პოლიტიკა

,,საქართველო არის სასინჯი ქვა…” _ რა მოუწოდა შალვა ნათელაშვილმა სოჭში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე მოუწოდებს სოჭში შეკრებილი მსოფლიო ლიდერებს, გააპროტესტონ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, სხვა შემთხვევაში, საქართველოს მერე სხვა ქვეყანა იქნება იგივე მდგომარეობაში.

,,საქართველო არის სასინჯი ქვა. საქართველოს მერე იქნება სხვა და ეს ,,სხვები“ უკვე დაწყებულია. ვისაც არ გჯერავთ, გაიხედეთ უკრაინაში, სირიაში და სხვაგან“ _ განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი: _ დღეს სოჭში შეკრებილია მსოფლიოს ორმოცდაორი ქვეყნიდან სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები. მინდა მივმართო მათ: ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო! თქვენ იმყოფებით ქალაქში, რომელიც ვლადიმერ ლენინმა მეოცე საუკუნის 20-იან წლებში წაართვა საქართველოს; თქვენ იმყოფებით ქალაქში, საიდანაც რამდენიმე ათეულ კილომეტრში იწყება ვლადინერ პუტინის მიერ ოკუპირებული საქართველო, აფხაზეთის რეგიონი; თქვენ იმყოფებით ტერიტორიაზე, საიდანაც რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს ქართული ქალაქი გაგრა, სადაც 1992 წელს რუსმა ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა ქართველთა მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს. ამოიღეთ ხმა, განაცხადეთ პროტესტი, დაადეთ რუსეთის ფედერაციას სანქციები ოკუპაციასა და გენოციდისთვის, სანამ თქვენ არ მოგადგებათ ხვალ და ზეგ იგივე საფრთხე.

გუშინ, ამერიკის კონგრესმა მიიღო შესანიშნავი რეზოლუცია, რომლითაც დაგმო საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ, მაგრამ კვლავ არაა გათვალისწინებული სანქციები. სანქციების გარეშე ამგვარი რეზოლუციები და განცხადებები შედეგს ვერ მოიტანს. რაც შეეხება ქალაქ სოჩას, სოჭს, ეს არის ქართული ქალაქი, აქ იყო სოჭის ტყეები და ის მეხუთე საუკუნიდან საქართველოა. იქ დღესაც უამრავი ქართული ეკლესიის და ბაზილიკის ნანგრევებია შემორჩენილი. 1894 წელს სოჭში ცხოვრობდა 460 კაცი და აქედან 440 ქართველი იყო. სოჭზე ამ წუთას შეიძლება არ დავაყენოთ პრეტენზია, მაგრამ ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს თავისი ტრაგიკული ისტორია, რომ ის აღარ განმეორდეს უფრო მაღალ მასშტაბებში. როცა დავივიწყებთ სოჭს, ტაო-კლარჯეთს, ჰერეთს შემდგომ ჩვენს მეზობლებს სხვა პრეტენზიები უჩნდებათ. ამიტომ, მუდმივად უნდა გავაგებინოთ მსოფლიოს, საიდან მოვდივართ და რა ტრაგედია გადაგვხდა. სოჭზე რომ ატეხილიყო თავის დროზე ამბავი და არ დაგვივწყებოდა, შეიძლება აფხაზეთის ტრაგედია არ ყოფილიყო. ეს ქალაქი გახდა ჩვენთვის საბედისწერო, რადგან მოსკოვის პოზიცია იმაზე, რომ არ უნდა აშენდეს ანაკლია, რომ საქართველოში არ უნდა გაიხსნას ნატოს ბაზები, ამერიკის ბაზები, ეყრდნობა სწორედ კონცეფციას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ქალაქი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთა რეზიდენციაა და გვეუბნებიან, რომ რუსეთის მეთაურთა რეზიდენციიდან რამდენიმე კილომეტრში ვერ აიტანენ უცხოეთის სამხედრო ბაზებს. ჩვენ ვუცხადებთ მათ, რომ ვერასოდეს ავიტანთ აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას! ადრე, თუ გვიან ეს აუცილებლად დამთავრდება და რაც გვიან დამთავრდება, მით უფრო შერცხვება რუსული სახელმწიფო და რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომ თავისი მეზობელი პატარა ქვეყანა ასე ისტორიულად დაჩაგრა და ის სტუმრები, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწაზე რომ ჩავიდნენ, თუ არ ამოიღებენ ხმას და არ გააპროტესტებენ იმ გენოციდს, ოკუპაციას, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება, იგივე დაემართება კაცობრიობას, რაც დაემარათა მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, როდესაც ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, მათი პრემიერების ხელმოწერით აჩუქეს ადოლფ ჰიტლერს სუდანის ოლქი, ხოლო საბჭოთა მთავრობამ მათთან ერთად დაიპყრო და გაინაწილა პოლონეთი. ამის მერე გაუჩნდა ჰიტლერს მსოფლიოს დაპყრობის ამბიცია, რამაც 70 მლნ ადამიანი შეიწირა. ნუ მიიყვანენ საქმეს აქამდე, ვინაიდან საქართველო არის სასინჯი ქვა. საქართველოს მერე იქნება სხვა და ეს ,,სხვები“ უკვე დაწყებულია. ვისაც არ გჯერავთ, გაიხედეთ უკრაინაში, სირიაში და სხვაგან.

Related Articles

Back to top button
Close