ჭიჭიკო გოლეთიანი, ორგანიზაცია „კახელების“ დამფუძნებელი:
_ ნუ ვიქნებით მეგობრებო მიამიტები, ნუ დაიჯერებთ, რომ სურსათის სააგენტოს ვინმეს ჯანმრთელობა ადარდებს. ხდება მარტივად ბიზნეს ინტერესების გადანაწილება. ხსენებული სააგენტო სახელმწიფოს ავტორიზებული ვეტ ლაბორატორიის დასკვნას არ აღიარებს და ითხოვს ცხვრის ხორცზე ფორმა 2-ს. ანუ სხვა მისამართს გთავაზობს. ფორმა ორს ცხვარზე არ იძლეოდა აქამდე არავინ მარნეულისა და თელეთის ცხოველების სასაკლაოს გარდა. მათ კი აქვთ გადატვირთვა ახლო აღმოსავლეთში საექსპორტო ხორცზე – დღეში იკვლება 4000 სული, რომელსაც ესწრება რელიგიური წარმომადგენელი, რათა ხორცი ჩაითვალოს “ჰალალ”-ად. ამიტომ, ბუნებრივია, რესტორნის 2-3 ცხვრის დასაკლავად მათ არ სცალიათ. ამ დღეებში დაკვლა ცხვრის გაძვირდება და ეღირება 30 ლარი, ქათმის 3 ლარი…
მიზანმიმართულად უბიძგებს რესტორატორებს გაყინული, იმპორტული ხორცის შეძენისკენ. ამით მოკვდება ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი სოფლის მეურნეობა.
ეგ არის და ეგ…
P.s
მე მივესალმები შემოწმებას და სახელმწიფროებრივ მიდგომას. არ მივესალმები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბიზნეს ადრესების ეგრე მარტივად გადანაწილებას ერთი ჯიბიდან მეორეში და თან გაძვირებული სერვისით…
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის რესტორნებში არსებული მდგომარეობა გააკონტროლა და განაცხადა, რომ რამდენიმე რესტორანში დარღვევები აღმოჩნდა. ზოგი დააჯარიმა, ზოგსაც საქმიანობა დროებით შეუჩერა. დაჯარიმებულთა სიაში აღმოჩნდა რესტორანი ,,კახელები”-ც.
ორგანიზაცია ,,კახელების დამფუძნებელმა, ჭიჭიკო გოლეთიანმა მაშინვე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არ ეთანხმებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზაციის დაჯარიმებას.
გოლეთიანმა განმარტა, რომ „კახელების“ კუთვნილებაში არსებულ ობიექტებზე ყველა ნორმა დაცულია. რაც შეეხება დაჯარიმების ფაქტს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებს ცხვრის ხორცის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ეს არის სახელის გატეხვის მცდელობა და ბიზნესისთვის ხელის შეშლა. არანაირი შემოწმების წინააღმდეგი არ ვართ, როცა უნდათ მაშინ შეგვამოწმონ გაფრთხილების გარეშე და თუ რამე დარღვევაა თქვან, თუ არ არის დარღვევა ესეც უნდა ითქვას.
ლაბორატორიის მიერ გაცემული საბუთი რაც წარვადგინეთ, რომელიც აქამდე მოქმედებდა, თურმე ახლა აღარ მოქმედებს და ამას არ იღებს სურსათის ეროვნული სააგენტო. თუ მთელი თბილისი ამ ავტორიზებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ცნობით ყიდულობს ხორცს, რატომ აქვთ რესტორნებს შეზღუდვა და რატომ არ არის ეს ჩვენთვის საკმარისი.
ცნობას, ფორმა 2-ს რის უქონლობის გამოც დაგვაჯარიმეს, გასცემს ცხოველების სასაკლაო, თუმცა ორი ძირითადი სასაკლაო, თელეთსა და მარნეულში, ისეთი გადატვირთულია საექსპორტო ხორცზე მუშაობის გამო, რომ რესტორნებს ვერ ემსახურება.
თუ ამ ცნობას გვთხოვენ, მაშინ სახელმწიფომ შესაბამისი პირობები შეგვიქმნას იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ამ ბიზნესში ვართ, უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რათა შევძლოთ მისვლა და ხელშეკრულების გაფორმება“, – განაცხადა ჭიჭიკო გოლეთიანმა.
„კახელების“ დამფუძნებელმა ხორცზე, რომელსაც შემოწმება ჩაუტარდა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, რათა დაადასტუროს, რომ ის ჯანმრთელობისთვის საშიში არ ყოფილა და ყველა ნორმის დაცვით ხდებოდა მისი რეალიზაცია.
გარდა ამისა, ჭიჭიკო გოლეთიანმა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოუწოდა, გაასაჯაროოს ყველა რესტორნის შემოწმების ამსახველი ვიდეომასალა, რათა საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდეს, რა ვითარებაა თითოეულ იმ რესტორანში, რომელსაც შემოწმება ჩაუტარდა.