ნელი ვარდიაშვილის სტატიები

რატომ ეძახდნენ ანაგელ ახმეტელაშვილებს მინისტერიაანებს

სანდრო ახმეტელის ოჯახის ტრაგიზმით სავსე ისტორია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, გზის პირას, რეპრესიების მსხვერპლი დიდი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის მუზეუმია გახსნილი. ერთსართულიანი შენობის კედლებზე  სანდროს ფოტოებია გამოფენილი. როგორც გვითხრეს, ნივთების დიდი ნაწილი მემორიალური არ არის, რადგან რეჟისორს, დახვრეტის შემდეგ, თითქმის არაფერი დარჩა. სამუზეუმო ექსპონატები მხოლოდ გასული საუკუნის 30-იანი წლების ყოფას ასახავს. მუზეუმში ინახება წერილები, რომლებიც სანდრო ახმეტელთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო ფაქტს ააშკარავებს. ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სანდრო ახმეტელის მუზეუმში. ამჟამად მუზეუმის მენეჯერი ლაურა აკოფაშვილია. რეჟისორის ცხოვრების მნიშვნელოვანი ისტორიების გასაცნობად მათ მივმართეთ.

         სანდრო ახმეტელის ტრაგიკული ოჯახი

ლაურა აკოფაშვილი:

_ სანდროს მამა, ვასილ ახმეტელაშვილი ანაგის თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის დიაკვანი იყო. შემდეგ ვასილი კოღოთოს ეკლესიაში გაამწესეს მღვდლად. სანდრო 6 წლის იქნებოდა, ოჯახმა ქიზიყი რომ დატოვა და საცხოვრებლად თელავში გადავიდა. ანაგაში ყველამ იცის, სად არის ახმეტელაშვილების უბანი. ამჟამად იქ სანდროს ბიძაშვილების შთამომავლები ცხოვრობენ. ვასილ ახმეტელაშვილის ოჯახსაც ამ უბანში ჰქონდა სახლი. ამჟამად მათი ნასახლარის ერთი კედელია შემორჩენილი, თუმცა, ვასილის ოჯახმა, ეს ტერიტორია ანაგის სკოლას სიცოცხლეშივე გადასცა. ამჟამადაც, მათ ნასახლარზე სოფლის საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

სანდრო ცელქი ბავშვი ყოფილა. ანაგაში ცხოვრების დროს ხელში ნაჯახი ჩაურტყამს და მარცხენა ხელის სალოკი თითის ნახევარი მოუკვეთია. ბავშვური სიცელქით გამოწვეული ფიზიკური ნაკლი, თურმე მთელი ცხოვრება სტანჯავდა. პატარა სანდრო ყოველთვის ცდილობდა, მუშტი-კრივში ჩაეთრია თანატოლები. სწორედ ჩხუბის გამო გარიცხეს თელავის გიმნაზიიდან.

სოფელ ანაგაში ახმეტელაშვილების გვარი ნიჭიერებით ისე გამოირჩეოდა, მინისტერაანებსაც ეძახდნენ. ბავშვობიდან სანდრო ყველა ქართულ -ხალხურ საკრავზე უკრავდა, საოცარი სმენა და სიმღერის ნიჭი ჰქონდა, ერთი პერიოდი, ნიკო სულხანიშვილის გუნდშიც მღეროდა. ბევრ პროფესიაში სცადა ბედი – ქიმიური ნაერთები და აეროპლანის მოდელიც კი ჰქონია შექმნილი.

ვასილ ახმეტელაშვილის ოჯახში 5 შვილი გაიზარდა, ყველა ნიჭიერი და პატივსაცემი ადამიანი იყო, მაგრამ თითქმის ყველა რეპრესიებს შეეწირა. დავით ახმეტელი საქართველოს ვეტერინარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პირველი დირექტორი და ამიერკავკასიის ვეტერინარული სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ. იგი 1937 წლის სექტემბერში დახვრიტეს.

პროფესორი ილია ახმეტელი 1935 წელს აირჩიეს პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიის კათედრის გამგედ. სანდროს მიზეზით დაკითხვებზე მასაც იბარებდნენ და 1939 წელს ინსულტით გარდაიცვალა.

მათმა დამ, ეკატერინე ახმეტელმა, ქართველ ქალთაგან პირველმა მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთში. იგი საქართველოში ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დამფუძნებლის, ცნობილი ქირურგის, გრიგოლ მუხაძის მეუღლე გახლდათ. როცა სანდრო ახმეტელი დახვრიტეს, მისი მეუღლე, თამარ წულუკიძე 10 წლით გადასახლებაში გაუშვეს. უდედმამოდ დარჩენილი მათი ვაჟიშვილი, სანდიკ ახმეტელი მამიდასთან იზრდებოდა. იმ პერიოდში, ახმეტელების ოჯახს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს. სანდიკი სკოლის მოსწავლე იყო. დიდი წვალების შემდეგ, ბავშვს ნება დართეს, გადასახლებულ დედასთან ჩასულიყო და მოენახულებინა, მაგრამ ვერ მოასწრო. 16 წლის სანდიკი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, მიმავალ ტრამვაის რომ გამოეკიდა. ახალგაზრდა ტრამვაის ბაქანზე შეხტომას ცდილობდა, მაგრამ სახელურს ხელი ვერ მოსჭიდა და ლიანდაგებში ჩავარდა. ბიჭს ტრამვაიმ გადაუარა და ადგილზე მოკლა.  ტრაგედიის დღეს თურმე თანაკლასელს გაუმხილა საკუთარი დარდი – ერთი სული მაქვს, დედას როდის ვნახავო. Check smoke damage.

  ჩანაწერი რეჟისორის დაკითხვის ოქმიდან

ნიჭიერებით გამორჩეულმა სანდრო ახმეტელმა თელავის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა პეტერბურგში გააგრძელა. პირველი სპექტაკლი სტუდენტობის პერიოდში, 1910 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრის სცენაზე დადგა. მსახიობებიც და მსმენელიც ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილა, სასცენო დეკორაციები რეჟისორს საკუთარი ხელით დაუმზადებია, სასცენო ფორმები კი, სოფლის მკერავ ქალებს შეუკერავთ.

სოფელ მაჩხაანის თეატრის უნიკალური შენობა, მოძრავი სცენით, რომელიც ამჟამადაც არსებობს, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა.  სუმბათაშვილის პიესა ,,ღალატში“, ახმეტელის  მომავალი მეუღლე, ტასო როსტომაშვილიც იღებდა მონაწილეობას. სანდროს შვილიშვილი, მუსიკათმცოდნე  მანანა ახმეტელიც აღნიშნავდა, რომ ტასო ლამაზი ქალი არ იყო, თუმცა   მამამისს, საზოგადო მოღვაწე ივანე როსტომაშვილსა და მის ოჯახს ყველა იცნობდა და აფასებდა. თანაცხოვრების პერიოდში სანდროს და ტასოს ორი ვაჟიშვილი შეეძინათ- შალვა და ჯუანშერი. ჯუანშერი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა, მაგრამ გადარჩა და ამერიკაში ცხოვრობდა. მან სიცოცხლის ბოლო წლები საქართველოში გაატარა და აქვე დაკრძალეს.

ახმეტელის მეორე მეუღლე, ცნობილი მსახიობი, არისტოკრატი თამარ წულიკიძე იყო. სანდროს და თამარს ერთმანეთი შეუყვარდათ და რეჟისორის პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზიც ეს გახდა.

   ნოდარ პაპუაშვილი:

_ ანაგაში, სანდრო ახმეტელის მუზეუმში დგას საწერი მაგიდა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოიტანეს მინსკიდან. სწორედ ამ მაგიდაზე დაიწერა სანდროს მეორე მეუღლის, 30-იანი წლების რუსთაველის თეატრის პრიმადონას, თამარ წულიკიძის ცნობილი წიგნი- ,, მხოლოდ ერთი სიცოცხლე“. წიგნის რედაქტორი ნოდარ გურაბანიძე გახლდათ. როდესაც სანდრო დახვრიტეს და თამარი გადაასახლეს, მათ ქონებას სახელმწიფომ კონფისკაცია გაუკეთა. გადასახლებიდან დაბრუნებულმა თამარმა თავდაპირველად მინსკში დაიდო ბინა და იქ მოღვაწეობდა. მან სიცოცხლის მანძილზე რამდენიმე წიგნი დაწერა. ეს წიგნი კი მემუარული ხასიათისაა. წიგნის გამოსვლამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

    _ რა გახდა ხალხის ვნებათაღელვის მიზეზი?

_ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ როგორც ე.წ. ახმეტელისტები, აგრეთვე მათი მოწინააღმდეგენი. წიგნში კი თამარი პირდაპირ მიუთითებდა, რომ სანდრო ახმეტელი ვასაძემ, ხორავამ და სხვა ცნობილმა პიროვნებებმა გაწირეს. ზუსტად აქვს აღწერილი, ვინ, რატომ და როგორ უპირისპირდებოდა რეჟისორს და შემდეგ, რა მოჰყვა მათ შუღლს. ხმები დადიოდა, რომ წიგნის რედაქტორი, გურაბანიძე საკუთარ კაბინეტში სცემეს. წიგნის მთელი ტირაჟი უცებ გაიყიდა და ხელიდან ხელში გადადიოდა.

  _  ზოგი ამბობს, რომ ახმეტელს საკუთარი კუთხის წარმომადგენლები, ქიზიყელი ცნობილი ადამიანებიც დაუპირისპირდნენო… მუზეუმში შანშიაშვილის დაკითხვების ოქმებიც ინახებაო… რა იცით ამის შესახებ?

_ ისეთი არულობა იყო გასული საუკუნის 30- იან წლებში, გადაჭრით რაიმეს თქმა არ შემიძლია. რუსთაველის თეატრის ერთ-ერთ იუბილეს ვესწრებოდი. ფოიეში გამოფენილი დოკუმენტებიდან ჩემი ყურადღება მიიპყრო პატარა ფურცელმა, რომელიც სიტყვა-სიტყვით გადავწერე: ,, მე და ჩემს მეგობარს, სანდრო ახმეტელს ერთნაირი ჰაერით გვისუნთქია და ერთნაირი მცხუნვარე მზის სხივებით დავმწვარვართ თავისუფალი ქიზიყის ცივგომბორის მთის მთაგრეხილებზე. იქაურმა ბუმბერაზმა ბუნებამ, ალაზნის მუხრანმა და ატეხილი კახეთის ზვრებმა ბავშვობაშივე ჩაგვიქსოვა გრძნობით უტეხობა და ბრძოლის წყურვილი უკეთესი მომავლისათვის. მახსოვს, ამ ოცი წლის წინათ, ჯერ კიდევ სტუდენტებმა, სამგორის ტრიალ მინდორზე ერთმანეთს შევფიცეთ, გვებრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის. ეს ფიცი დღესაც ძალაშია შეტანილი კულტურულ ფრონტზე. უნდა დავიპყროთ თეატრისთვის თვალის მომჭრელი სიმაღლეები, როგორც დაიპყრო თავის დროზე პოეზიაში რუსთაველმა!

ს. შანშიაშვილი, 1934 წ.“

რაც შეეხება მსახიობ ვასო გოძიაშვილს, მან სანდროს ხელმძღვანელობის დროს დატოვა რუსთაველის თეატრი და მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა. როგორც ცნობილია, პატარა დაპირისპირებაც იყო მათ შორის, რის გამოც ვასომ  წერილი-აღსარებაც დაწერა.

,,მე ხშირად ვიგონებ ბატონ სანდროს, გასაკუთრებით მსახიობური დაეჭვების მძიმე წუთებში, როდესაც გინდა, სიმართლე იცოდე შენი ნამუშევრის შესახებ. მაგრამ სამაგიეროდ, როგორ გვიხაროდა, როცა რამეს მოგვიწონებდა. თვითონაც ძალიან უხაროდა, როდესაც ხედავდა, რომ მსახიობმა რაღაც ნამდვილს მიაღწია.

მე მამა არ მახსოვს, მაგრამ იმას, თუ რა არის მამობრივი ზრუნვა, ალერსი, დატუქსვა და მრისხანებაც კი, ბატონი სანდროსგან ვგრძნობდი წლების მანძილზე. ამის გამო მადლობის გრძნობას მე მთელი სიცოცხლე ვატარებ გულში. მადლობელი ვარ იმისათვის, რომ მან მასწავლა თეატრის ანბანი…

ბატონო სანდრო! დღეს მე გულწრფელად ვაცხადებ- ჩემს ცხოვრებაში არ ჩამიდენია არავითარი ცოდვა. არავის წინაშე ცოდვილი არა ვყოფილვარ, მხოლოდ ჩემს სიცოცხლეში ერთხელ, 1930 წელს როდესაც იძულებული ვიყავი დამეტოვებინა შენი თეატრი, ჩავიდინე ცოდვა, რომელიც დღესაც მაწვალებს. მაგრამ რა ვუყოთ- უცხოდ არ გავჭრილვარ, მამაშენთან წავედი ისევ. ის მამაშენი, პაპაჩემი -კოტე მარჯანიშვილია“- წერდა ვასო გოძიაშვილი.

     _ ახმეტელს თეატრალური საზოგადოება და ინტელიგენცია ბერიამ აუჯანყა?

_  ბერიასა და სანდროს დაპირისპირების ხილული მიზეზი სტალინის ფოტოსურათი გახდა.

1930 წელს მოსკოვში, თეატრის საკავშირო ოლიმპიადაზე ახმეტელმა ცნობილი პიესა ,,ლამარა“ წარადგინა. სპექტაკლს სტალინიც დაესწრო და სანდრომ და იოსებმა ფოიეში ერთად გადაიღეს ფოტო-სურათი. თბილისში ჩამოსულმა ახმეტელმა, ეს ფოტო გაადიდებინა და რუსთაველის თეატრის ფოიეში დააკიდებინა. ბერიამ თურმე რამდენჯერმე უთხრა, ფოტო ჩამოხსენიო, მაგრამ ახმეტელმა მისი ნათქვამი არაფრად ჩააგდო.

ბერიას გაგზავნილი კაცი რამდენჯერმე არ შეუშვა რეპეტიციაზე დასასწრებად. დაპირისპირება გააღრმავა ქიაჩელის ქუჩაზე მომხდარმა ფაქტმა. ახმეტელი მეგობრებთან ერთად ვლადიმერ ჯიქიას სახლში იმყოფებოდა. მათი აივანი ბერიას აივანს უყურებდა.  როდესაც ბერია აივანზე გამოსულა, ჯიქიას გადმოუპატიჟებია. ახმეტელს კი  ხმამაღლა შეუგინებია. ასევე, ბაქოში გასტროლების დროს თითქოს ხორავა ნასვამი მისულა სპექტაკლზე. ამის გამო, უკვე თბილისში, ახმეტელმა ხორავა გაათავისუფლა და ბერიას მითითებითაც არ აღადგინა. 1935 წლის სექტემბერში თავად ახმეტელი მოხსნეს. იგი მოსკოვში წავიდა სტალინის სანახავად, მაგრამ ჯუღაშვილთან შეხვედრა ვერ მოახერხა. ეგონა, სტალინი გადაარჩენდა, მაგრამ მოსკოვშივე დააპატიმრეს და თბილისში ჩამოიყვანეს.

სანდრო ახმეტელის მიერ დადგმულ სპექტაკლებში იგრძნობოდა, რა ბობოქარი სულის ადამიანიც იყო. სპექტაკლ შილერის ,,ყაჩაღებში“, ყაჩაღთა ბრბო უპირისპირდებოდა ტირანიას. ცხადია, რეჟისორი ტირანებში საბჭოთა ხელისუფლებას გულისხმობდა. სწორედ ეს ფაქტები დაუდეს საფუძვლად საშინელ ბრალდებას მის წინააღმდეგ. საბჭოთა მთავრობას სანდრო ახმეტელის თეატრში ყოფნა არ უნდოდათ, რადგან  სიმართლის მოყვარულსა და მთქმელს, ვერაფერს უხერხებდნენ. სამწუხაროდ, ის საზოგადოების ჩართულობით მოიცილეს თავიდან. საზოგადოების ცნობად სახეებს აწერინებდნენ, რომ ახმეტელი იყო საბჭოეთის მოწინააღმდეგე და ინგლისის ჯაშუში. როგორც ვიცი, არსებობს სია, ვინც მის გაწირვას მოაწერა ხელი.

დახვრეტის წინ ახმეტელი აწამეს. მას სთხოვდნენ ეღიარებინა უცხოეთთან თანამშრომლობა და ჯაშუშობა. როგორც ამბობენ,  წამების გამო მას ძვლები ჰქონდა დამტვრეული. ახმეტელის დაკითხვის ოქმის პატარა ჩანაწერს გაგაცნობთ:

,,დაკითხვა დაიწყო ღამის 10 საათზე.

კითხვა- თქვენ ბრალი გედებათ, რომ იყავით თბილისის ნაციონალური ჯგუფის ხელმძღვანელი, ეწეოდით აქტიურ, ძირგამომთხრელ მუშაობას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ებრძოდით კომუნისტური პარტიისა და მთავრობის დადგენილებას ,,რუსთაველის თეატრის შესახებ“.

პასუხი- კატეგორიულად უარვყოფ.

კითხვა- კონკრეტულად განმარტეთ, რა საუბარი გქონდათ თქვენი მოხსნის შემდეგ,  მოსკოვში წასვლის წინ, მსახიობებთან.

პასუხი- ჩემი მოსხნის პერიოდში, მოსკოვში წასვლამდე, მსახიობებს ძირითადად ველაპარაკებოდი შემდგომ მუშაობაზე…“

        ,,გატეხილი“ სარკის კურიოზული ისტორია

რეპრესიის მსხვერპლი რეჟისორის ტრაგიზმით სავსე ისტორიის უცნობი თუ ნაცნობი ეპიზოდების თხრობას კურიოზული ფაქტით დავასრულებთ. ამ ამბავს საქართველოს სახალხო არტისტი, გოგუცა კუპრაშვილი იხსენებდა.

_ თეატრში ახლად მიღებული ვიყავი. რეპეტიაზე დანიშნულ დროს გამოვცხადდი და შესვლისთანავე მომესმა სანდრო ახმეტელის საშინელი ყვირილი. ახლოს როგორ გავბედავდი მისვლას. მთელი დასი თავდაღუნული იდგა, ზოგი ხელებს შლიდა, აღშფოთების გამოსახატავად. უცბად თვალი მოვკარი და რას ვხედავ. წინ, შესასვლელში რომ ვეებერთელა სარკეა, სულ ჩალეწილიყო. სანდრო ახმეტელმა ბრძანება გასცა: ყველა დარაჯი და მორიგე, ვინც წუხელის და ამ დილით იყვნენ, ახლავე აქ მომგვარეთო. ნუთუ ისე დაიხოცნენ, ხმა ვერ გაიგონესო. ამ დროს მხატვარმა ირაკლი გამრეკელმა უთხრა, თუ სიტყვას მომცემ, რომ არ დასჯი, გეტყვი, ვინც ჩაიდინაო. ირაკლიმ ერთი გულიანად გადაიხარხარა და უთხრა: სარკე გატეხილი კი არ არის, ეგ მე დავხატე, დღეს ხომ პირველი აპრილიაო. ჩვარი გადაუსვით და ისევ გამთელდებაო.

მართლაც ირაკლის ისე ოსტატურად დაუხატავს, რომ სარკე ყველას გატეხილი ეგონა.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close