ნელი ვარდიაშვილის სტატიები

როგორი იყო აღდგომის დღესასწაული მებრძოლ უღმერთოთა ეპოქაში  

,,ბებო ოჯახის ყველა წევრს წითელ ცხვირსახოცებს გვიკერავდა და წითელ პარასკევს, კვერცხებთან ერთად გვჩუქნიდა"

16 აპრილს ქრისტიანული სამყარო უდიდეს დღესასწაულს, ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. ამ დღეს დღესასწაულის დღესასწაულადაც მიიჩნევენ, რადგან სწორედ ქრისტეს აღდგომით მოხდა ცოდვის ტყვეობიდან გათავისუფლება, რითაც აღესრულა აღთქმა საუკუნო სასუფევლის დამკვიდრებისა. აღდგომის ღამეს მართლმადიდებლურ ტაძრებში ლიტურგია იმართება- უფლის ხატს ტაძრიდან გამოაბრძანებენ და ტაძარს ლოცვითა და გალობით სამჯერ გარს შემოუვლიან. შემდეგ ხატი კვლავ ტაძარში შეაქვთ და სადღესასწაულო წირვა-ლოცვა გრძელდება.

მშვიდად მხოლოდ მოხუცები ლოცულობდნენ, რადგან მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ

კომუნისტების პერიოდში აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგია მხოლოდ რამდენიმე ტაძარში ტარდებოდა. უღმერთო კომუნისტი ჩინოვნიკები საეკლესიო პირებსა და მრევლს ლოცვისა და ზიარების საშუალებას არ აძლევდნენ. უშიშროების გადაცმული აგენტები აღდგომის ღამეს ტაძრებთან მორიგეობდნენ და ფოტოთი აფიქსირებდნენ მიმსვლელებს. ყოფილა შემთხვევები, როცა სტუდენტები აღდგომის ღამეს ტაძარში ყოფნისთვის ინსტიტუტიდან გაურიცხავთ. ამ ღამით ტელევიზიაც მთელი დატვირთვით მუშაობდა. ახალგაზრდობა ტაძარში რომ არ წასულიყო, საინტერესო კინოფილმებს უჩვენებდნენ. ასე სურდათ, მათ გულში ღვთის რწმენა მოეკლათ.

იმის მიუხედავად, რომ კვერცხს წითლად ბევრ ოჯახში ღებავდნენ, ბავშვები სკოლაში მის გამოჩენას ერიდებოდნენ. მასწავლებლებს აიძულებდნენ, მოსწავლეთათვის აეხსნათ, რომ შობისა და აღდგომის დღესასწაულები , წითელი კვერცხი, პასკა ცრურწმენა და წარსულის გადმონაშთი იყო.

თბილისელმა გიორგი გიორგაძემ გვიამბო, ბავშვობაში მასწავლებელმა წითელი კვერცხის გამო როგორ დასაჯა:

_ ოჯახის ყველა წევრს ქრისტიანული რწმენა ბებიამ გაგვიღვიძა. მას ოთახში მშობლებისგან დანატოვარი ხატები ეკიდა. ამ ხატებთან დილა-საღამოს ვლოცულობდით. ბებო ამბობდა, რომ ღვთისმშობლის უძველესმა ხატმა, რომელიც ბებიამ აჩუქა, მათ ოჯახში მრავალი სასწაული მოახდინა. ეს ხატი ჩემს ბავშვობაშიც საკმაოდ გაცრეცილი იყო. ბებო თითქმის ბავშვი ყოფილა, ბაბუას ცოლად რომ გაჰყოლია. შვილი წლების განმავლობაში არ უჩნდებოდათ. ამ ხატის სახლში შემობრძანებიდან ერთ კვირაში კი მამაჩემზე დარჩენილა ორსულად. ბაბუა მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ერთხელ ბებოს მისი გარდაცვალების დეპეშა მოსვლია. მუხლებზე დაჩოქილ, თავზარდაცემულ ქალს ხატისთვის შეუთხოვია, რაც აცნობეს სიმართლე არ ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, ასეც მოხდა. ცოტა ხანში ბაბუას წერილი მიუღიათ, კარგად ვარ და ჩემი დარდი ნუ გექნებათო. აღმოჩნდა, რომ კომისარიატში მამის სახელი შეეშალათ და გარდაცვლილი მოსახელე ბაბუას გარე ბიძაშვილი ყოფილა. ხატს ბავშვურად რაღაცეებს მეც ვთხოვდი. კარგად მახსოვს, ერთხელ ძალიან მინდოდა ახალი შარვალი. გავკადნიერდი და ლოცვის შემდეგ ვთხოვე, რა იქნება, მამამ შარვალი რომ მიყიდოს მეთქი. ნატვრა მალევე ამისრულდა და lee -ს ჯინსი მომიტანეს.

    _ აღდგომას როგორ აღნიშნავდით?

_ ბებომ ყველა შეგვაჩვია მარხვის შენახვას, მაგრამ ამას მეგობრებისა და თანაკლასელებისგან ჩუმად ვაკეთებდით. ვიცოდი, ვერ გამიგებდნენ, რადგან უმეტესობას ათეისტი მშობლები ჰყავდა და თავადაც ასე იყვნენ აღზრდილნი. იმის გამო, რომ მასწავლებლებს არ დავენახე და სკოლაში პრობლემები არ შემქმნოდა, წირვა-ლოცვებს საკმაოდ იშვიათად ვესწრებოდი. ძირითადად სახლში ვლოცულობდი.

აღდგომის დღესასწაულისთვის მზადებას ერთი კვირით ადრე ვიწყებდით. ბებოს მიაჩნდა, რომ აღდგომის სამოსში წითელი ფერი აუცილებლად უნდა გაგვერია. ამიტომ ოჯახის ყველა წევრს წითელ ცხვირსახოცებს გვიკერავდა და წითელ პარასკევს, კვერცხებთან ერთად გვჩუქნიდა. ამ დღისთვის პასკებსა და ნიგზიან რულეტებსაც ვაცხობდით. სახლში მთელი კვირა პასკის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. წითელი კვერცხის შეღებვაც რიტუალის დაცვით ხდებოდა. წითელ პარასკევს დიდ ქვაბს დგამდნენ, მასში ენდროსა და ხახვის ფოთლებს ყრიდნენ და როცა კვასკვასა წითელ ფერს მიიღებდა, აცივებდნენ. შემდეგ კვერცხებს აწყობდნენ და ხარშავდნენ. ბავშვებისთვის კვერცხებს ორიგინალურად ღებავდნენ, წითელი ზოლებით. ერთხელ სწორედ ასეთი კვერცხი წავიღე სკოლაში, რის გამოც მთელი პედკოლექტივის გაკიცხვა დავიმსახურე.

მასწავლებელმა სწორედ მაშინ დამინახა, როცა კვერცხს გვერდით მჯდომ გოგონას ვაჩვენებდი და თან ვუხსნიდი, რატომ იყო აუცილებელი ამ დღეს წითელი კვერცხის შეღებვა. წითელი კვერცხით ხელში დირექტორის კაბინეტში შემიყვანეს. მერე ჩემი მშობლებიც დაიბარეს. დირექტორმა მოგვიწოდა, სიბნელიდან გამოვსულიყავით, რომ ცრურწმენებით აღზრდა ისევ ჩვენთვის იყო საზიანო. ეს ამბავი განათლების სამინისტროსაც აცნობეს და მამაჩემის სამსახურსაც. მამა ერთ-ერთ საწარმოში ინჟინრად მუშაობდა, თუმცა პარტიული არ ყოფილა, ამიტომ პირად საქმეში სასტიკ საყვედურს დააჯერეს. დაემუქრნენ, კიდევ თუ შევატყობთ შენი ოჯახის წევრებს  ასეთ მიმართულებებს, სამსახურიდან გაგათავისუფლებთო. ცხადია, შემდგომ უფრო მეტ სიფრთხილეს ვიჩენდით.

აღდგომის ლიტურგიას რამდენჯერმე დავესწარი. თავზე დიდი ქუდი ჩამოვიფხატე, რომ არავის ვეცნე. საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდიოდა, მაგრამ თვალებში ეტყობოდათ, რომ ეშინოდათ, მათი იქ ყოფნა ვინმეს არ გაეგო. მშვიდად მხოლოდ მოხუცები ლოცულობდნენ, რადგან მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ.

 (გაგრძელება იქნება)

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close