საზოგადოება

,,საქართველოში ქალი, რომელიც საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძვის, „როსკიპი და ბოზია“

შორენა გაბუნიას ბლოგი:

,,საქართველოში ქეთევან დედოფლის ნეშთის ჩამოსვენებამ კიდევ ერთხელ გამახსენა მარტივი ჭეშმარიტება: აქ მხოლოდ წამებული და მსხვერპლი ქალები უყვართ. უყვართ რა – ამბობენ, რომ უყვართ, თუმცა, სინამდვილეში, არც მათ აფასებენ, უბრალოდ, მათ სხვა ქალების შესარცხვენად და დასამუნათებლად იყენებენ.

ასე იყო შუშანიკ და ქეთევან დედოფლების დროს, ასეა ახლაც.

ამ კულტურულ ნორმას კარგად ასახავს ქართული ლიტერატურაც, სადაც ქალი, რომელიც საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძვის, „როსკიპი და ბოზია“. აქ გაიდეალებულია მხოლოდ დედა, რომელიც შვილების გამო, თავს მსხვერპლად სწირავს (თავსაფრიანი დედაკაცი, ოთარაანთ ქვრივი). ქალის მიმართ დამოკიდებულება ერთ ფრაზაში, როგორც მუჭში, ისე ეტევა: „როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე?“.

ქართველი ქალის, როგორც დედის გაიდეალებულ სახეს გრძელ და ენამჭევრ სადღეგრძელოებშიც ხშირად ვხედავთ, სადაც რეალურ, თანამედროვე ქალს პასიური – მსმენელის როლის შესრულება აკისრია და ისღა დარჩენია, თავისი ცხოვრებით ქართვლის დედის გზას ისე მაინც მიბაძოს, როგორც შეუძლია – უბადრუკად და მოუქნელად…

ლიკა თავისდა უნებურად აღმოჩნდა ამ წნეხის ქვეშ. სიყმაწვილეში შესრულებული ერთი კინოროლის გამო, მას საზოგადოებამ უმძიმესი ტვირთი აჰკიდა. მთელი ცხოვრება მარიტას ჩრდილქვეშ გაატარა, და სიკვდილის შემდეგაც მარიტად მოიხსენიებენ. სიცოცხლეში საყვედურობდნენ, არცხვენდნენ იმის გამო, რომ მარიტას აღარ ჰგავდა, რომ ასაკი მოემატა, რომ მოწიფულობის ასაკში, მარიტასგან სრულიად განსხვავდებოდა. თითქოს დაბერება, თავის ნებაზე ცხოვრება აუკრძალეს. ადამიანებს გული არ მოულბო არც მისმა უდროო გარდაცვალებამ, არც – პრობლემურმა ცხოვრებამ – ისინი ლიკასგან მუდმივად მსხვერპლობას მოელოდნენ და მოითხოვდნენ…

საინტერესოა, როგორ განვითარდებოდა მისი ცხოვრება, ეს როლი რომ არ შეესრულებინა? შეძლებდა თუ არა ამ საბედისწერო ამპლუისგან თავის დაღწევას ეკრანსა თუ ცხოვრებაში? შეიძლებოდა თუ არა, თავი დამნაშავედ არ ეგრძნო მთელი სამყაროს წინაშე იმის გამო, რომ „ისევ მარიტასავით მშვენიერი“ აღარ იყო?

არავის უკითხავს მისთვის, სურდა თუ არა გაიდეალებული და გამსხვერპლებული ქართველი ქალის პედესტალზე ყოფნა. ხალხს ხშირად მისი სისადავე აღიზიანებდა, შენიშვნებს აძლევდნენ, „ასე უბრალოდ“ ნუ გამოიყურებიო. ადამიანების დამოკიდებულება მის მიმართ, მას აიძულებდა, მაღაზიაში ყოველ ჩასვლაზე, „მარიტად აღარ ყოფნის“ გამო ბოდიში ეხადა. როდესაც მისი ეკრანზე გაშიშვლება ნამდვილ კატასტროფად მიიღეს, მაშინ ყველაზე ნათლად გამოჩნდა, რა სურდა საზოგადოებას მისგან: მუდმივი მსხვერპლობა. ეს იყო ის საზღაური, რის ნაცვლადაც მას საყოველთაო სიყვარული უნდა მიეღო.

როდესაც ეკრანზე გაშიშვლდა, არავინ დაიჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. მავანნი დღემდე გულმხურვალედ ამტკიცებენ, რომ „ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიდა“ და ამიტომაც, „თაღლითმა ადამიანებმა ისეთ ფილმებში გადაიღეს, რომელზეც რემისიის დროს შესაძლოა არც დათანხმებულიყო“. მოკლედ, ლიკამ წამებული მარიტას იმიჯს თავი ვერც გარდაცვალების შემდეგ დააღწია.

საინტერესოა, რატომ იყო ასეთი წნეხი მასზე და არა – მისი თაობის მზეჭაბუკებზე – სოსო ჯაჭვლიანზე, ლევან უჩანეიშვილზე? რატომ არ მოითხოვს საზოგადოება გედიას სიხალასეს „ბინძურ“ პოლიტიკაში ციბრუტივით მოტრიალე სოსოსგან?

იმიტომ, რომ ქართული კულტურა მხოლოდ ქალის მოწამეობას და მსხვერპლშეწირვას მოითხოვს, კაცებს ამ დროს თავისუფლად შეუძლიათ ლუარსაბის ტახტზე გვერდის ცვლა, ბუზების თვლა, საბერძნეთში მოხუცის მომვლელად გამწესებული ცოლის ხარჯზე კაზინოში ხეტიალი, ანდა სულაც იბიარდში შესეირნება – ისე, გასართობად…”.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close