საზოგადოება

,,სანამ მიქელანჯელო დახატავდა, მანამდე, ღმერთის და ადამიანის ხელშეხება წალენჯიხაში დახატეს” _ რა მისწერა გიორგი კალანდიამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას

ხელოვნების სასახლის დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართავს.

,,ღია წერილი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration
დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს წერილი, ბოლოს გუშინ მომხდარმა ფაქტმა გადამაწყვეტინა : კერძოდ 19 საათის წინ ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავდევი წალენჯიხის მონასტრის ერთ-ერთი ფრესკის ფოტო, რომელსაც ამ წუთისათვის უკვე 700-ზე მეტი გაზიარება აქვს! ასეთ ინტერესსა და მოწონებას ერთადერთი მიზეზი აქვს- ჩვენი ქვეყნის ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი კვლავ აუთვისებელია ტურისტული თვალსაზრისით, მათი მნიშვნელობა, უნიკალურობა თუ გამორჩეულობა უცხოელმა კი არა ქვეყნის შიგნით მცხოვრებმა ბევრმა მოქალაქემ დღემდე არ იცის! საილუსტრაციოდ ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები წალენჯიხის ტაძარი და მისი მსოფლიო მნიშვნელობის ფრესკებია….

ამ ამბავს ის წყენაც მალაპარაკებს, რომელიც ჩემი მუზეუმის, ანუ ხელოვნების სასახლის მიმართ თქვენი ადმინისტრაციის მხრიდან ფიქსირდება, სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ახალი კამპანია სახელწოდებით Emotions are Georgia რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა. ამ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა 3 წიგნი – ღვინო და გასტრონომია, ბუნება და თავგადასავლები, ისტორია და კულტურა…. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი წიგნია, ორიგინალურადაა უცხოელისთვის საქართველოს ხიბლი წარმოდგენილი, მაგრამ ამ წიგნში საქართველო ძირითადად ღვინო და ხაჭაპურია, ამ დიდი ემოციების სამყაროში იმ დარგს, რომელშიც მე ვმუშაობ, ანუ მუზეუმებს ყველაზე ნაკლები ადგილი ეთმობა, ამ ნაკლებში კი საქართველოს ხელოვნების სასახლე საერთოდ არაა ნახსენები.. პირდაპირ და თამამად გეტყვით, რომ ეს დიდი უსუმართლობაა, რატომ?!- იმიტომ რომ ხელოვნების სასახლე ერთადერთი ქართული მუზეუმია რომელიც „Google“-ს კულტურული ინსტიტუტის წევრია, მის გამოფენებსა და ექსპოზიციას რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს მთელს მსოფლიოში, ხელოვნების სასახლემ პირველმა, ქართულ მუზეუმთაგან უკვე მეორეჯერ აიღო ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა“, ხელოვნების სასახლე თბილისში მოქმედი ერთადერთი სასახლე მუზეუმია… ვერც იმას იტყვით რომ ჩვენ ინერტული, თვიდინებას მიშვებული სიძველეთსაცავი ვართ, ადგილობრივი თუ რეგიონალური მნიშვნელობის უამრავი გამოფენა ეწყობა, ჩვენთან არაერთი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა, სულ ბოლოს ესპანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, არც ექსპონატების სიმცირეს ვუჩივით, მარტო პეტრე ოცხელის შედევრები რად ღირს (ისე ოცხელის მფრინავი მღებავიც კი იმსახურებდა იმ ბუკლეტში მოხვედრას) აღარაფერს ვამბობ ეროვნული კოსტიუმების კოლექციაზე! ჩვენთან ბატონი გიორგი ჩოგოვაძეცაა ნამყოფი, აღფრთოვანდა, მოიწონა, თუმცა შედეგი არაფერია! ჩვენი მუზეუმი დღემდე ვერ მოხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ვერცერთ პროდუქტში, არც გზამკვლევში, არც მარშრუტში, არც კლიპში ….

ვერ ვიტყვი რომ ცუდი ხალხი ხართ, ვერც ცუდად მუშაობას დაგაბრალებთ- ამიტომ ჩემი წერილი ლანძღვა არაა, კრიტიკაა, ასე მგონია სამართლიანი კრიტიკა, რადგან ზოგადად მუზეუმები და მათ შორის ხელოვნების სასახლე თქვენგან მეტ ყურადღებას იმსახურებს, მეტ რეკლამირებას, გაპიარებას, მინიმუმ იმ დონეზე მაინც როგორც ამას ხაჭაპურთან და ხინკალთან მიმართებაში აკეთებთ! თქვენს ორგანიზაციაში ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს, მინიმუმ ორი მათგანი ისეთი სუპერ პროფესიონალია, რომ ბევრი ევროპული ორგანიზაცია მათ თავს ინატრებდა, მათი ანგარიშგაწევით ხმას დღემდე არ ვიღებდი, აწი აღარ ვაპირებ! არ ვაპირებ იმიტომ, რომ ხელოვნების სასახლე, წალენჯიხის ტაძარი, სამცაცხვი, „მფრინავი მღებავი“ და ასე შემდეგ უფრო ხშირად უნდა გამოჩნდეს უცხოელის თვალსაწიერში… ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება, უბრალოდ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ ზემოთქმული მგონია!

პატივისცემით
ხელოვნების სასახლის დირექტორი,
პროფესორი გიორგი კალანდია”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close