საზოგადოება

ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე დიდი მწერლის პირადი ნივთები გამოფინეს

სოფელ ჩარგალში მდებარე პატარა სახლი ლამაზ ეზოში ჩადგმულ ერთ უბრალო სახლად დარჩებოდა, იქ რომ არ დაბადებულიყო დიდი პოეტი და მწერალი – ვაჟა ფშაველა. მერე კი, ეს სახლი გახდა გენიალური პოემების, ლექსებისა და მოთხრობების სამჭედლო.  ჩვენც, „ვაჟაობაზე“ ამ სახლს ვესტუმრეთ…

29 ივლისს, ჩარგალში, დიდი ვაჟას სახლში, სადაც ამჟამად სახლ-მუზეუმია  გახსნილი,  ასობით სტუმარმა მოიყარა თავი.  სტუმართა შორის იყვნენ ცნობილი მწერლები, მსახიობები, მომღერლები, ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და უბრალოდ, ვაჟას შემოქმედების თაყვანისმცემლები.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვაჟას არა ზედაპირული, არამედ სიღრმისეული კითხვა, ფესვებიდან უნდა ვისწავლოთ ვაჟას შემოქმედება. ვაჟამ სამყაროს აზროვნების შეცვლა შეძლო. ადამიანს გაუმარტივა წუთისოფელში ცხოვრება“ – განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა.
როგორც გვითხრეს, წელს, ვაჟაობა ჩარგალში წინა წლებთან შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციად ქცეულ სახალხო დღესასწაულზე ჩასულ სტუმრებს ვაჟას შთამომავლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები მასპინძლობდნენ. საღამოს წამყვანი, ცნობილი ქართველი მწერალი ერეკლე საღლიანი იყო.
„ეს არის ვაჟას შემოქმედების კიდევ ერთხელ დაფასება ქართველი ხალხის მიერ. გარემოში, ბუნება, სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის უნიკალური ადგილი. მართლაც, რომ ვაჟას სამყაროა და დღევანდელი დღე ულამაზესია ყოველი აქ მყოფისთვის,“ – აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა.
ფოტოები, ჩანაწერები, ჩანახატები, ფურცლებზე გადატანილი მოგონებები და ლიტერატურის მუზეუმში დაცული ვაჟა-ფშაველას პირადი ნივთები გამოიფინა მხოლოდ ერთი დღით, „ვაჟაობის“ სახალხო დღესასწაულზე. წარმოდგენილ ექსპონანტებზე კი ვაჟას ცხოვრებისა და შემოქმედების ყველა უცნობი თუ ნაცნობი მოვლენა იყო ასახული.

.

.

.

.


„ყველა შეხება ვაჟასთან არის დღესასწაული, მაგრამ დღევანდელი დღე გამოირჩევა იმით, რომ დატვირთულია სხვადასხვა სახის პროექტებით, პროგრამებით. უმნიშვნელოვანესი იმითაც, რომ პირველად, ერთი დღით ვაჟას სახლ-მუზეუმი ჩარგალში მასპინძლობს მის პირად ნივთებს, მის საფულეს, საათს, მის ხელშენავლებ მთელ ავლადიდებას…“ – განაცხადა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორმა, ლელა რაზიკაშვილმა.

დღესასწაულზე გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული დოღი, კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

.

.

.


წელს, პირველად, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყო თავად პოეტის, მისი ძმებისა და ოჯახის წევრების უნიკალური ფოტოების გამოფენა. პოეტებმა და მწერლებმა სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ლექსები და ისაუბრეს მის შემოქმედებაზე.
სპეციალურად ვაჟაობისთვის გაიმართული დოღი. გამარჯვებულ მოჯირითეს მიენიჭა „ვაჟაობის“ მხედრის ტიტული.

 

 დავით დოლიძე -სპეციალურად euronews.ge -სთვის

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close