საზოგადოება

საბერძნეთში სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას შეისწავლიან

2017 წლის 2 ნოემბრიდან, საბერძნეთში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სრულფასოვნად ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, სპეციალურად საბერძნეთის საჯარო სკოლებისთვის შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა.

„ქართულ ენას პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. სასწავლო პროცესს წარმართავენ, საელჩოს მეშვეობით გამოცხადებული კონკურსით, განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული მასწავლებლები, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ქ-ნი ხათუნა ლობჟანიძე და ქ-ნი მადონა ჯავახიშვილი. ზემოაღნიშნულ სკოლაში ქართული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩატარდება.

როგორც მოგეხსენებათ, მრავალწლიანი წინააღმდეგობის შემდეგ, 2016 წლის 14 აპრილს საბერძნეთის განათლების სამინისტრომ ოფიციალური თანხმობა განაცხადა ათენის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების დაშვებაზე. ამ მიზნით, საპილოტედ შეირჩა ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლა, სადაც მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში პროგრამა სატესტო რეჟიმში მოქმედებდა.

პროგრამის წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში, განიხილება ქართული ენის სწავლების შემოღების შესაძლებლობა მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის, ასევე საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, პირველ რიგში, ქალაქ თესალონიკის საჯარო სკოლებში“ – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close