რამდენ მასწავლებელს გაეზრდება სახელფასო დანამატი?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, 2018 წელს, პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლებიდან სახელფასო დანამატი მენტორისა და წამყვანი მასწავლებლის საფეხურზე მყოფ პედაგოგებს გაეზრდებათ.
ამ სტატუსის ქვეშ გაერთიანებულთა რიცხვი კი 225–ს არ აღემატება.
უახლესი სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ზემოაღნიშნული სტატუსის გარდა კიდევ 44 570პრაქტიკოსი და 18 809 უფროსი მასწავლებელია. ახალი მინისტრის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ სწორედ ამ კატეგორიებში მყოფი მასწავლებლები გაანაწყენა.
“ძალიან კარგი მათ რომ უზრდით ხელფას, მაგრამ ჩვენ, პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა რა დავაშავეთ, თქვენ სამართლიანი გონიათ თქვენი საქციელი? ან თქვენი გამოცდები? თქვენ ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ პრაქტიკოსი მასწვლებლები არაფრით ჩამოუვარდებათ თქვენს ეგრეთ წოდებულ უფროს და სხვა მასწავლებელს? ან რა გამოცდებია ეს? რომელ საკითხებსაც საერთოდ ვერ გამოვიყენებთ, იქვე ვტოვებთ გამოცდაზე და ამით გვაფასებთ? ისეთი საკითხები მაინც იყოს, რომელსაც მერე გამოვიყენებთ პრაქტიკაში. რაც შეეხება ხელფასს, ძალიან გთხოვთ, ნუ გვაღიზიანებთ, მე თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ვარ არაფრით არ ჩამოუვარდები სერტიფიცირებულ მასწავლებელს, ამიტომ კეთილი ინებეთ და ხელფასი ყველას მოუმატეთ, ნუ გააბოროტებთ ადამიანებს, ნუ გვაგრძნობინებთ თავს არასრულფასოვნად, კმარა ჩვენი დაჩაგვრა, დროა მოგვხედოთ. ასევე რა დააშავა ტექპერსონალმა, ინფომენეჯერმა, საქმისმწარმოებელმა, მატერიალურ-უზრუნველყოფის კოორდინატორმა, დირექტორის მოადგილემ და დირექტორმა, ასე მიზერული ხელფასი რომ აქვს? პასუხისმგებლობა კი ძალიან დიდი, იზრუნეთ მათზე, იზრუნეთ საერთოდ სკოლებზე, და მოუმატეთ ხელფასი. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად ველდებოდი ახლა თქვენგან ეგრეთ წოდებულ “მეცამეტე” ხელფასს!!!”
“ვაიმე ხალხო სულ დაკარგეთ სინდისი? თითებზე ჩამოსათვლელი გყავთ ასეთი მასწავლებლები და ხელფასს მათ უზრდით? იქნებ ღვაწლმოსილ, მშრომელ პრაქტიკოს მასწავლებლებზეც გეფიქრათ, ერთი თვე უარი თქვით პრემიებზე და ამ კატეგორიას მოუმატეთ ხელფასი. როცა იცი, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა პრაქტიკოსია, უბრალოდ შეურაცხმყოფელია მენტორის ხელფასის მატებაზე საუბარი”.
“დიდი მადლობა” საახალწლო საჩუქრისთვის და ჩვენს ენთუზიაზმზე “ზრუნვისთვის!”
“უდიდესი მიღწევაა 225 ადამიანს უზრდიან ხელფასს”
“ტექპერსონალი ხომ საერთოდ დაივიწყეს. 50–ლარიანი დამლაგებლებითა და 100 ლარიანი ბიბლიოთეკარებით.”
“მაგარია რაა… თუ გაზრდაა ხელფასები ყველა მასწავლებელს უნდა გაეზარდოს! ყველაზე შავ სამუშაოს პრაქტიკოსი მასწავლებლები ასრულებენ… თუ უკვე ახალი მინისტრიც დაგვცინის?
“ყველაზე მეტი ხელფასი მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, არანაკლები დეპუტატებისა, ეს არის მათხოვრული ანაზღაურება…”
“კვლავ ვერ მოიცლიან მასწავლებლები ბავშვებისთვის… კვლავ კრედიტების დაგროვებას დაახარჯავენ დროს და ენერგიას, რადგან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და მაღალი ხელფასი მიიღონ… მოსწავლეებზე კი დაე, კვლავ რეპეტიტორებმა იზრუნონ…”
“ამდენი თანხები ირიცხება განათლების სამინისტროში და სირცხვილია, რომ კატეგორიების მიხედვით ზრდით ხელფასებს, გაზარდეთ საბაზო ხელფასი, რომ პედაგოგმა ღირსეულად იგრძნოს თავი. პრემიებისთვის კარგად იმეტებთ თანხებს და საახალწლოდ ან დედის დღეზე მაინც გაიმეტეთ რამე მართლა საცოდავი პედაგოგებისთვის, დღეს ასე ყველა ტალახს რომ ესვრით დაუმსახურებლად. მშობელი ვერ იცლის თავისი შვილისთვის, თურმე პედაგოგის ბრალია. ბავშვი ქუჩაში იზრდება და ცუდ გზას ადგას –ესეც პედაგოგის ბრალია. გეყოთ, სირცხვილია! არასოდეს არ ყოფილა პედაგოგი დაფასებული ამ ქვეყანაში, ნუ გადაგვაყოლეთ ამ უაზრო სქემას. მოგვეცით მშვიდად მუშაობის საშუალება. ჩვენ პედაგოგები ვართ და არა მკვლევარები, რეჟისორები ან მწერლები”, – ასეთია მასწავლებლების პოზიცია.
სკოლის ტექნიკური პერსონალისა და მასწავლებლის საბაზო ხელფასის გაზრდა 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის.