სიღნაღის ამბები

გზა სიმღერიდან – ,,გორნაია ლავანდა” ლავანდის საკუთარ პლანტაციამდე

,,საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გვსტუმრობდა პანდემიამდე, კახეთის გუბერნატორიც არის ნამყოფი. ცხადია, ყველას შევჩივით, ჩვენს პრობლემებზე ვუყვებით და თავადაც ხედავენ, როგორც ვართ. მათი დაპირებები დღემდე მოდის..."

ერთი თვეა, რაც ნუკრიანის მინდორს ლავანდის სურნელი მოეფინა, ლურჯად გადაბიბინდა გარემო. ამ სილამაზის სანახავად, ფოტო სესიების მოსაწყობად, უამრავი ვიზიტორი მიაწყდა სოფელს. საქართველოში ლავანდის პლანტაცია მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტშია და ცხადია, ამ ნოვაციის საკუთარი თვალით ხილვა ბევრს სურს – ადგილობრივებს და უცხოელებს. გადავწყვიტეთ, მისი მეპატრონე ფერმერისგან მოგვესმინა ამბავი, ნუკრიანული ლავანდის პლანტაციის შესახებ და თავად მოგვენახულებინა ლურჯად აბიბინებული მდელო.

ქიზიყის ე.წ. სავიზიტო ბარათს, პირველი ტრაქტორისტი ქალის, ელენე ნატროშვილის ძეგლადქცეულ ტრაქტორს გავცდით თუ არა, ცენტრალური გზიდან მარცხნივ გადავუხვიეთ. პლანტაციისკენ ვიწრო, ორმოებიანი, დაკლაკნილი გზა მიემართება. ნაპირებზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები გროვებად არის დაყრილი.

ჩვენი ვიზიტი პლანტაციაში რადგან პრობლემის აღმოჩენით დაიწყო, მეპატრონესთან პირველი კითხვა სწორედ პრობლემებზე დავსვით. აღმოჩნდა, რომ პლანტაციაში არც შუქი აქვთ და არც წყალი, ამიტომ ლავანდის ბუჩქები ვერ ირწყვება. გასულ წელს რამდენიმეტონიანი ავზი დაუდგამთ პლანტაციის შემოფარგლულ ეზოში, სტუმრებს ხელების დაბანა მაინც რომ შესძლებოდათ, მაგრამ ისიც მოუპარავთ. ნოვატორ ფერმერებს სურვილი აქვთ, გააფართოვონ ბიზნესი და კიდევ უფრო საინტერესო გახადონ, მაგრამ პრობლემების ფონზე ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირთ.

საქართველოში პირველად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, 2 ჰექტარზე ლავანდის პლანტაცია 2015 წელს გაშენდა. ამ საქმის ინიციატორი და სულისჩამდგმელი ორი ადამიანი იყო: ადგილობრივი მცხოვრები თეიმურაზ ჯანგულაშვილი და ალექსანდრე მალვინოვი.

თეიმურაზ ჯანგულაშვილი:

_ ჩემი პარტნიორი, ალექსანდრე მალვინოვი, წარმოშობით საქართველოდანაა. მან იცოდა, რომ მუხლჩაუხრელი ადამიანი ვარ. 70 წელს გადავაბიჯე და უსაქმურად ერთ წამს ვერ დამინახავთ –  პლანტაციის გარდა ვუვლი რამდენიმე ჰექტარ ვენახს, ღორების ფერმაც მაქვს…

ლავანდის პლანტაციის გაშენების იდეა ალექსანდრეს გაუჩნდა, რასაც მე სკეპტიკურად შევხვდი. ამ კულტურას არ ვიცნობდი და არ ვიცოდი, საქართველოში გაამართლებდა თუ არა. ერთადერთი  ,,გორნაი ლავანდაზე“ მქონდა სიმღერა მოსმენილი. მიუხედავად ამისა, გავრისკე და დავთანხმდი. ერთად შევარჩიეთ და შევიძინეთ ტერიტორია, საქმეც ერთად დავიწყეთ.

დიდხანს ვფიქრობდით რელიეფზე და ისეთი ტერიტორია გამოვნახეთ, ყვავილობისას ლავანდა მიმზიდველი სანახავი რომ არის. გორაზე უკეთ ჩანს მცენარის მშვენიერი ბუჩქები და გარემოც უკეთესად აღიქმება. შემდეგ სპეციალისტები მოვიწვიეთ და მიწის ანალიზი ავაღებინეთ. მათ გვითხრეს, რომ ეს ადგილი ლავანდის გასაშენებლად საუკეთესო იყო. აღმოჩნდა, რომ ლავანდასაც იგივენაირი პირობები სჭირდებოდა, როგორიც ვაზს.

ლავანდის თესლი ჩამოვიტანეთ საფრანგეთიდან. თბილისში, ყოფილი მაუდ-კამბოლის ქარხნის ტერიტორიაზე მოვაწყვეთ სათბური და ნერგები იქ გამოვიყვანეთ. თავდაპირველად ვფიქრობდით, 5 ჰექტარზე  გაგვეშენებინა, მაგრამ გადავიფიქრეთ და 2 ჰექტარზე გავაშენეთ.

 _ რატომ გადაიფიქრეთ?

_ ნერგი 5 ჰექტრისთვის საკმარისი გამოვიყვანეთ, დაახლოებით 5 ათასი ცალი, მაგრამ ფინანსები არ გვქონდა საკმარისი, თან არ ვიცოდით, როგორ გაამართლებდა და პირველი ეტაპისთვის მცირედზე შევჯერდით. თქვენ ახლა უყურებთ ფრანგული თესლიდან ჩვენ მიერ გამოყვანილ ლავანდას.

თავდაპირველად ხელოვნურად მოვრწყეთ, მას მერე კი არ მოგვირწყავს. ლავანდისთვის აუცილებელი არ არის ბევრი წყალი. ბუნებრივად მოსული ნალექი თუ აქვს, არ ხმება, მაგრამ მორწყული უკეთესად ხარობს. ამ კულტურას ვაზივით ბევრი მოვლა არ სჭირდება – მთავარია, სარეველებისგან გათავისუფლდეს.

კარგად რომ იყვავილებს, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ყვავილებს მოვკრეფთ და ეთერზეთს გამოვხდით. დარგვის შემდეგ ორი წელი ველოდებოდით მოსავალს.

_ ეთერზეთსაც თავად ამზადებთ?

_ საფრანგეთში შევიძინეთ ლავანდის ეთერზეთის დასამზადებელი მინი ქარხანა. 1 ლიტრი ეთერზეთი რომ გამოვხადოთ, დაახლოებით 200 კილო ლავანდაა საჭირო. ჩვენს პლანტაციაში მოკრეფილი ლავანდის მცირე რაოდენობისგან ვამზადებთ ეთერზეთს, რადგან რეალიზაცია არ არის ადვილი.

თავდაპირველად გვინდოდა, რომ პროდუქცია აზერბაიჯანსა და სომხეთში გაგვეტანა სარეალიზაციოდ, მაგრამ ვერ მოხერხდა. ამჟამად მხოლოდ სართველოში ვყიდით მილიგრამობით, რაც ბიზნესისთვის მცირედია. მერე დაიწყო პანდემია და როგორც ყველაფერი, ჩვენი ბიზნესიც გაჩერდა.

პანდემიამდე უამრავი ვიზიტორი გვყავდა. ლავანდის პლანტაციის სანახავად საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიოდა  სტუმარი. ბევრი უცხოელისთვის გვიმასპინძლია. ვიზუალურად ლავანდის პლანტაცია ყვავილობის დროს შთამბეჭდავია, მაგრამ ამ კულტურას ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს.

_ ნუკრიანის გორებზე მოკრეფილ ლავანდას რაში იყენებენ?

_ ლავანდა ძირითადად პარფიუმერიაში გამოიყენება. მისგან ამზადებენ საუკეთესო სურნელის საპნებს. ლავანდის ფოთლები და ყვავილი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ადამიანს ამშვიდებს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი მისი ეს თვისება – რამდენჯერმე გაბრაზებული მოვედი პლანტაციაში და უკან მშვიდი და დასვენებული დავბრუნდი. თქვენც გირჩევთ,  პატარა თაიგული წაიღოთ და საწოლთან ჩამოკიდოთ. ეს სიმშვიდის მოპოვებასა და დაძინებაში დაგეხმარებათ.

ოჯახში ლავანდას ბევრ რამეში ვიყენებ – მისი ფოთლებისგან დამზადებულ ჩაის ვსვამთ, ღვინოს ვურევთ და მას ისეთ არომატულს ხდის, ვინც სინჯავს, გვეუბნება, მსგავსი საუკეთესო  ღვინო არ დაგვილევიაო. კონიაკში, ნამცხვრებში, კერძებში გამოიყენება – სასარგებლოს და არომატულს ხდის. სახინკლედ მომზადებულ ხორცსაც კი ვუმატებ ლავანდის ფოთოლს და შეუდარებელ ხინკალს ვამზადებთ. ჩვენგან უკვე წაიღეს ნაყინის ქარხნებში ლავანდის ესენცია და მალე ლავანდის ნაყინიც გაიყიდება.

სხვა ქვეყნებში მოჰყავთ ლავანდა, პლანტაციებიც არის, მაგრამ უცხოელი ვიზიტორები ჩვენს ლავანდას ძალიან აფასებენ, ეთერზეთებსა და ლავანდის კონებს ყიდულობენ. ნუკრიანის ლავანდა არომატულობით გამოირჩევა, რაშიც ,,დამნაშავე“ აქ არსებული ჰავა და ლანდშაფტია.

ამ კულტურის გამრავლებასა და მოვლა-პატრონობაში ისე ,,გამოვიჯეკეთ”, რომ თესლიდან კვლავაც გამოგყვავს ნერგები და  ვყიდით. ცოტა ხნის წინ ამერიკული ლავანდის თესლი ჩამოვიტანეთ და ისიც დავთესეთ. გვინდა, დავაკვირდეთ და თუ ფრანგულზე უკეთესი თვისებები ამერიკულს აღმოაჩნდა, დანარჩენ ფართობზე მას გავაშენებთ. როგორც ვიცი, ყვავილის ფერში დიდი განსხვავებაა.

 _ ბიზნესსაქმიანობაში მიმდევრები გამოგიჩნდათ?

_ ბევრი მოდის და გვეკითხება, ბიზნესისთვის რა არის საჭირო, რამდენი ნერგი უნდა ვიყიდოთო და ა.შ. ამ კულტურის გაშენების სურვილი აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით არავის წამოუწყია ბიზნესი. მოსახლეობა ყიდულობს ჩვენთან ნერგებს და თავიანთ ბაღებში ამრავლებენ. საქართველოში უკვე ბევრს უდგას ბაღში ლავანდა, როგორც დეკორატიული მცენარე.

_ ვატყობ, პრობლემაც ბევრი გაქვთ. პლანტაციამდე მოსასვლელი გზა მოუვლელი და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსეა. ხელისუფლების წარმომადგენლები არ  სტუმრობენ თქვენს პლანტაციას?

_ ვცდილობთ, პრობლემებს ჩვენი ძალებით გავუმკლავდეთ, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელი ხდება. იმისათვის, რომ ჩვენი ბიზნესი განვავითაროთ, საჭიროა პლანტაციის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის შემოყვანა და განათების მოწყობა, მაგრამ ამის გაკეთება ძვირია და ჩვენს ძალებს აღემატება.

სოფლიდან პლანტაციამდე 3-4 კილომეტრია, არადა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები იქიდან უნდა გამოიჭიმოს. შუქი რომ გვქონდეს, ვიზიტორებს ღამისთევითაც დავტოვებდით. ამის მსურველები გვყავს, მაგრამ სიბნელეში მათი გაჩერება საფრთხის შემცველია და უარით ვისტუმრებთ. უამრავი გეგმა გვაქვს, მაგრამ პრობლემების გამო ვერ ვახორციელებთ.

გვინდა, ლავანდის ბუჩქების მიმდებარედ პავილიონი და კოტეჯები  გავაკეთოთ, სადაც ჩვენი ლავანდისგან მომზადებულ ნაწარმს გამოვფენთ და ვიზიტორებსაც ექნებათ შესაძლებლობა, უფრო დიდი დრო გაატარონ საუკეთესო გარემოში. ჩემი ოცნებაა, მთელ ტერიტორიაზე გახმოვანება მოვაწყოთ და სიმღერა ,,გორლაია ლავანდა“ ვამღეროთ.

წყალიც არ გვაქვს. უკვე დაიწყო გვალვები და ყველა მცენარეს სჭირდება მორწყვა. ცხადია, ამასაც საჭირო ფინანსების არქონის გამო ვერ ვაკეთებთ.

საკუთარი თვალით ნახეთ, ჩვენამდე მოსასვლელი გზა როგორ არის დანაგვიანებული. მიმდებარე სოფლის მოსახლეობა ყრის ამ ნაგავს. თავად გზაზე, წვიმის დროს ისეთი გუბეები ჩნდება, გავლა შეუძლებელი ხდება. ვის არ მივმართეთ ამ პრობლემების გამო მუნიციპალიტეტში, მაგრამ არავინ გვშველის.

მე ვინ ვარ, რომ სოფლების მოსახლეობას რაიმე ავუკრძალო ან ვინ დამემორჩილება?! ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვეთ, ტრაფარეტი მაინც გაეკეთებინათ, რომ ხალხს ნაგავი აღარ დაეყარა ან დაეჯარიმებინათ ვინმე და სხვა ვეღარ გაბედავდა, მაგრამ დღემდე იგივე ხდება.

.

მთავრობის მაღალჩინოსნები ოჯახებითა და სტუმრებით მოდიან ჩვენი ლავანდას პლანტაციის სანახავად. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გვსტუმრობდა პანდემიამდე, კახეთის გუბერნატორიც არის ნამყოფი… რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. ცხადია, ყველას შევჩივით, ჩვენს პრობლემებზე ვუყვებით და თავადაც ხედავენ, როგორც ვართ. მათი დაპირებები დღემდე მოდის…

ჩვენი ბიზნესი ხომ ქვეყნის პრესტიჟიცაა. უამრავი ვიზიტორი საუბრობს ჩვენს შესახებ, ფოტოს აქვეყნებს და  რატომ არ უნდა გვეხმარებოდნენ პრობლემების მოგვარებაში, ვერ ვხვდები.

პლანტაციის დასაწყისში ბორბლებზე მდგარი ორტონიანი წყლის ავზი დავდგი. ღამით ვიღაცამ ავზი ბორბლებიდან მოხსნა და მოიპარა. პატარა ვაგონი გვიდგას და ისიც გაგვიძარცვეს. ჩვენს ტერიტორიაზე ვიდეოითვალს ვერ ვაყენებთ ელექტროენერგიის არარსებობის გამო. პოლიციამ გაიგო ამ ქურდობების ამბავი, მაგრამ…   10-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. გვინდა, დასაქმების მაჩვენებელიც გავზარდოთ, მაგრამ ხელშეწყობა არ გვაქვს.

პლანტაციის გაშენება როცა დავიწყეთ, მის გვერდით ვაზიც ჩავყარეთ. ერთი ასაკისაა ორივე და ორივეს თავგამოდებით ვუვლით. ამ ორ კულტურას ისე მოეწონა ერთმანეთი, რომ ჩვენი ვენახის ყურძენს ლავანდის სურნელი და არომატიც დაჰყვება. საუკეთესო ღვინოს ვამზადებთ მისგან და ლავანდის ღვინოს ვეძახით. ლავანდის ნერგები თბილისიდან სატვირთო ავტომანქანით ჩამოგვაქვს და მანქანის ძარიდან ლავანდის სუნი 10-15 დღე არ გადის.

ზაფხულობით კახეთს მავნე მწერები ძალიან უტევენ- კოღო, ქინქლა, ბუზი… ჩვენს პლანტაციასთან კი ერთ მწერს ვერ ნახავთ. მისი სურნელი მავნე მწერებს აფრთხობს. ქვეწარმავალსაც აშინებს ლავანდის არომატი. მისი ეს თვისებაც არის პრაქტიკაში დასანერგი და გამოსაყენებელი. წინათ, სახლების მშენებლობის დროს, იმ ქვეყნებში, სადაც ლავანდა მოჰყავდათ, მისი ყვავილებისგან დამზადებულ თაიგულს სახლის ოთხ კუთხეში, კედლებში ატანდნენ და იცოდნენ, რომ ასეთ სახლებს ქვეწარმავალი არასდროს მიეკარებოდა.

ლავანდით შეგვიძლია, ჩვენი სახლები და ეზოებიც დავიცვათ ქვეწარმავლებისა და მავნე მწერებისგან. ზოგიერთ ქვეყანაში, ლავანდის პლანტაციებში სარეველა მცენარეების მოსასპობად ცხოველებს უშვებენ – ცხვარს, ძროხას. ისინი ჭამენ ბალახს და ლავანდის ბუჩქებს არ ეკარებიან. რომც არ ყვაოდეს, ლავანდას მაინც მძაფრი სურნელი აქვს.

_ თქვენი ლავანდისგან მწერების საწინააღმდეგოი პრეპარატის დამზადებაზე არ გიფიქრიათ?

_ ცხადია, ბევრ რამეზე ვფიქრობთ, მაგრამ თუ კულტურის წარმოების განვითარება ვერ მოვახერხეთ, თუ ხელშეწყობა არ გვექნა, ყველა ფიქრი თუ გეგმა განუხორციელებელი დაგვრჩება.

საიდან არ მოდის სტუმარი ლავანდის პლანტაციის მოსანახულებლად. ფოტოებს იღებენ, სეირნობენ… ერთხელ სოფლის მაღაზიიდან დამირეკეს, პლანტაციის მოსანახულებლად არიან მოსულებიო. საშინლად წვიმდა, რთული იყო პლანტაციაში სიარული და უარი ვუთხარი.

ამის შემდეგ თავად ის კაცი მოვიდა ჩემთან, ვინც ეს ხალხი უკრაინიდან ჩამოიყვანა და მთხოვა, დღეს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა, საჩუქარი გავუკეთე და სპეციალურად გადმოვაფრინე ლავანდის სანახავად. წვიმაა თუ თოვლი, მაინც უნდა გვაჩვენოთო. რას ვიზამდი, გავყევი. ორხიდიანი მანქანით შევედით პლანტაციაში. მერე კი ტალახში დადიოდნენ და თითოეულ ბუჩქს ეფერებოდნენ.

ხელშეწყობა რომ გვქონეს, ისე განვავითარებდით ჩვენს ბიზნესს, რომ აქაურობა ყველას მოხიბლავდა. კიდევ უფრო გავუთქვამდით სახელს მუნიციპალიტეტს, საქართველოს, რაც ქვეყნისა და  ხალხისთვის კარგი იქნებოდა.

ცხადია, სიღნაღის მერიის პრესამსახურს ნუკრიანის ფერმერის პრობლემებთან დაკავშირებით კითხვები დავუსვით. მათ გვითხრეს, რომ ლავანდის პლანტაციამდე მისასვლელი გზა გასულ წელს მოხრეშეს, მაგრამ ისევ დაზიანდა. წელსაც მოვხრეშავთ, მაგრამ დანარჩენი პრობლემების შესახებ ფერმერს არ მოუმართავს და არაფერი ვიცითო. 

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close