვანი ქადაგებების მსგავსი კრებული, თორისა და თალმუდის სიღრმისეული ანალიზი და კომენტარები წიგნად აკინძული, რომელიც უკვდავჰყოფს თემის ისტორიას და
თვითმყოფადობას და არა მხოლოდ უკვდავყოფს, არამედ ქართველ ებრაელთა თემს ღირსეულ კუთვნილებას ანიჭებს ისრაელის შვილთა დიდ ოჯახში.
ამ წიგნით ავტორი, როგორც საქართველოს ებრაელობის სულიერი ლიდერი ისრაელსა და მთელს დიასპორაში, მადლობას უხდის არა მარტო მამას, რომელშიც სიმბოლიზებულია წინაპრების, დიდი რაბების, წინა თაობების ფენომენი, არამედ მადლობას უხდის საქართველოს, ქართულ ენას, ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი ძმური თანაცხოვრებისთვის, ორი ერის
კულტურათა შორისი დიალოგის ღირსეული ისტორიისთვის. ამ კონტექსტით იგი 118 წლის შემდეგ იმეორებს დიდი რაბი დავით ბააზოვის მიერ მსოფლიო კონგრესზე წარმოთქმულ ისტორიულ სამადლობელ სიტყვას საქართველოსადმი, როგორც უაღრესად ტოლერანტული ქვეყნისადმი, რომლის მიწაზეც კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ ქართველები და ებრაელები საუკუნეების განმავლობაში.
ამდენად, მართლაც ფასდაუდებელია მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბის, იერუშალაიმის და აშდოდის მთავარი რელიგიური მოსამართლის, იაკობ გაგულაშვილისეული კომენტარების გამოცემა ქართულ ენაზე; – სულიერი ლიდერის, რომელიც გახლავთ ავტორი მრავალი რელიგიური და ჰალახური ხასიათის წიგნისა ებრაულ ენაზე.
„მამის ნაამბობს“, არა მხოლოდ კულტურული და შემეცნებითი, ისტორიული დატვირთვა აქვს, არამედ ძალზე ნოყიერ ნიადაგს წარმოაჩენს სამომავლო კვლევებისათვის ჰუმანიტარული მიმართულებით.
სტატიის ავტორი ირინა ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close