ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

_ ქართული ოცნება“ ცდილობს, შეინარჩუნოს დასავლეთის მხარდაჭერა, რათა განიმტკიცოს ხელისუფლება. ამ სტრატეგიის ღერძია ბოკერიასთვის საგამოძიებო კომისიის დათმობის პრეცედენტი, თორემ „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რამდენად მძიმე პოლიტიკური წარსული აქვს ბოკერიას და რაოდენ დიდი ტრაგი-კომედიაა, როცა მკვლელობის ფაქტს თავად მკვლელი იძიებს. „ქართული ოცნება“, ასევე, ინფორმირებულია ყველა იმ დანაშაულის შესახებ, რაც კონკრეტულად ბოკერიას სახელს უკავშირდება, მაგრამ ვითომ არც არაფერი.
„ქართული ოცნება“ არ ფიქრობს, როგორ აბრაზებს ქართველ ხალხს ფაქტი, როცა მოლაშვილის მწამებელი ბოკერია პარლამენტში იბარებს შინაგან საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, პროკურორებსა და გამომძიებლებს… სწორედ ის ბოკერია, რომელმაც, მაგალითად, სისხლში ჩაახშო ე.წ. ციხი ბუნტი. „ქართული ოცნება“ ორიენტირებულია დასავლეთზე და არა ქართველ ხალხზე. „ქართული ოცნება“ ფიქრობს: თუ დასავლეთი დაინახავს, რომ ბოკერიას ე.წ. ოპოზიციას საპარლამენტო კომისიის შექმნის საშუალება მისცეს, ე.ი. დემოკრატიის მწვერვალზე ვართ.

ეს ერთი ფაქტორია, მაგრამ არსებობს სხვა, გაცილებით სახიფათო ტენდენცია, რისკენაც მიზანმიმართულად მიდის „ქართული ოცნება“- საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ბატონ ბოკერიას პირდაპირი ეთერის რეჟიმში არა მარტო რუსთავი 2-ი, არამედ სახელისუფლებო „იმედი” ( თავის დროზე ბოკერიას მიერ დარბეული) და სხვა არხები აქტიურად აშუქებენ და აპიარებენ. ბოკერია ფიქრობს, რომ ამ პიარის შედეგი მისი ნეგატიური იმიჯის პოზიტიური იმიჯით ცვლა იქნება, ცდება! „ქართული ოცნება“ დასავლეთს უმტკიცებს, რომ აქტიურად თანამშრომლობს ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალასთან, რომელსაც სტატუსი „მთავარი“ თავად ხელისუფლებამ მისცა.

გასკდება ეს საპნის ბუშტი! დასავლეთს, ასევე, არწმუნებენ იმაში, თითქოს საქართველო ხავერდოვნად გადავა ორპარტიული მმართველობის მოდელზე, როცა ხელისუფლებას ხან „ოცნება“ და ხან- ბოკერიას „ევროპული ოცნება“ გაინაწილებს. უტოპიაა, მაგრამ მცდელობა სახეზეა! მოკლედ იმას გეუბნებით, რომ დაწყებულია კოჰაბიტაციის, ანუ ღალატის სრულიად ახალი ფაზა, ახალი სტადია, როცა თითქოსდა დაპირისპირებული „ქართული ოცნება“, (განსაკუთრებით მისი საპარლამენტო ფრთა: კობახიძე- მდინარაძე) და ბოკერიას „ევროპული ოცნება“ კამათობენ, ჩხუბობენ, ერთმანეთს უღრენენ, მაგრამ სინამდვილეში ხელისუფლების გადასანაწილებლად ემზადებიან. ბაქრაძის კანდიდატურაც ამ მიზნის ნაწილია. ამ მიზნის ნაწილია „ქართული ოცნების“ ე.წ
არანამდვილების ჯგუფის განზრახვა, – ოპოზიციას დაუთმონ საპრეზიდენტო არჩევნები. მეგობრებო, დამიჯერეთ, „ქართული ოცნება“ მენტალურად არაა დღეს ის გაერთიანება, რომ ოპოზიციისთვის არა თუ პრეზიდენტის პოსტის, არამედ ერთი სამაჟორიტარო ოლქის დათმობა შეეძლოს. ესაა საკონსტიტუციო უმრავლესობის ფსიქოლოგიით უკვე დაზიანებული გუნდი, რომელსაც არასდროს არაფერი დაუთმია. მეტიც, ბონუსების სისტემას შემოიღებდა, მე და ჩემნაირებს რომ არ გვეომა და ახლა, ვინმე ფიქრობს, რომ ასე ადვილად შეელევიან თუნდაც უუფლებო პრეზიდენტის პოსტს? მე ასე არ ვფიქრობ. კიდევ ვამბობ, მე მრჩება განცდა, რომ „ქართული ოცნების“ ე.წ. არანამდვილების ელიტას პრეზიდენტად ბაქრაძის გატანა აწყობს, ამას პირდაპირ ვერ იტყვიან, მაშინ ქართველი ხალხის რისხვას როგორ გადაუჩებიან?! ამიტომ დაიბადა თეორია, – „ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დააყენოს. ისე, იმ ინკოგნიტო ე.წ. დამოუკიდებელსაც ვურჩევ, კარგად დაფიქრდეს, თორემ , შესაძლოა, დაყენებით კი დააყენონ, მაგრამ რეალურად სულ სხვა კანდიდატზე იმუშაონ. აი, ამ ფონზე, ამ ვითარებაში, ამ უსწორმაწორო ქვეყანაში, სადაც ბოკერიას გონორზეა აგებული სახელმწიფო პოლიტიკა და სამართალი, გეკითხებით: რა გზა რჩება? რჩება ერთი გზა- ჩვენს გონებაში გავფანტოთ ტკბილი ბურუსი, თვალი გავუსწოროთ რეალობას და ყველამ, ვისთვისაც მიუღებელია ბოკერიებისთვის ჩვენი ქვეყნის ჩაბარება, მოვითხოვოთ ჩვენი შვილების მომავლის დაცვა!

ჩვენი ვალია,- ვაჩვენოთ დასავლეთს, რამდენი ათასი ადამიანი ითხოვს ბოკერიას გასამართლებას. თუ ასე არ ვიმოქმედებთ, პირდაპირ გეუბნებით: ალაგ-ალაგ შემორჩენილ ვერხვებზე ჩამოგვკიდებენ ყველას, ვინც სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმს ებრძოდა. სულს ამოგვხდიან კი არა, გაგვატყავებენ და ვისაც ჭკუა აქვს, ამას უნდა ხვდებოდეს, თუნდაც საგამოძიებო კომისიის პირდაპირი ეთერის ანალიზიდან გამომდინარე.

კომენტარები