საზოგადოება

,,წელს ყურძნის ფასი 60-70 თეთრი იქნება _ კახელი გლეხი თავს არ დაგაჩაგრინებთ…”

წელს ყურძნის ფასი 60-70 თეთრი იქნება, რაც გასული წლის ფასებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. ასევე, სახელმწიფო უარს ამბობს სუბსიდირებაზე. ასეთია ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადება, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა მთავრობის მხრიდან გლეხის დაცივნაა.

„ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ  წელს ყურძნის ფასი გაცილებით ნაკლები იქნება ვიდრე შარშან. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა სამაგიერო გადაუხადოს და პასუხი აგებინოს კახელ  გლეხს იმ შედეგისთვის, რაც „ ქართულმა ოცნებამ“ კახეთში გასული წლის არჩევნებზე მიიღო.

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ბოლო 7 წლის განმავლობაში ეზრუნა და ხელი შეეწყო გლეხისთვის, პირიქით, ის მთლიანად დამოკიდებული გახადა მონსტრ ქარხნებზე, რომლებიც პირდაპირ ადგენენ ფასებს და არ აინტერესებთ თუ რა ჯაფა გასწია გლეხმა წლიდან წლამდე.

ჩვენ გვახსოვს 2012 წელი, როცა ივანიშვილი თავის შანტრაბასთან ერთად კარდაკარ დადიოდა და კახელ გლეხს ეუბნებოდა რომ თურმე დაცივნა იყო თეთრი  ყურძზნის ფასი, რომელიც იმ დროისთვის 1 ლარს შეადგენდა. დღეს კი მთავრობა გვეუბნება, რომ მისი ფასი 60-70 თეთრი იქნება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით დღეს ამ თანხას რა მყიდველუნარიანობაც გააჩნია.

ამ ყველაფერთან ერთად, მთავრობა ამბობს, რომ სუბსიდირება არ იქნება. ის უბრალოდ გამოჰყოფს 20 მილიონ ლარს, ისიც მხოლოდ  სახელმწიფო ქარხნებისთვის. ამ 20 მილიონით დარჩენილ ყურძენს შეიძენენ სასპირტედ. ანუ, გამოდის, რომ სახელმწიფო დარჩენილ ყურძენს 40-50 თეთრად შეიძენს, დაამზადებს სპირტს, რომლის რეალიზებაც ჩინოვნიკების მაფიოზური კლანის მიერ მოხდება.

მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ამით კახელი გლეხი თავს არ დაგაჩაგრინებთ და ის პასუხი, რომელიც მათგან გასულ წელს მიიღეთ, უფრო მკვეთრი გახდება იმ ღალატის გამო, რომელსაც მათ მიმართ ჩადიხართ“ – აღნიშნა ბოტკოველმა.

Related Articles

Back to top button
Close