საზოგადოება

,,პოლიტბიუროს ერთ-ერთი წევრი ტუალეტში გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა” – ბრეჟნევის პირადი ტრაგედია

  დენინგჰაუსი: “სპეციფიური ცხოვრების წესი, ემოციური დატვირთვა და შიში იმისა, რომ კრემლის ხელმძღვანელობის მრისხანება დაატყდებოდათ თავს, პარტიულ-საბჭოთა ელიტის ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახებოდა. არც ბრეჟნევი იყო გამონაკლისი, რომელმაც თავისი კარიერული აღმასვლა 1930-იან წლებში დაიწყო.”

“ლეონიდ ბრეჟნევის პირადი ტრაგედია “-ამ სათაურით რუსულმა გამოცემა lenta.ru-მ ,  ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერის, ანდრეი სავინის და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, , ვიქტორ დენინგჰაუსის სტატია გამოაქვეყნა, რომელიც სსრკ გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის შესახებ მოგვითხრობს – მის მავნე ჩვევებზე, იმაზე, თუ როგორ შეურყია ჯანმრთელობა პოლიტიკურმა კარიერამ, როგორ არ უნდოდა პენსიაზე გასვლა და ა.შ. ვფიქრობთ, სტატია საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვისაც, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბრეჟნევის ეპოქაში მოუწია ცხოვრება.

დენინგჰაუსი:

და მაინც, ახალგაზრდა ბრეჟნევის ჯანმრთელობის შესახებ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. ცნობილია, რომ 1920-21 წლებში ის ტიფით ავადმყოფობდა, ეწეოდა მძიმე ფიზიკურ შრომას (1931-35 წლებში დნეპროძერჟინსკის ქარხანაში ღუმელთან მუშაობდა).  1935 წელს ჯარში გაიწვიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ჩათვალეს. 5 წელი ომში იყო, დაიჭრა და  კანტუზიაც ჰქონდა. 1951 წელს ინფარქტი მიიღო, თუმცა იმ დროს საკმაოდ ახალგაზრდა იყო. იმ პერიოდში მას  მოლდავეთის კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის პოსტი ეკავა. როცა სკკპ ცეკას მდივანი გახდება, ის კვლავ მიიღებს მიკროინფარქტს და ჰიპერტონული კრიზი დაემართება.

მიუხედავად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნაადრევი პრობლემებისა, ბრეჟნევი თავისი აქტიურობით გამოირჩეოდა. მისი კარიერული წინსვლა სტალინის, შემდეგ კი ხრუშჩოვის პერიოდში იმას ცხადყოფს, რომ ისინი მას მხოლოდ ლოიალობის გამო არ აფასებდნენ, არამედ შრომისმოყვარეობის და მოკლე დროში რთული დავალებების ზედმიწევნით კარგად შესრულების უნარის გამო.

pic_9df1301d1bb8a4f5fd9e27a0c7116524

სავინი: აქ უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ სახელმწიფოს პირველ პირთა ჯანმრთელობა გასაიდუმლოებული იყო და მას  პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამიტომ, ბრეჟნევის ჯანმრთელობაზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენ ძირითადად თვითონ ბრეჟნევის ჩანაწერებს ვეყრდნობით, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლო 40 წლის განმავლობაში აწარმოებდა.

საერთოდ, ბრეჟნევი საკმაოდ პატივმოყვარე ადამიანი, იყო, მაგრამ არა თავის ჩანაწერებში, სადაც ის საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა. ის არ წერდა პუბლიკისთვის, არ ჰყავდა სტენოგრაფისტი, როგორც ჰიტლერს, და მასავით “ისტორიისთვის ” არ ქმნიდა მოგონებებს. გავმეორდები- ის თავის თავთან გულახდილი იყო. ეს დასკვნა მნიშვნელოვანია მისი ჩანაწერების ინტერპრეტაციისთვის. ისინი სანდოა.

-გამოდის, რომ მას შემდეგ, რაც 1937 წელს ბრეჟნევი პარტიულ ელიტაში შევიდა, მან კარიერას თავისი ჯანმრთელობა შესწირა?

დენინგჰაუსი: მისი მეუღლის, ვიქტორია პეტროვნას თქმით, სტალინმა ლეონიდ ილიას ძე თავისი გვარდიიდან სწორედ შრომისუნარიანობის  გამო გამოარჩია. ვიქტორია პეტროვნა ხშირად იხსენებდა მუდმივ ღამის ზარებს იმ პერიოდში, როცა ბრეჟნევი ომის შემდეგ მეტალურგიული კომბინატების აღდგენაზე მუშაობდა. ის ქრონიკულად გამოუძინებელი იყო. თვეობით, წლობით არ შეეძლო განტვირთვა , მუდმივად ნერვული დაძაბულობის ქვეშ იმყოფებოდა.

უფრო მეტიც, ბრეჟნევი იძულებული იყო, თავი ჯანმრთელად მოეჩვენებინა, თუმცა მუშაობის ასეთი ტემპები ორგანიზმისთვის დამანგრეველი იყო. ძილის ნაკლებობას და ნერვიულობას ისიც ემატებოდა, რომ ის ძალიან ბევრს ეწეოდა.

მისი პირადი მდივნის თქმით, ბრეჟნევი მოლდავეთში ქანცგაწყვეტამდე მუშაობდა, სამსახურში დილის 10 საათზე მიდიოდა და ღამის 3-4 საათამდე მუშაობდა. ასეთივე გრაფიკი ჰქონდა ყაზახეთში. ქრონიკული გამოუძინებლობის გამო ხშირად კარგავდა გრძნობას და საავადმყოფოში ხვდებოდა.

ჩვეული სისუსტის გარდა ბრეჟნევი თავის ჩანაწერებში ჯანმრთელობის უცაბედ გაუარესებაზეც წერდა. მაგალითად, აპრილი, 1959 წ. ” ა.ი. -მ საშინლად გამაბრაზა, მქონდა გულის შეტევა, მთელი დღე ცუდად ვიყავი”.

1964 წელს ბრეჟნევი ქვეყნის სათავეში უკვე მთელი რიგი ავადმყობობებითა და მავნე ჩვევებით დამძიმებული მოვიდა: მოწევა, უძილობა, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, თუმცა კრემლში მუშაობის პირველ წლებში ის აქტიურად მუშაობას განაგრძობდა.

pic_5c5047b005db605b65fc0784b8382db9

როცა ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რამდენად იმოქმედა მისმა კარიერამ მის ჯანმრთელობაზე, შეგვიძლია ფიგურალურად ვთქვათ:  ის რომ სოფლის ფოსტალიონი ყოფილიყო,  მეტ ხანს იცოცხლებდა.

სავინი: არქივში, ბრეჟნევის პირად ფონდში პოლიტბიუროს  რამდენიმე დადგენილება ვიპოვეთ. შუამდგომლობა სტალინის სახელზე, რათა ბრეჟნევისთვის ჯანმრთელობის გამო რიგგარეშე შვებულება მიეცათ. ეს ის პერიოდებია, როცა მან ინფარქტი მიიღო.

1953 წელს ის 2-თვიანი შვებულებით გაუშვეს დასასვენებლად, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ პერიოდში მას ჯანმრთელობა უკვე საკმაოდ შერყეული ჰქონდა.

როგორც ცნობილია, სტალინი ღამით მუშაობდა და მთელი ქვეყანა , მთელი ელიტა მასზე იყო აწყობილი. ყველა იჯდა და ელოდა კრემლიდან ზარს. ასევე იჯდა და ელოდა ბრეჟნევიც. ასეთი რეჟიმი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამის დამამტკიცებელი დოკუმენტიც არსებობს. 1947 წელი – ЦК ВКП(б)-ს დადგენილება “პარტიის და მთავრობის ხელმძღვანელი მუშაკების შრომისა და დასვენების რეჟიმის შესახებ” . ვციტირებ: “პატრიისა და მთავრობის ხელმძღვანელ მუშაკთა ჯანმრთელობის ანალიზმა აჩვენა, რომ რიგ თანამდებობის პირებს, ახალგაზრდებსაც კი, აღმოაჩნდათ სერიოზული გულის, სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები. ამის ერთ-ერთი მიზეზი დღისით, ღამით და დღესასწაულის დღეებშიც კი დაძაბული სამუშაო რეჟიმია. ” ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები -ეს “ოქროს ” დაავადებებია, ელიტისთვის დამახასიათებელი.

დენინგჰაუსი: ამისთვის ქვეყანაში შექმნილი იყო სპეც-საავადმყოფოები, რომლებიც ხელმძღვანელ ელიტას ემსახურებოდა. ბრეჟნევსაც, რა თქმა უნდა, ყავდა თავისი პირადი ექიმი, თუმცა ის საკმაოდ ურჩ  პაციენტად  ითვლებოდა.

pic_6723dc70471e4f676bab785ff14dba38

1968 წელს , პრაღის გაზაფხულის დროს, ბრეჟნევს დღე და ღამე არ ეძინა. დიდი რაოდენობით დამამშვიდებელი პრეპარატების მიღებამ ამ დაძაბულ პერიოდში გენ. მდივანზე უარყოფითად იმოქმედა და ჯანმრთელობა კიდევ უფრო შეურყია. 25 აგვისტოს თათბირის დროს ბრეჟნევს დიქცია მოეშალა, თავი სუსტად იგრძნო და იძულებული გახდა, მაგიდაზე გადაწოლილიყო. -გენმდივანმა ყველას თვალწინ ჰიპერტონული კრიზი მიიღო. მივიდნენ ექიმები, თხოვდნენ, წაყოლოდა, მაგრამ უარი განუცხადა და დარჩა.

ამის შემდეგ ბრეჟნევი უკვე ექიმების და სამედიცინო პროცედურების გარეშე აქტიურობას ვეღარ ინარჩუნებდა. ექიმების თქმით, დიდი რაოდენობით საძილე საშუალებებმა დეპრესია და მოდუნება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, 1970 წლამდე პარტიული  ამხანაგებისთვის და  საბჭოეთში მცხოვრები ადამიანებისთვის ის მხნე და ჯანმრთელი იყო. ხშირად, საავადმყოფოდან მიდიოდა კრემლში სხვადასხვა ცერემონიებზე რიტუალებისთვის, ამის შემდეგ კი ისევ უკან, პალატაში ბრუნდებოდა.

1974 წელი ბრეჟნევისთვის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსისთვის დაღმასვლის წლებია. მას სულ უფრო იშვიათად ხედავდნენ კრემლში, ძირითად დროს აგარაკზე ატარებდა. ყველა თათბირს ჩერნენკო ესწრებოდა და ძირითად გადაწყვეტილებებსაც ის იღებდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით სერიოზულ გადაწყვეტილებებს ბრეჟნევი სხვას არავის ანდობდა. ამის ერთ-ერთი მაგალითი ავღანეთია, სადაც მან ყველასგან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება.  მიუხედავად იმისა, რომ მრავალთა აზრით ეს კოლექტიური გადაწყვეტილება იყო, საბოლოო ინსტანცია მაინც ავადმყოფი ბრეჟნევი იყო.

pic_62d7ca65fae030191028ad88ecea56a4

-როგორც ცნობილია, სიცოცხლის ბოლოს მან ფაქტიურად პიროვნების ახალი კულტის აღზევება დაიწყო.

სავინი: სტალინის დროს ბელადის ყოველი გამოსახულება მტკიცდებოდა აპარატის მიერ, გადიოდა ცენზურას. ბრეჟნევის პერიოდში ტელევიზია განვითარდა, ეს კი პროპაგანდის მშვენიერი იარაღია. თუმცა ერთია, როცა ქვეყნის მეთაური ტელევიზიით წარსდგება როგორც დენდი, და სრულიად სხვაა- როცა ყოველი საბჭოთა ოჯახი თვალნათლივ ხედავდა დაბერებულ, უძლურ, ენა დაბმულ ბრეჟნევს. ეს მისი ტრაგედია იყო. ის ამას ვერაფერს უხერხებდა. ის იძულებული იყო დასწრებოდა ყველა ამ სახალხო შეხვედრებს, წაეკითხა მრავალსაათიანი (6 სთ) მოხსენებები . და ამას ყველა ხედავდა. ხედავდნენ, როგორ უშვებდა შეცდომებს და ხვდებოდნენ, რომ ეს მხოლოდ მისი კი არა, მთელი ქვეყნის ტრაგედია იყო.

და რაც მთავარია, ბრეჟნევის შერყეულმა ჯანმრთელობამ, რომლის ტრანსლირებაც ტელევიზიით ხდებოდა, მთელი საბჭოთა ხელისუფლების  დისკრედიტაცია მოახდინა და მოხუცების მთავრობად, გერონტოკრატიად გადააქცია.

დენინგჰაუსი: ცნობილია ასეთი სევდიანი ისტორია: პოლიტბიუროს ერთ-ერთი წევრი ტუალეტში გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. როცა მას დაცვამ მიაკითხა და კარები შეუმტვრია, აღმოჩნდა, რომ მას იქ უბრალოდ ჩაეძინა.

იგივე მედვედევის მონაყოლს გავიხსენებ: “პოლონეთში ჩვენი დელეგაცია მოლაპარაკებებიდან რომ გამოვიდა, მივიხედე და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ტიხონოვი რაღაც უხერხულად, დაშვებული მხრით  ეცემოდა კიბეებზე. დაგორდა და კიბის ქვეშ ისევ გააგრძელა გორაობა, სანამ გრომიკოს ფეხებთან არ მიგორდა. “წავედით, წავედით, არ მიიხედოთ” სწრაფად თქვა ბრეჟნევმა”…  მედვედევის თქმით, თავად გრომიკოც არ იყო უკეთეს ფორმაში. საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი  ერთ-ერთ ცერემონიალზე, როცა ბრეჟნევს მორიგ ოქროს მედალს გადასცემდნენ, გრომიკო ცუდად გახდა და ერთი მხრიდან ანდროპოვმა მიაჭირა მხარი, მეორე მხრიდან ვიღაცამ და ასე ნახევრად გულწასული გაიყვანეს დარბაზიდან.

კლიმენტ ვოროშილოვს მხოლოდ პირდაპი სიარული შეეძლო, გვერდით თუ გაუხვევდა, დაცვას უნდა შემოეტრიალებინა, თორემ  წონასწორობას კარგავდა და ვარდებოდა. ქვეყნის მესამე პირს, კირილენკოს ტვინის ატროფია დაეწყო. კოსიგინი მართალია ძალიან უფრთხილდებოდა ჯანრთელობას, მაგრამ 1976 წელს “ბაიდარკა” გადაუტრიალდა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო კინაღამ დაიხრჩო. მოკლედ, ამათ ფონზე ბრეჟნევი ჯანმრთელი იყო.

პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მას მკვეთრი ხაზი ჰქონდა გავლებული ოჯახსა და სამსახურს შორის. მეუღლე ვიქტორია სახლში ბავშვებს და სახლს უვლიდა. დაცვის წევრების თქმით, მათ საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდათ და არანაირ პარალელურ სიყვარულზე წარმოდგენა არ ჰქონიათ.

11160288_683366705108393_1146613972_n

პირველ რიგში, მარჯვნიდან მეოთხე-ვიქტორია ბრეჟნევა და ქალიშვილი გალინა ბრეჟნევა. ყირიმის აგარაკზე.

 მავნე ჩვევებს რაც შეეხება, თავის დღიურებში როგორ აისახა ეს? რა როლი ეჭირა მის ცხოვრებაში სასმელს?

დენინგჰაუსი: ალკოჰოლს დიდი ადგილი არ ეჭირა მის ცხოვრებაში. მასთან დაახლოებული პირების თქმით, ბრეჟნევს  სმა არ შეეძლო. ტრიუკიც ჰქონდა, მსხვილშუშიანი ჭიქა, რომლითაც შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს იმდენივეს სვამდა, რამდენსაც სხვები. სიგარეტს რაც შეეხება, თავგადაკლული მწეველი იყო, ერთი სიგარეტიდან მეორეს უკიდებდა. ძირითადი მიზეზი მისი ამ მდგომარეობაში ყოფნის სწორედ ასეთი უზომო მოწევა  იყო. პროტეზებიც აღარ უმაგრდებოდა ისე ჰქონდა მოწევისგან ღრძილები გალეული.

სავინი: მის დღიურებში მრავლადაა ჩანაწერი მისი სტომატოლოგთან ვიზიტების შესახებ.  მისი პროტეზები მისი  მტკივნეული თემა იყო. გერმანელებმაც ვერ უშველეს. მას კი როგორ უნდოდა ნორმალურად ელაპარაკა. მზად იყო გერმანელი ექიმები ხელის გულზე ეტარებინა. ერთხელ თავისი ნანადირევიც კი გაუგზავნა გფრ-ში. “თითო ტახი გაუგზავნეთ” გასცა განკარგულება. მართლაც, გაყინეს და გაუგზავნეს .

ექიმებმა დაარწმუნეს, რომ აუცილებელი იყო სიგარეტის რაოდენობის შემცირება, ის მართლა ცდილობდა, მაგრამ ამან აბებზე დამოკიდებული გახადა. აბების გარეშე ვეღარც ძილს ახერხებდა და ვერც დამშვიდებას. მის დღიურებში მრავლადაა შენიღბული ჩანაწერები, რომლებიც სსრკ КГБ-ს უფროსის მოადგილის, ცვიგუნის, ჩერნენკოს, ანდროპოვის და სხვა მასთან დაახლოებული პირების  მიერ მისთვის აბების გადაცემას მოწმობს.

pic_afa0a2eade377069acddf292ee20ada9

ბრეჟნევი  1966წ.

მისი ჩანაწერებიდანაც ჩანს, რომ ამ დამოკიდებულების თავად რცხვენოდა, თუმცა დღიურში რატომღაც სკურპულოზურად იწერდა ყველაფერს. “შევუკვეთე” “მომიტანეს”. ზოგჯერ დოზა არ ყოფნიდა და ყველაფერს ერთად სვამდა. შეკრული წრიდან ვეღარ აღწევდა და ეს უკვე მისი ტრაგედია გახდა. მეუღლის თქმით, სიკვდილის წინაც კი მოითხოვა ეს აბები , რადგან უამისოდ უკვე არსებობა აღარ შეეძლო…

დენინგჰაუსი: ის წარმოშობით დაბალი ფენიდან იყო. იცოდა რა არის მძიმე ცხოვრება. მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, მთელი ცხოვრება ეშინოდა მიღწეული სტატუსის დაკარგვის, ბრწყინვალედ იცოდა ყველა ის პრივილეგია, რაც ხელისუფლების იერარქიას ახლდა და აფასებდა ამას. მთელ შემოსავალს ბოლო კაპიკამდე აკონტროლებდა, რეგულარულად კითხულობდა თავისი ჰონორარების შესახებ, ფულს ბანკში , შემნახველ წიგნაკზე რიცხავდა თავის და მეუღლის სახელზე.

pic_e88905097a621d62f90a0eb8258106fa

ვიქტორია პეტროვნას ხშირად უთქვამს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ღირდა ვთქვათ, პომიდორი ბაზარში. მისგან განსხვავებით ბრეჟნევმა ყველაფერი იცოდა და თავისებურად ზრუნავდა და ფიქრობდა “პატარა ადამიანებზე”.

სავინი: საბჭოთა ადამიანებმა ბრეჟნევის დროს დაიწყეს ჩაცმა, შეიძინეს ბინები, საოჯახო ტექნიკა, პირადი ავტომობილები, დაიწყეს ნორმალურად კვება. ის პირველი იყო საბჭოთა ბელადებს შორის, რომელიც ხალხის თეფშს იმსთვის კი არ უყურებდა, რომ რამე აეღო , არამედ იმისთვის რომ ზედ რამე დაემატებინა. ბრეჟნევი ახორციელებდა “საბჭოთა ადამიანების კეთილდღეობის ზრდის” პოლიტიკას.  როგორ გგონიათ, რატომ აქვს ხალხს ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ? მათ ხომ ლენინის, ან სტალინის პერიოდი არ ენატრებათ, არც ხრუშჩოვის. ეს არის ნოსტალგია ბრეჟნევის ეპოქის. 1970 წლიდან მოყოლებული მის სიკვდილამდე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close