საზოგადოება

აბასთუმნის ობსერვატორიის მიტაცების სკანდალური სქემა _ ,,პროცესებს ვინც გეგმავს, გათვალა, რაც მოხდებოდა…”

,,ქაოსი და ობსერვატორია

გავიქვავე გული, დავიდუმე ენა და ხმას არ ვიღებ, შორიდან მდუმარედ შევცქერი იმ საშინელებას, რაც ქვეყანაში ხდება და ჯერ კიდევ თითქოს იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად გამოვიღვიძებთ და კოშმარიც დამთავრდება, თუმცა, იმისი შანსიც არსებობს, რომ ამ კოშმარში, ძილშივე გადავიდეთ ჩრდილთა საუფლოში visit.
იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქვეყანას ვიღაც ქაოსით მართავს. ამ ქაოსისკენ ჩვენდაუნებურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით, მივდიოდით და აჰა, მოვედით… უარესი შეუძლებელია. ეს, რასაც მე ქაოსი დავარქვი (ვისაც უნდა, გველეშაპი ან ცხრათავიანი დევი ბაყბაყი შეუძლია იგულისხმოს) ახლა უკვე ყოველდღე ითხოვს მსხვერპლად ულამაზეს ჭაბუკებსა და გოგონებს, ითხოვს, და ღებულობს. არადა, ეს ზღაპრის ბოროტი გმირი კი არა, მეცნიერების დარგია, და მართლა დაახლოებით ასე ჰქვია: ქაოსის თეორია, ან ქაოსით მართვა. რუსეთმა გაუშვა ეს მექანიზმი, ნელ-ნელა დაძრა, ერთ მოვლენას მეორე მოჰყვა, მესამე უფრო მალე დაეწია, მეოთხე, მეხუთე და… მერე, ანუ ახლა, უკვე აგორებულია… მოვლენათა მთელი ჯაჭვები აიკინძა, ერთ დიდ გორგლად იქცა და მთელი ქვეყანა აიხვია…ახლა მთელი საქართველო, ერთ გორგლად შეკრული, მიექანება არ ვიცით, საით, აღარ აქვს მნიშვნელობა, სად, რა წერტილში დახვდება უფსკრული … მიუხედავად იმისა, ამ ჯაჭვის რომელიმე რგოლის შიგნით წესრიგია თუ ქაოსი, ყველა ერთი დიდი ქაოსის შემადგენელი ვართ… ან შემთხვევითობა გადაგვარჩენს, იქნებ ჭკვიანთა ან უგუნურთა გუნდმა გვიშველოს, ან აღარც იყოს საშველი… ვერაფერს იტყვის ჩვეულებრივი გონიერი ადამიანი, მხოლოდ მათ შეიძლება ჰქონდეთ სასურველი შედეგის მოლოდინი, ვინც ეს პროცესები „ამოგვიგორა“ და ნელ-ნელა კორექტირებები შეაქვს, მიმდინარე მოვლენების შესაბამისად.
ობსერვატორიაც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რგოლია, სადაც ყველაფერი დაბალანსებული და დარეგულირებული იყო მთელი 10 თუ 12 წლის მანძილზე, სანამ ჩვენს მახლობლად „ის“ დასახლდებოდა – ვისიც არ ითქმის სახელი. არსება, რომელმაც ლამაზი ხეც კი არ დატოვა ქვეყანაში და ყველაფერი მიიტაცა. ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი – თქვენ გგონიათ, ობსერვატორიას ასე შორიდან დაუწყებს ყურებას?
მიტაცების სქემა ასეთია: ქუტუ-ს (ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი), ანუ ახლანდელი ქსუ-ს (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის) რექტორად ინიშნება ობსერვატორიის ერთ-ერთი ბრწყინვალე მეცნიერი, 2019 წლის სექტემბერში თუ ოქტომბერში. იმავე წლის ნოემბერში ობსერვატორია წაართვეს ილიაუნის და მოგვანიჭეს „ნანი-ნანატრი თავისუფლება“.
დაიწყო ის პროცესები, რაც ერთხელ უკვე გავიარეთ 2006-2007 წლებში, ანუ კონკურსი წესებისა და კანონების ყოველგვარი დარღვევით. რამდენიმე ჩემი კოლეგა მაშინდელ დარღვევებს არ შეურიგდა. ისეთი ქაოსი და ორომტრიალი ატყდა, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა უკან წაიღო თავისი ბრძანება … ყველაფერი დააშოშმინეს იმით, რომ ობსერვატორია სამართავად გადაეცა ილიაუნის. აქ მოკლედ ვიტყვი (ცალკე ვრცელი წერილის დაწერა შეიძლება), რომ ეს თანამშრომლობა ობსერვატორიისთვის ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
პროცესებს ვინც გეგმავს, გათვალა, რაც მოხდებოდა –
ახლაც „ავვარდით“. ახლანდელი ქაოსის, უსამართლობისა და კანონდარღვევების მიზანი არის ის, რომ ობსერვატორია გადაეცეს სამართავად ქსუ-ს ანუ ყოფილ ქუტუ-ს, რომელიც „სახელმწიფო უნივერსიტეტია, მაგრამ უარი აქვს ნათქვამი სახელმწიფო დაფინანსებაზე“ და სრულად ფინანსდება „ქართუ“-ს მიერ. თან დაგვპირდნენ ახალ დიდ ტელესკოპს – თვითონ „ის“ დაგვპირებია, „ვისიც არ ითქმის სახელი“.
ყველაზე მნიშვნელოვანი: იმ თანამშრომელთა ნაწილს, ვისაც ობსერვატორიის ახლანდელი დამოუკიდებლობა გაუხარდა და ეგონა, რომ „ჩინს მისცემდნენ, ტემლაკებსა“, უკვე მოხვდათ ერთი-ორიოდ პანჩური. საბოლოო პანჩურს ყველა ჩვენგანი მიიღებს მაქსიმუმ ერთი, ან ორი კაცის გამოკლებით, თუ ახლა გავჩუმდებით.
ნეტარ არიან მორწმუნენი, ადრონული თერაპიისა და დიდი ტელესკოპის მოლოდინში.
P.S.: ზოგიერთის უგუნურების, ან გამიზნული მოქმედების შედეგსაც ვიმკით ახლა – ESO-სთან ჩვენი გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს ვგულისხმობ!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასტრონომი ნინო ყოჩიაშვილი.

Related Articles

Back to top button
Close