სამართალი და კრიმინალი

,,როგორ უნდა მოიქცეთ თუ სესხზე გიწევთ თანხის შეტანა და კორონავირუსის გამო, აღარ გაქვთ შემოსავალი”

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სესხზე/კრედიტზე გიწევთ ყოველთვიური თანხის შეტანა და კორონავირუსით გამოწვეული შეფერხებების გამო აღარ გაქვთ შემოსავალი ?

მარიკა არევაძე, ადვოკატი:

– პირველ რიგში ეს ვითარება შინაარსობრივად ძალიან ახლოს დგას ფორს-მაჟორულ გარემოებასთან, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რა შეფერხებებიც გვაქვს ქვეყანაში და ამასთან, სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო პანდემია გამოაცხადა;

– ამიტომ, აიღეთ თქვენი ხელშეკრულებები, წაიკითხეთ და ნახეთ ფორს-მაჟორული გარემოებების მუხლი. ეს არის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული გარემოებებისას ვალდებულების დარღვევას და ეს არ განიხილება დარღვევად. ამ ხულში ასევე უნდა იყოს გაწერილი წესები, რა ვადაში და როგორ უნდა აცნობოთ ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შესახებ კრედიტორს;

– ვისაც გაქვთ ფორს-მაჟორული გარემოებების მუხლი ხელშეკრულებაში, ამ მუხლით გათვალისწინებული წესებით გაუგზავნეთ დასაბუთებული წერილი თქვენს კრედიტორს;

– ვისაც არ გაქვთ ეს მუხლი, მაინც დაწერეთ დასაბუთებული წერილი, მიუთითეთ ყველა საპატიო გარემოება და შეძლებისდაგვარად მტკიცებულება და მაინც გაგზავნეთ წერილი კრედიტორთან;

– წერილში მიუთითეთ, რომ ითხოვთ სესხის/კრედიტის შეჩერებას ან გადავადებას (რა მოთხივნაც გაქვთ), იმის გამო რომ შეიქმნა გაუთვალისწინებელი და თქვენგან დამოუკიდებლად წარმოშობილი დაბრკოლება;

– წერილები მოამზადეთ ორ ცალად, ერთი გაუგზავნეთ კრედიტორს და მეორე ჩაბარების დასტურთან ერთად შეინახეთ თქვენთან.

გახსოვდეთ, რომ ეს მოქმედებები არ გათავისუფლებთ სასესხო ვალდებულების შესრულებისგან, ეს რჩევები არის პრევენციული ხასიათის და ამით თქვენ იქმნით მტკიცებულებებს, რომ თუ ვითარება გართულდება შეძლოთ თავის დაცვა.

ჩემი რჩევაა, ეს მოქმედებები გააკეთოთ მხოლოდ იმ მეწარმეებმა და ადამიანებმა, რომლებიც მართლა შემოსავლების გარეშე რჩებით და მართლა ვეღარ ახერხებთ სესხისა თუ კრედიტის გადახდას.

გისურვებთ წარმატებებს .

Related Articles

Back to top button
Close