საზოგადოება

,,გაუგებარია, რა საფუძვლით შეეზღუდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატს კლიენტთან შეხვედრის მიზნით საქართველოში შემოსვლა”

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომრის წერილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით 

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. კანონის წინაშე თანასწორობა და თითოეული ადამიანის მიმართ სამართლიანი პროცესისა და ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფა გარანტირებული უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნულში განსაკუთრებული როლი აქვთ ადვოკატებს. შესაბამისად, ჩემთვის უმთავრესია, რომ პროცესის არც ერთ ეტაპზე, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატებს არ შეეზღუდოთ პროფესიული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების უფლება და მათ საადვოკატო საქმიანობა აწარმოონ თავისუფალ გარემოში, როგორც ეს გარანტირებულია კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე დაცულია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მის ადვოკატებთან შეხვედრის უფლება და ამასთან, ასოციაციის შუამდგომლობით, პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყო მასთან ამერიკელი ადვოკატის ვიზიტი, გაუგებარია, თუ რა საფუძვლით შეეზღუდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატს კლიენტთან შეხვედრის მიზნით საქართველოში შემოსვლა. აღნიშნული ფაქტის თაობაზე მივმართე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და ველი დროულ და სათანადო რეაგირებას. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ბრალდებულის უფლება შეუზღუდავად შეხვდეს მისი ინტერესების დამცველ ნებისმიერ ადვოკატს განუხრელად უნდა იქნას დაცული.
აქვე მინდა, ყურადღება გავამახვილო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გაცხადებულ კომუნიკაციის კონფიდენციალობის დარღვევის ფაქტებზე. ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალობის პრინციპის დაცვა საადვოკატო საქმიანობისა და მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ამ პრინციპის რაიმე ფორმით დარღვევა წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობაში ჩარევას და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, „ადვოკატთა როლის შესახებ“ გაეროს ძირითადი პრინციპების შესაბამისად, „პატიმრობაში მყოფი პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადვოკატთან კომუნიკაციით, მიყურადების ან ცენზურის გარეშე, კონფიდენციალობის სრული დაცვით.“ ამიტომ, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, რომ სრულად იყოს გარანტირებული ადვოკატსა და კლიენტს შორის შეხვედრის დროს კონფიდენციალობის პრინციპის დაცვა.
ამასთან, პრობლემურია ის ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ვერ მიიღო მონაწილეობა თავისი საქმის სასამართლო განხილვაში. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფუნდამეტს წარმოადგენს ბრალდებულის უფლება მონაწილეობდეს საქმის სასამართლო განხილვაში და დაუპირისპირდეს მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს თუ მოწმეებს. საყურადღებოა, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ნათელი და დასაბუთებულ განმარტება, თუ რა საფუძვლით შეიზღუდა ბრალდებულს საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობის უფლება მაშინ, როდესაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს ბრალდებულის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის სხვადასხვა, მათ შორის ელექტრონული მართლმსაჯულების ფორმების გამოყენება. ეს ძალზედ ყურადსაღები ფაქტია, რათა არ შეიქმნას ნეგატიური პრეცედენტი სამართლიანი პროცესის უფლების სრულფასოვნად რეალიზაციის პროცესში.
აგრეთვე, მიუხედავად ჩემი თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი მიმართვისა, რომ სასამართლოს ნათლად განემარტა მის მიერ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რამდენიმე ადვოკატის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის შეზღუდვის საფუძველი, სასამართლოს განცხადება, რომ დაცვის უფლება უზრუნველყოფილი იყო შეთანხმებით აყვანილი ორი დამცველის მონაწილეობით, არ წარმოადგენს სხვა ადვოკატებისათვის სხდომაში მონაწილეობის შეზღუდვის სათანადო საფუძველს. განვმარტავ, რომ ბრალდებულს უფლება აქვს ისარგებლოს ადვოკატთა შეუზღუდავი რაოდენობის დახმარებით და საქმეში ჩართულ ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება შეუფერხებლად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა.
ასევე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებაა პატივი სცენ მოშიმშილე პატიმრის ყველა უფლებას, რაც გარანტირებულია კანონმდებლობით. თითოეული ადვოკატისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების უფლებები სრულად იყოს დაცული, ისინი არ დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყვნენ დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარებით.
ამასთან, გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ექსპრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი და პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება. საქმესთან დაკავშირებით მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, მსგავსი ჩანაწერების გავრცელებაზე გადაწყვეტილების მიღება უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. აუცილებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აწარმოოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება, რომლის შედეგებზე ინფორმირების გზით უნდა დაკმაყოფილდეს აღნიშნულ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესი.
და ბოლოს, მიუხედავად საქმის რეზონანსულობისა, აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყველა სამართლებრივი პროცედურის განხორციელება ადამიანის უფლებების, კანონის წინაშე თანასწორობისა და სამართლის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით.
დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close