პოლიტიკა

რატომ გადაიფიქრა ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ  მმართველი გუნდი კვირის ბოლომდე ჩამოყალიბდება საპრეზიდენტო კანდიდატზე.  მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა თავად არ სურს.

“სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება პოზიცია, რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას შემდეგ, რაც გაიმართება კონსულტაციები, ამის შემდეგ გვექნება კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციით”,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ მის კანდიდატურას, როგორც კობახიძემ განაცხადა, ჯერ გუნდში განხილვა არ ყოფილა რა ფორმით მიიღებს გუნდი არჩევნებში მონაწილეობას.

euronews.ge -ს კი მოაწოდეს ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი არჩევნებში კანდიდატს არ დაასახელებს, თუმცა ირიბად, ის მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, პარლამენტის წევრს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტობის ქართული ოცნების სასურველი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი იქნება. 

რაც შეეხება ივანიშვილს, წყაროს ინფორმაციით, ქართულ ოცნებას თურმე ასეთი გათვლა ჰქონდა: თუ ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტობის კანდიდატად სანდრა რულოვსს დაასახელებდა (ისინი აპირებდნენ მის დასახელებას), ქართული ოცნება, მის საპირწონედ გამოიყვანდა ბიძინა ივანიშვილს და მოიგებდა არჩევნებს. როგორც ვნახეთ, ეს ასე არ მოხდა და ნაციონალებმა ნაკლებადკონკურენტუნარიანი, გიორგი ვაშაძე დაასახელეს. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის ამ პოსტზე კანდიდატად დასახელებაც დღის წესრიგიდან მოიხსნაო.  

 

 

.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close