„საოცარი გოგო იყო, სიკეთეს ასხივებდა“
შორენა ონიანის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს - „ექიმი მძიმე მდგომარეობაშია“
გამოძიება დაადგენს, კონკრეტულად რა გახდა 28 წლის შორენა ონიანის გარდაცვალების მიზეზი, რომელიც მშობიარობის შემდგომი გართულების შემდეგ გარდაიცვალა.
.
-სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს, ამას აკეთებს პოლიცია და პარალელურად მიდის გამოძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს მიერ. მათთვის ყველა ინფორმაცია მიწოდებულია, ეს პროცესი ახლა მიდის და საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი, როცა ეს დეტალები იქნება გამოკვლეული. დიდი ტრაგედია მოხდა და ექიმი თავისთავად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია….
ახალშობილები დღენაკლულები იყვნენ, მიუხედავად ამისა, მათი მდგომარეობა იყო ნორმალური, თუმცა ოჯახმა მოითხოვა, რომ ბავშვების მკურნალობა გაგრძელებულიყო თბილისში და ბავშვები გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, ისინი იქ არიან ამჟამად, – ამბობს ქუთაისის მეორე სამშობიაროს ხელმძღვანელი, ირაკლი მერკვილაძე ამბები.ჯი-სთან.
შორენა ონიანის ახლობელი „კვირის პალიტრასთან“ ყვება:
-შორენა ქუთაისში იმ ბაღში მუშაობდა, სადაც ჩემი შვილები დამყავდა. საოცარი გოგო იყო, სიკეთით სავსე. განსაკუთრებით უყვარდა ჩემი შვილი და ჩემს შვილსაც უყვარდა. ისე უვლიდა სხვის შვილებს და იმდენ სითბოს აძლევდა, როგორ შეიძლებოდა, ის არ ჩახუტებოდა თავის შვილებს… რომ გათხოვდა და ფეხმძიმედ დარჩა, ბაღში მუშაობა მიატოვა, რადგან ტყუპს ელოდებოდა.
ქუთაისის მეორე სამშობიაროში უმშობიარია, ნათესავები ექიმის დაუდევრობას აბრალებენ, როგორც ვიცი, ახლა იმხელა ტრაგედია ტრიალებს, ამაზე სასაუბროდ არავის სცალია, მაგრამ ალბათ მერე ილაპარაკებენ. აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე და დაისაჯოს დამნაშავე.
შორენა ლენტეხიდან იყო, მაგრამ ქუთაისში ცხოვრობდა და მუშაობდა ბაგა-ბაღში. საოცარი გოგო იყო, სიკეთეს ასხივებდა, ყველას უყვარდა და თავადაც ყველა უყვარდა. ბავშვებს ჯვარი წერიათ, კარგად არიან თბილისში, კლინიკაში. ძალიან გვატკინა გული შორენას დაღუპვამ. სადაა სამართალი, ასეთი უბედურება არ უნდა ხდებოდეს.