საზოგადოება

,,პრემიერის გინებას მალავთ და რატიანისას აჩვენებთ”_ მწერლები საზმაუს ბოიკოტს უცხადებენ

ქართველი მწერლების, პოეტებისა თუ ლიტერატურათმცოდნეების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებენ. მათი ამ გადაწყვეტილების მიზეზი მაუწყებლის მიერ, პოლიციის მხრიდან, სავარაუდოდ, ნაცემი პოეტის, ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნება გახდა. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.

აი, რას ამბობენ ხელოვანები:

ნენე კვინიკაძე, მწერალი: #ბოიკოტისაზმაუს ღირებულებისაგან დაცლილი, პროგრესის მიზანმიმართულად შემაფერხებელი, ჩვენი გადასახადებით გამოკვებილი ბოროტი ორგანო.

ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე: #ბოიკოტისაზმაუს რასაც თქვენ აკეთებთ, ტელევიზიის ისტორიაში არ უკადრებია არავის სუსლოვის ტელევიზიის ჩათვლით. არა მარტო იმიტომ, რომ პრემიერის გინებას მალავთ და რატიანისას აჩვენებთ, არამედ იმიტომ, რომ ამ კაცს შავრაზმელებს უგდებთ საჯიჯგნად და ამით ცდილობთ პოლიციური ძალადობის და მოქალაქის წამების გადაფარვას და გამართლებას. თქვენ მოძალადე პოლიციელებზე უარესი დამნაშავეები ხართ და ხელები უდანაშაულო მოქალაქეების სისხლში გაქვთ დასვრილი. სინდისზე და ნამუსზე თქვენთან ლაპარაკს და თქვენს შერცხვენას აზრი აღარ აქვს. არც თქვენ დაგავიწყდეთ, რომ, როდესაც თანამდებობიდან წახვალთ, გამარჯობის მთქმელი არ გეყოლებათ.

ლაშა ბუღაძე, მწერალი: მე, როგორც საზოგადოების ერთი რიგითი წევრი, ბოიკოტს ვუცხადებ ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს! ჟურნალისტებისადმი სიმპათიის მიუხედავად, სანამ ეს ანტისაზოგადოებრივი შანტრაპა გააგრძელებს თავის წამქეზებლურ და სიმულაციურ საქმიანობას, როგორც რესპოდენტი ერთმნიშვნელივნად ვწყვეტ ამ ტელევიზიასთან თანამშრომლობას. ასე არ გამოვა, მეგობრებო, ერთი მხრივ პოეტის ლექსებს ციტირებდე და მეორე მხრივ, საჯიჯგნად და საგინებლად სწირავდე ამავე ადამიანს! ბოიკოტი ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს!

პაატა შამუგია, პოეტი: საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ქვეგანყოფილებად. საზოგადოებრივი მაუწყებელი გვერდში დაუდგა უდანაშაულო ადამიანის მწამებელ სადისტ პოლიციელებს და იქცა მათი პროპაგანდისტული, შეთითხნილი ვიდეოს გამავრცელებლად. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში დაბლოკა პრემიერ მინისტრის გინება, მაგრამ დაუყოვნებლივ გაუშვა პოეტის გინება, რითაც სადისტი პოლიციელების სახეზე შერჩენილი ფურთხის ჩამოწმენდას ეცადა. საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს გახდა შიზოგადოებრივი მაუწყებელი. #ბოიკოტისაზმაუს

მაშო სამადაშვილი, ლიტერატურის მენეჯერი: #ბოიკოტისაზმაუს ის რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა არაფერია თუ არა მოქალაქის გაწირვა და მისი უსაფრთხოების გარანტიის ხელყოფა. ქვეყანაში, სადაც პოლიცია სცემს მოქალაქეს, საზოგადოებას კი ძალიან უადვილდება სიძულვილის გამოხატვა, თქვენ გაიმეტეთ ადამიანი საჯარო და დაუნდობელი ანგარიშსწორებისთვის. იმის მაგივრად რომ საზოგადოებრივი თვითშეგნების ასამაღლებლად მუშაობდეთ, თქვენ ზიზღს თესავთ და ამას სწორედ ის ადამიანები მოუღებენ ბოლოს, ვინც ხელფასებს გიხდით!

რატი ამაღლობელი, პოეტი: რამდენიმე წელი ვმუშაობდი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ძალიან მიყვარს ის ხალხი ვისთან ერთადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტს – მაუწყებლის რადიოში; ხმების ისტორია, ტელე სივრცეში, ჩემი წიგნი და სიტყვების თამაში. დღემდე მაქვს და ვიცი, რომ დიდხანს გამყვება ამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ ის, რაც იკადრა მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ზვიად რატიანის ე.წ. ვიდეოს დადებით – აღარ მიტოვებს მორალურ უფლებას რაიმენაირი სახით ვითანამშრომლო ხსენებულ მედიასაშუალებასთან, როგორც რესპონდენტმა, მოწვეულმა სტუმარმა, თუ მაყურებელმა. რადგან მათ გაწირეს უდანაშაულო მოქალაქე, შსს-სთან ერთად უკვე სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაარღვიეს პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტი, შელახეს მისი რეპუტაცია და ღირსება. ასე რომ მოკლედ და კონკრეტულად ჩემგან #ბოიკოტისაზმაუს

გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი: #ბოიკოტისაზმაუს დღეს თქვენ დაამტკიცეთ, რომ საზოგადოებრივი კი არა, ბრბოს ტელევიზია ხართ, „ასავალ-დასავლისა“ და „მარშალპრესისგან“ არ განსხვავდებით. როგორც დღეს 1930-იანი წლების საბჭოთა პრესა განიხილება ადამიანების ფიზიკური და მორალური განადგურების იარაღად, ასევე შევა ზვიად რატიანის დაკავების ვიდეო ჟურნალისტური ზნედაცემულობის ნიმუშად.

გვანცა ჯობავა, გამომცემელი: საზოგადოებას არ გვჭირდება ასეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი! ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ ზვიად რატიანის კადრების გამოქვეყნებით, სადაც არ ჩანს არც მისი დაკავების ამსახველი კადრები, არც ის, როგორ მივიდა იგი ამ ზომამდე, არ ჩანს მისი უმოწყალოდ ცემის კადრები, თქვენი ეს ქმედება, ჯალათობაზე უარესია, თქვენ გაწირეთ უდანაშაულო ადამიანი და საჯიჯგნად მიუგდეთ ისევ თქვენ მიერვე სიცრუეში შეყვანილ საზოგადოებას. ისეთი უგუნურები გგონივართ, რომ ამ დამონტაჟებული კადრებით გინდათ ბრბოდ გვაქციოთ და გვმართოთ. დამნაშავე ხართ ზვიადის და მთელი საზოგადოების წინაშე, არაფერი გაგამართლებთ, საერთოდ არაფერი. სამარცხვინოები ხართ მთელი მენეჯმენტი, ასე ურცხვად რომ მიეყიდეთ ბოროტმოქმედებს, თანამონაწილეები და ახლა უკვე უმთავრესი შემოქმედები გახდით ამ ამბის.

გილოცავთ! ამას ნამდვილად სჭირდებოდა დიდი მოხერხება! სიძულვილსაც დამსახურება უნდა!
#ბოიკოტისაზმაუს

ნინია მაჭარაშვილი, გამომცემელი: მაშინ, როცა სხვა მედიასაშუალებებმა თავი შეიკავეს ზვიად რატიანის ვიდეო ჩანაწერის გავრცელებისგან, ეს გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა – მედიამ, რომელიც ჟურნალისტური სტანდარტებისა და მედია ეთიკის პირველი დამცველი უნდა იყოს. ცხადია, ეს საქციელი არაეთიკურია. შესაბამისად, #ბოიკოტისაზმაუს.

თინა მამულაშვილი, გამომცემელი: ის, თუ როგორ გააშუქა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სიუჟეტი ზვიად რატიანის სასამართლო პროცესის შესახებ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მაუწყებელი სულაც არ არის მოწოდებული იყოს საზოგადოების სამსახურში და ობიექტურად და მრავალმხრივად გააშუქოს მიმდინარე მოვლენები. საზოგადოების დაფინანსებით შექმნილი არხი პირველ რიგში საზოგადოების ინტერესების ამსახველი უნდა იყოს და არა რომელიმე სამინისტროს ან მით უმეტეს, კერძო პირის ინტერესებისა.

მაია ბადრიძე, მთარგნელი: ჩეკისტური მეთოდებით გაწვრთნილი, თავზარდამცემი ქცევებით, სიძულვილის მიზანმიმართული გაღვივებით ცდილობთ იმ დანაშაულის ლეგიტიმაციას, რომელმაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ეს ბადებს ეჭვს, რომ თქვენ შემდგომი მასიური თავდასხმების ლეგიტიმაციის საფუძვლებს ამზადებთ. თქვენ ეს არ უნდა გაგივიდეთ.

ხათუნა ცხადაძე, მწერალი, მთარგმნელი: #ბოიკოტისაზმაუს თქვენ საქართველოს მოქალაქეების წინაშე ხართ ანგარიშვალდებულები!! თქვენც და შსსც საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ცხოვრობთ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დგომას, მათ შანტაჟს და ტერორს არ გაპატიებთ!

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი: გალაკტიონიც სვამდა თურმე და მუდმივად მთავრობას და მწერალთა კავშირს აგინებდა, ვაჟა ფშაველა ცნობილი ჩხუბისთავი იყო, ალქესანდრე ყაზბეგსაც მეტსახელად მოჩხუბარიძეს ეძახდნენ და კლეპტომანიის ბრალდებით ალბათ მუდმივად საპყრობილეში მოუწევდა ყოფნა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იქნებ ჩვენი დიდი პოეტების საქმეები ამოქექოს და საბრალდებო სიუჟეტებად აქციოს? იქ, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი რეაქციულ საინფორმაციო არხად იქცევა, სადაც მიზანი სიმართლის გარკვევა კი არა, აგრესიის გაღვივებაა, სადაც ის საზოგადოების კი არა, კონკრეტული უწყბების სამსახურშია, ვფიქრობ, რომ თავისუფალი სიტყვისთვის, წიგნისთვის თუ შემოქმედებისთვის ადგილი ნაკლებად რჩება. შესაბამისად, ბოიკოტს ვუცხადებ საზოგადოებრივ მაუწყებელს და იმ საინფორმაციო პოლიტიკას, რომელმაც “რატიანის საქმე” შექმნა.

შოთა იათაშვილი: თქვენ ხართ აგრესორები. თქვენ გინდათ საზოგადოება აქციოთ ველურ ბრბოდ, რათა ის ლინჩის წესით გაუწორდეს სისტემის მიერ უკვე ისედაც ნაწამებ ადამიანს. თქვენ ამის მერე კიდევ ბევრი ადამიანის გაწირვა მოგინდებათ. და თქვენ თავს საზოგადოებრივ მაუწყებელს უწოდებთ. დაანებეთ საზოგადოების სახელით ლაპარაკს! და საერთოდ ლაპარაკს დაანებეთ თავი! #ბოიკოტისაზმაუს

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close