ჯანდაცვა

საღორედ ქცეული სართული, სადაც ონკოპაციენტებს სწორ ნაწლავს უთვალიერებენ (ექსკლუზივი)

სკანდალი-ექსკლუზივი

(გაგრძელება)

წინა სტატიები:

  1. ,,როგორ ჩაიგდო ხელში საპარტნიორო ფონდმა ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი და რა ხდება იქ”
  2. მშიერ შვილებზე მოფიქრალი ონკოლოგიურის მედპერსონალი, როგორ შეძლებს ავადმყოფზე ზრუნვას? (სკანდალი)

ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში შექმნილ, სამედიცინო ობიექტისთვის შეუფერებელ მდგომარეობაზე სათქმელი ბევრია, თუმცა შევეცდებით, მოკლედ გადმოგცეთ, რა დაგვხვდა ცენტრში ვიზიტის დროს ისეთი, რამაც ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია. რემა ღვამიჩავამ ინტერვიუს დროს გვითხრა, პირველმა არხმა ჩვენს კლინიკაზე სიუჟეტი მოამზადა, წინასწარ გავაფრთხილეთ, შენობის რომელი სართულები არის დაკეტილი, მაგრამ რატომღაც, მაინც გადაიღეს და თქვენც არ დაუშვათ იგივე შეცდომაო. იმისათვის, რომ ჩვენი ,,შეცდომისაგან“ დაზღვეულები ყოფილიყვნენ, კლინიკის დათვალიერების დროს, მეგზურად პრესსამსახურის ხელმძღვანელი გამოგვაყოლა, რომელმაც აგვიხსნა, რომ მე-7 სართული გაურემონტებელი იყო და მას არ იყენებდნენ. ლიფტი, რომლითაც მე-8 სართულზე მივდიოდით, შემთხვევით, სწორედ მე-7 სართულზე გაჩერდა და იქიდან რამდენიმე ადამიანიც დაგვემგზავრა. უმოქმედო სართულზე პაციენტების გამოჩენამ ამ სართულზე გასეირნების სურვილი გაგვიჩინა და ჰოი საოცრებავ, აღმოჩნდა, რომ ღვამიჩავას მიერ უმოქმედოდ შერაცხულ სართულზე ექიმს კაბინეტიც ჰქონდა მოწყობილი და ლაბორტორიაც. არადა, საღორეს უფრო ჰყავდა იქაურობა, ვიდრე სამედიცინო ობიექტს.

 ,,უმოქმედო სართულზე“ ექიმ ზურაბ დევდარიანს გავესაუბრეთ. ,,ამ სართულზე არავინ არ წევს, მაგრამ პაციენტები შემოდიან ჩემთან და ვსინჯავ. აქ გვაქვს რექტოსკოპიის კაბინეტიც. სწორ ნაწლავს ვათვალიერებთ“ _ აგვიხსნა მან.

მეორე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ცენტრში ჩვენი მოგზაურობის დროს ყველაზე თვალშისაცემად მივიჩნიეთ, ბავშვებისთვის განკუთვნილი პალატები გახლდათ. პრესამსახურის ხელმძღვანელმა ლიკა ენუქიძემ სიამაყით დაგვათვალიერებინა მე-5 სართულზე ოთხი ბავშვისთვის განკუთვნილი ორი გარემონტებული ოთახი.

თუმცა უცნაურად მოგვეჩვენა ის, რომ კლინიკაში, ჩვენი იქ ყოფნის დროს, არცერთი ბავშვი არ მკურნალობდა. მარტო სოციალური ქსელიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ბევრი ბავშვია ონკოპაციენტი. მათი ოჯახის წევრები კი საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას მკურნალობისთვის ფული რომ შეაგროვონ. Euronews.ge ასეთ განცხადებებს ხშირად აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა, ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში, რომელიც საქართველოში წამყვან ონკოლოგიურ კლინიკად ითვლება, მხოლოდ კეთილთვისებიან წარმონაქმნებზე კეთდება ოპერაციები და ასეთი ბავშვებისთვისაც, მხოლოდ 4 საწოლი უდგათ. გამოდის, რომ სახელმწიფო ბავშვებზე, რომლებიც მძიმე სენით არიან დაავადებულნი, არ ზრუნავს, ანდაც არასათანადოდ ზრუნავს და ალბათ, ამიტომაც სთხოვენ მათი მშობლები საზოგადოებას დახმარებას, რათა შვილს უცხოეთჲს კლინიკებში უმკურნალონ. ცენტრის ხელმძღვანელმა, რემა ღვამიჩავამ მართალია, უარყო ის, რომ კლინიკაში მხოლოდ მარტივი ოპერაციები ტარდება, მაგრამ ამ ფაქტითაც ყველაფერი ნათელია.

 _ ბატონო რემა, როგორც მითხრეს, თქვენს კლინიკაში არ ტარდება მასშტაბური, რთული ოპერაციები და მხოლოდ კეთილთვისებიანი წარმონაქმნების ამოკვეთით ან სხვა მარტივი ოპერაციებით ხართ დაკავებული. დიდ ოპერაციებს ზარალად მიიჩნევენ, უცხოელი თუ ჩამოვა და დიდ ფულს წაართმევენ, მხოლოდ მაშინ იწუხებენ თავსო და მართლა ასეა?

_ კეთდება მასშტაბურიც და სტანდარტული ოპერაციებიც ქართველებზე. უცხოელი უფრო არ მახსენდება, რადგან არ გვაქვს ასეთი ნაკადი. მოდიან აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეები, მაგრამ ისინი ჩამოდიან სტანდარტულ ოპერაციებზე. მასშტაბური ოპერაცია რომ არ გაკეთდეს კლინიკაში, იმ კლინიკის პრესტიჟი ნელ-ნელა დაეცემა. ეს გახლავთ კლინიკის ტრენინგი.

ძალიან მინდა, რემა ღვამიჩავას დავუჯერო, მაგრამ როგორც იტყვიან, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა, რომელსაც აუცილებლად ვიტყვით. მიგვაჩნია, რომ სამედიცინო ობიექტების გასხვისების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს ის, რომ შეიქმნას იმაზე უკეთესი პირობები და მომსახურე პერსონალი თუ პაციენტები კმაყოფილი იყვნენ, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას ვერ ვიტყვით. საპარტნიორო ფონდს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრისთვის ჯერჯერობით ქვა-ქვაზე არ დაუდია.

ნელი ვარდიაშვილი

ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის კუთვნილი შენობის გაურემონტებელი სართულები, სადაც  euronews.ge -მ ექიმის კაბინეტიც აღმოაჩინა, ლაბორატორიაც და პაციენტებიც ნახა.

.

.

.

.

.

.

.

ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გარემონტებული ნაწილი:

.

.

.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close