საზოგადოება

პუტინმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციები სინამდვილეს არ ასახავს

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, კემეროვოში ვიზიტისას შეხვედრა გამართა ადამიანებთან, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებდნენ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას.

დაღუპულებისა და დაშავებულების ახლობლებს პუტინმა განუცხადა, რომ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ყველა პირი დაისჯება.

,,ახლა აქ საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომელიც 100 ადამიანისგან შედგება. მას საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი მეთაურობს. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება”, – აცხადებს პუტინი.

პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მან მოუწოდა, ყურადღება არ მიაქციონ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს. მისი თქმით, ეს მონაცემები სინამდვილე არაა.

დღეს დილიდან კემეროვოში სტიქიური მიტინგი მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან რეალურ ინფორმაციას ითხოვენ იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია დაღუპული სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად. ამის საპასუხოდ, ქალაქის მერმა მათ შესთავაზა, თავად დაათვალიერონ დამწვარი შენობა და მორგი.

ცნობისთვის, კემეროვოში, სავაჭრო ცენტრ “Зимняя вишня”-ში მომხდარ ხანძარს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 11 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ხანძარი ორშაბათს გამთენიისას დაიწყო და დილისთვის ჯერ კიდევ დარჩენილია ხანძრის კერები. დამწვარია 1,5 ათასი კვ. მ. ხანძრის შედეგად ჩამოშლილია ცენტრის ზედა სართულების კონსტრუქცია, კერძოდ, მეოთხე სართულზე არსებული კინოდარბაზი მესამე სართულზეა ჩამოშლილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close