პოლიტიკა

“ოპოზიციასთან, შეიძლება ბლოკზე იყოს საუბარი, შეიძლება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით”

ვნახოთ, შეიძლება ბლოკზე იყოს საუბარი, შეიძლება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელსაც საზოგადოებრივმა კითხვით მიმართა – რამდენად მოსალოდნელია, მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების გაერთიანების დაშვება შესთავაზოს.

ვოლსკის განცხადებით, ერთ-ორ კაციანი პარტიებია, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ბლოკში მათი ყოფნა გუნდს შექმნის, სხვანაირად, მათ ამ გუნდის შექმნაზე არ უზრუნიათ იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებას იღებდნენ.

დეპუტატის თქმით, 3 პროცენტიანი ბარიერის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სერიოზული იყო, რაც იმ მიზნით გაკეთდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მუშაობის გაგრძელების საშუალება ჰქონდეთ.

„ჩემი პირადი განწყობაა, რომ სახელმწიფოს სტაბილურობაზე უნდა ვიზრუნოთ, რაც ისაა, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, პარლამენტში ვის ირჩევს და ეს ხალხი საკანონმდებლო ორგანოში იმ დოზით შემოუშვას, რა დოზითაც ისინი მხარდაჭერას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსურ დაფინანსებას იმსახურებენ. რაღაც თემასთან დაკავშირებით კომპრომისი შეიძლება. გუნდის  შიგნით მსჯელობა გვაქვს და ეს პროცესი როგორ დამთავრდება, არ ვიცი. ერთ-ორკაციანი პარტიებია, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ბლოკში მათი ყოფნა გუნდს შექმნის. სხვანაირად, მათ ამ გუნდის შექმნაზე არ უზრუნიათ იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებას იღებდნენ. ამ პარტიებს ერთადერთი შანსი ვინც შეიძლება მისცეს, ამომრჩეველია. ჩვენ მათ ის შანსი მივეცით, რომ ბარიერი 3 პროცენტამდე დავწიეთ. დანარჩენი – მათზეა დამოკიდებული. მათ დრო სატელევიზიო გამოსვლების ძებნაში არ უნდა დაეკარგათ. პარტიას მშენებლობა და გაძლიერება სჭირდება და არა იმის მოთხოვნა, რომ ბლოკების შექმნის საშუალება მოგვეცით, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის ზედმეტ-ნაკლებად ნაცნობი სახეების წარმოდგენა შევძლოთ. ასეთი ნაცნობი სახეები თითოეულ პარტიას უნდა ჩამოეყალიბებინა. ვნახოთ, შეიძლება ბლოკზე იყოს საუბარი, შეიძლება რაღაცა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

 ვოლსკის განცხადებით, ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ 2020 წლისთვის ამ ქვეყანაში კოალიციურ მმართველობა ვერ მოხდება და პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება, თუკი მთავრობის დაკომპლექტების საშუალება არ იქნება. „ვფიქრობთ, რომ თუკი 2024 წლისთვის სახელმწიფომ კოალიციური მმართველობის დოზას ვერ მიაღწია, ამ შემთხვევაში, საქართველოს მომავალი არ უწერია. 2024 წლისთვის ჩვენი კულტურა და თვითმმართველობის დონეც საკმაოდ მაღალი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმე პროგრესზე საუბარი ზედმეტია. წინ შვიდწლიანი პერიოდია. შესაბამისად, მთავრობის შორეული დაგეგმვა სწორი გადაწყვეტილებაა“, – დასძინა ვოლსკიმ.

საზოგადოებრივის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა, ბლოკების გაერთიანება დაშვებული იყოს. პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციური პროექტით, ბლოკების გაერთიანება აღარ მოხდება, თუმცა მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესაძლოა, ბლოკების გაერთიანება შესთავაზოს. ბლოკების გაერთიანება დაშვებული ერთჯერადად 2020 წლისთვის იქნება. პარლამენტს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებული აქვს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება და 3 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება, ხოლო 2024 წელს, პროპორციული სისტემა ამოქმედდება და მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება.

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close