საზოგადოება

,,რაიმე კითხვაზე თავი თუ დაგვიქნია, მადლობას ვამბობთ”_ ამირან გამყრელიძე ოჯახის წევრებს არ ელაპარაკება

,,სარკე”, ნელი ვარდიაშვილი

მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა მსოფლიო მოიცვა და საქართველოშიც შემოაღწია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მოთხოვნად ფიგურად იქცა. ის დღეში რამდენჯერმე ხვდება ჟურნალისტებს, რომ ვირუსით ინფიცირებულთა შესახებ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს და რეკომენდაციები მისცეს.

,,კორონამ არ იცის, ვინ ვისი შვილია” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ იმ დღეს, როცა ცნობილი გახდა, რომ მის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძეც კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ ფაქტის მერე, გამყრელიძეების მთელი ოჯახის მიმართ გაძლიერდა საზოგადოების ინტერესი. უამრავი რამ დაიწერა და ითქვა – დადებითიც და უარყოფითიც. ოჯახის ახლობელმა, თინი დოლიძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე იმ უბედურების შესახებ დაწერა, რომელიც 25 წლის წინ დაატყდათ თავს.

,,ამირანს ავარიაში დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი შვილი – გიგი გამყრელიძე. ჩვენს ოჯახში იზრდებოდა ექვს წლამდე და პირადად მე მაქვს მასზე გაწეული ამაგი. ეს ტრაგედია დღემდე მოუშუშებელი ტკივილია ყოველი ჩვენგანისთვის. დღეს, გიგის ძმა, ნიკა (ნიკუშა, როგორც ჩვენ ვეძახით), კოლეგის დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის გამო, ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. მაღალი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდამ თავად მიაშურა სტაციონარს და იქ გადის მკურნალობას.

კიდევ ერთი: ამირანის მეუღლეა მარინა კვეზერელი-კოპაძე (ჩემი დეიდაშვილი, ისიც ექიმი), რომლის მამა ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე გახლდათ ცნობილი პედიატრი. მის ხელში მილიონამდე (სტატისტიკურად, პირდაპირი მნიშვნელობით) ბავშვმა გაიარა და მრავალის სიცოცხლე იხსნა. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ყველანაირი ღლიცინის, ცილისწამების, ჭორ-მართალის, ღვარძლისა და ბოღმის გარეშე ვუსურვოთ ნიკუშას გამოჯანმრთელება”, – დაწერა თინი დოლიძემ სოციალურ ქსელში.

..

ამირან გამყრელიძე წარსულში ჯანდაცვის მინისტრი გახლდათ. 2001 წლის დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე იკავებდა ამ პოსტს. სწორედ ამ პერიოდში ჩაწერა “სარკემ” ინტერვიუ მასთან ოჯახურ ინტერიერში, სადაც ბატონი ამირანი და მისი ცოლ-შვილი ოჯახურ ურთიერთობებზე, ყოველდღიურ ცხოვრებასა და თავიანთ საქმიანობაზე ყვებიან.

– მინისტრობაზე არასოდეს მიოცნებია, თუმცა კარგი ექიმის სტატუსისა და სამეცნიერო სფეროში წარმატებებისკენ ყოველთვის მივილტვოდი. ამ პოსტზე ბატონი ავთანდილ ჯორბენაძის რეკომენდაციით მოვედი, თანაც ჯანდაცვის რეფორმაში გარკვეული წვლილი მეც მაქვს ჩადებული. ვიცი, რომ იგი 5-8 წელში ვერ დასრულდება, ეს ხანგრძლივი პროცესია.

რეფორმის მიღწევაა ის, რომ საქართველოში დიფტერიის ეპიდემია, რომელიც 1993-95 წლებში მძვინვარებდა, აღარ გვაქვს, ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევები შემცირდა. მოქმედებს დედათა და ბავშვთა დახმარების პროგრამა…

ეს ამბები ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, ოჯახშიც კარგად იციან, მაგრამ ამ მომენტში მას პოლიტიკური ქულები სჭირდება და უკან არაფერზე იხევს.

ჯანდაცვის რეფორმის პერიოდში გახდა მამამისი ბალნეოლოგიური საავადმყოფოს ხელმძღვანელი. მისი მეუღლე, სანდრა, რეფორმის პირმშოსთან, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შიდს-ისა და იმუნოლოგიის ცენტრთან თანამშრომლობს. მან თქვას, კარგია თუ ცუდი ამ ცენტრის მუშაობა – შეუმოწმებელი სისხლის გადასხმა რომ აღარ ხდება. შიდს-ის უსაფრთხო სისხლის პროგრამამ მოგვცა ის, რომ “ბე” და “ცე” ჰეპატიტებით ხალხი მასობრივად აღარ ავადდება, – უყვებოდა “სარკეს” მინისტრი 2002 წლის თებერვალში.

ამირან გამყრელიძე თბილისელია. დედა ექიმი ჰყავდა. სამედიცინო ინსტიტუტში პირველ წელს ქულა დააკლდა და არ მიიღეს. სტაჟის დასაგროვებლად სამკერვალო ფაბრიკაში ზეინკლად მუშაობდა, თან რეპეტიტორებთან დადიოდა. ინსტიტუტში ჩაირიცხა თუ არა, პირველი კურსზე ფიზიკაში ორიანი დაუწერეს და საშემოდგომო გამოაყოლეს. ამდენი წლის შემდეგაც თვლის, რომ ეს არ დაუმსახურებია.

მისი კურსი სამედიცინო ინსტიტუტში გამორჩეული იყო, მათგან სამი მინისტრი გახდა – ირაკლი მენაღარიშვილი, ავთანდილ ჯორბენაძე და ამირან გამყრელიძე.

ახალგაზრდა ამირანმა პირველი პაციენტი დამოუკიდებლად მესამე კურსზე გასინჯა – ბოტკინიანი ავადმყოფი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამეცნიერო მუშაობა ალერგოლოგიის კათედრაზე გააგრძელა. შემდეგ მთელი სამეცნიერო გზა განვლო – პროფესორობამდე.

ამირან გამყრელიძე მინისტრობის დროს ცოლთან, მარინა კვეზერელ-კოპაძესა და შვილებთან, ნიკოლოზსა (ნიკუშა) და თამუნიასთან ერთად თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. იმ დროს, როცა ეს ინტერვიუ ჩაიწერა, ქალბატონი მარინა სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიაში სპეციალიზაციის კათედრის დოცენტი გახლდათ, ნიკოლოზი – სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე კურსის სტუდენტი, თამუნია კი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

ოჯახს 1996 წელს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. უფროსი ვაჟი, გიგი, საცოლესთან, დოდო ტუღუშთან ერთად ავარიაში მოყვა და ორივე გარდაიცვალა. იმ თვეში მათი ქორწილი უნდა ყოფილიყო. გამყრელიძეების სასტუმრო ოთახში გეგას და მისი საცოლის უამრავი სურათი ეკიდა კედლებზე. ამ ტკივილიან შემთხვევაზე საუბარი ოჯახის ყველა წევრს უჭირს. როგორც მაშინ “სარკეს” უთხრეს, მინისტრის გულჩათხრობილი ხასიათი და, ერთი შეხედვით, პირქუში გამოხედვა სწორედ ამ უბედურებას უკავშირდება.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც 18 წლის წინ გამოქვეყნდა ჟურნალ ,,სარკეში”.

მარინა კვეზერელი-კოპაძე: ამირანი ბრაზიანი და პირქუში არ არის. მას რბილი, დამთმობი ხასიათი აქვს. ჟანდარმის როლს ოჯახში მე ვასრულებ. მას ცხოვრების დაძაბული რიტმი აქვს, საპასუხისმგებლო საქმე აბარია და ალბათ დაღვრემილ სახეს ეს უქმნის. შვილებიც ეუბნებიან, ტელევიზორიდან მაინც ნუ იბღვირებიო.

ცხოვრების ორი მესამედი ერთად გავატარეთ და ბრაზი არასოდეს შემიმჩნევია. ჩვენ თანაკურსელები ვართ. სამედიცინო ინსტიტუტში სამეცნიერო დარგში კომკავშირის მდივნის მოადგილე ვიყავი. ამირანი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას ედგა სათავეში და მის ხელმძღვანელად ვითვლებოდი.

– თქვენი ხელქვეითი შეგიყვარდათ?

მარინა: მეგობრობამ ტრანსფორმაცია განიცადა და სიყვარულში გადაიზარდა. პირველ რიგში, სწორედ მისი დამთმობი ხასიათი მომეწონა. იმას აღარ მივაქციე ყურადღება, რომ ბოლოს მაინც თავისებურად აკეთებდა ყველაფერს. ჩვენი თაობის ახალგაზრდებს სხვა იდეალები გვქონდა – ხელოვნება, ლიტერატურა უნდა გვცოდნოდა. ეს დოგმა იყო. ამირანი ამ მხრივ გამოირჩეოდა.

– თქვენი შეხვედრებიც ლიტერატურასა და ხელოვნებაზე საუბრით შემოიფარგლებოდა?

მარინა: მთლად ასეც ნუ გაიგებთ. სიყვარული ამიხსნა… ეს მოხდა სოხუმში, ზუსტად 30 წლის წინ. იქ ზამთრის არდადეგებზე ვისვენებდით. ზღვის ნაპირზე ორნი ვისხედით. გარშემო რუსის ბავშვები დარბოდნენ. ეტყობა, სახეზე შეგვატყვეს, რაზეც ვსაუბრობდით და ყიჟინა დაგვცეს – “ტილი, ტილი, ტესტა, ჟენიხ ი ნევესტა!”…

ამირანის ოჯახში 6 თვეს ვცხოვრობდით. შემდეგ ცალკე დავსახლდით. სამეგობროში მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობდით მშობლების გარეშე და ყველა ჩვენთან მოდიოდა.

ვერ ვიტყვი, რომ უთანხმოება არ გვქონია. ახალგაზრდობაში პრემიერას არ ვაცდენდი, მას კი სულ წიგნების კითხვა უნდოდა და ამაზე ხშირად ვკამათობდით.

– წიგნების კითხვის გარდა, თქვენი მეუღლეს კიდევ რით იყო დაკავებული სახლში?

მარინა: თავისი წიგნების დალაგებაც უყვარს, უცხოეთიდან ყოველთვის ჩამოაქვს და თაროებს ახლებურად აწყობს. სანამ მინისტრი გახდებოდა, ჩემი დახმარებაც უყვარდა – რასაც ვავალებდი, აკეთებდა.

ამირანი: სკოლის ასაკში სპორტის სხვადასხვა სახეობით ვიყავი დაკავებული. ბოლოს კალათბურთს შევრჩი. საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გავხდი.

– რა შეიცვალა ოჯახში მას შემდეგ, რაც ბატონი ამირანი მინისტრი გახდა?

მარინა: ჩვენ მიმართ ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა. ხალხი, რომელიც ზოგჯერ არც გვესალმებოდა, ახლა მოკითხვებით გვიკლებს, სამსახურში, მაღაზიაში გვერდით ვინც მიდგება, ვგრძნობ, რომ ჩემ გასაგონად ყველა თავის პრობლემებზე, ტკივილზე საუბრობს. სახლში, სამსახურში მაკითხავენ და დახმარებას მთხოვენ.

თუ ვინმეს, როგორც ექიმი ვჭირდები, უარს როგორ ვეტყვი?! მაგრამ ზოგს სამსახური უნდა, ზოგს – ფული. ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება და ვერაფერს ვაკეთებ.

ხალხის ისეთი შემოსევა მქონდა, ამის გამო ავად გავხდი. მოძღვარს ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი. დამარიგა, თუ დახმარება არ შეგიძლია, ამის თქმა ცოდვა არ არისო.

– მინისტრის მეუღლეზე ამგვარი თავდასხმის მიზეზი ხალხის გაჭირვებაა. ექიმთან მისვლას ბევრი უფულობის გამო ვერ ახერხებს.

მარინა: არაერთი გაჭირვებული ავადმყოფი გამისინჯავს, მიმკურნალია. საავადმყოფში, ჩემს კაბინეტთან, აბრაზე წერია: “კონსულტაცია ფასიანია”. პაციენტმა ქვითარი უნდა წარმოადგინოს, მაგრამ, როცა ის დახეული ფეხსაცმლით შემოდის და გამხდარი, გაუბედურებული ბავშვი მოჰყავს, ქვითრის მოსატანად აღარ ვაგზავნი.

უმცროსმა გამყრელიძეებმა, ნიკუშამ და თამუნიამ, ოჯახის ტრადიციას უღალატეს. ექიმობას არ აპირებენ, რაც მშობლებს ძალიან სწყინთ – მთელ იმედებს ნიკუშაზე ვამყარებდით, მაგრამ არ გაგვიმართლაო.

– ნიკუშა, შენ ხომ სამედიცინო უნივერსიტეტს ამთავრებ, ექიმობას არ აპირებ?

ნიკუშა: ექიმობა არ მინდა, ჯანდაცვის მენეჯმენტი მაინტერესებს. სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიაში კარგა ხანია ვმუშაობ. მამის დამჯერ შვილად ვითვლები, თუმცა მისი ყველა თვისება არ მომწონს.

– რა არ მოგწონს?

ნიკუშა: პირველ რიგში, ის, რომ სახლში არავის გველაპარაკება. შეიძლება ბევრი რამ ჰკითხო, მაგრამ არაფერზე გიპასუხოს, შეიძლება ჩვენთან საუბრის ძალა აღარ რჩება. რაიმე კითხვაზე თავი თუ დაგვიქნია, მადლობას ვამბობთ. მახსოვს, ბავშვობაში გველაპარაკებოდა. ახლა რჩევას ყოველთვის დედას ვეკითხები.

თამუნია: მეც ყველაფერს დედას ვეკითხები. ისე, მე და მამა მეგობრები ვართ და ოჯახში მამიკოს შვილად ვითვლები. ექიმობა არც მე მაინტერესებდა. მამა, მართალია, წყნარია, მაგრამ ხუმრობა ძალიან უყვარს. ბაში-აჩუკის სიმღერის გაგონებაზე, რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყოს, მხიარულდება.

ბავშვობაში ბებიას უნდოდა, ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში ესწავლა. გამოცდაზე ჰკითხეს – რას გვიმღერებ, ყმაწვილოო. ბაში-აჩუკის სიმღერასო, უთქვამს და შემართებით დაუწყია, მაგრამ ისე იმღერა, არ მიიღეს. ბაში-აჩუკის სიყვარული კი დღემდე არ განელებია.

მარინა: ვისაც უნდა, ამირანი კარგ ხასიათზე დააყენოს, ბაში-აჩუკის სიმღერა უნდა უმღეროს. მინისტრად რომ დაამტკიცეს, მეგობრებს შევუთვალე, გუნდი შექმენით, ყოველ დილით ბაში-აჩუკის სიმღერა წაუმღერეთ და კარგი განწყობა ექნება-მეთქი.

– მინისტრი მამის შვილობა რამეში გეხმარებათ?

თამუნია: მამის გამინისტრებას უნივერსიტეტში სესიები დაემთხვა. ასე რომ, ჯერ ლექციებზე არ ვყოფილვარ, არ ვიცი, ვინ როგორ შემხვდება. მეგობრებისთვის კი ისევ ის თამუნია ვარ.

ნიკუშა: ვერ ვიტყვი, რომ ოჯახის წევრთა თანამდებობები საზოგადოების ჩემდამი დამოკიდებულებაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ ვცდილობ, არავინ თქვას, მინისტრ მამას შვილი დებილი ჰყავსო. თუნდაც მარტო ამიტომ არ მივდივარ გამოცდებზე და ჩათვლებზე მოუმზადებელი.

ნელი ვარდიაშვილი, ,,სარკე” N7, 2002 წელი

Related Articles

Back to top button
Close